მარიამ ვეკუა
(10.11.2025)

გაუქმებული რეისები და გადადებული ფრენები - აშშ-ს მთავრობის 40-დღიანმა „შათდაუნმა" ავიაციის პარალიზება გამოიწვია ავიაკომპანიები სენატისგან დროულ კონსესუსს და შათდაუნის დასრულებას ითხოვენ. გარდა ამისა, როგორც სხვადასხვა დასავლური გამოცემა წერს, დახურული მთავრობის გამო უკრაინის მხარდასაჭერად შეძენილი ამერიკული იარაღის გადაცემაც შეჩერებულია.

„კვირას ასობით ათასი მოგზაურის ფრენა გადაიდო ან გაუქმდა, ეს აშშ-ის მთავრობის დახურვის დღის დაწყებიდან ყველაზე ცუდი დღეა" - წერენ გავლენიანი დასავლური გამოცემები.

„როიტერსის" ინფორმაციაზე დაყრდნობით, აშშ-ში, კვირას ავიაკომპანიებმა 2800-ზე მეტი რეისი გააუქმეს და 10200-ზე მეტი გადადეს, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მთავრობის მიერ საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახურის პერსონალის დეფიციტი გაიზარდა.

გარდა ამისა, მთავრობის საქმიანობის რეკორდულმა 40-დღიანმა დახურვამ საჰაერო მოძრაობის კონტროლერების დეფიციტი გამოიწვია, რომლებსაც, სხვა ფედერალური თანამშრომლების მსგავსად, კვირების განმავლობაში ხელფასი არ აუღიათ.

„მხოლოდ უარესდება... მადლიერების დღემდე ორი კვირით ადრე, საჰაერო მიმოსვლა ნელ-ნელა შემცირდება", - განაცხადა აშშ-ს სატრანსპორტო სამსახურის მდივანმა შონ დაფიმ CNN-ის გადაცემაში, როცა „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ" საუბრობდა.

ცნობისთვის, მადლიერების დღის წინა პერიოდში აშშ-ში მილიონობით ადამიანი მოგზაურობს. ეს მასშტაბური დღესასწაული წელს აშშ-ში 27 ნოემბერს აღინიშნება.

„ბევრ მათგანს თვითმფრინავში ასვლა არ შეეძლება, რადგან ამდენი რეისი ვერ განხორციელდება", - თქვა დაფიმ.

თუმცა, საინტერესო დეტლია, რომ კვირას გვიან ღამით აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მთავრობის დახურვის- ე. წ „შათდაუნის" დასრულებას ითვალისწინებს.

თუმცა, თუ სენატი საბოლოოდ მიიღებს კანონპროექტს, პაკეტი მაინც უნდა დაამტკიცოს წარმომადგენელთა პალატამ და გაუგზავნოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად, რაც შეიძლება რამდენიმე დღეს გაგრძელდეს.

ამერიკულმა ავიახაზებმა სენატს კანონპროექტის სწრაფი დამტკიცება მოსთხოვეს.

შეგახსენებთ, ფედერალურმა ავიაციის ადმინისტრაციამ ავიაკომპანიებს დაავალა, 40 მსხვილ აეროპორტში ყოველდღიური რეისები პარასკევიდან 4%-ით შეემცირებინათ, საჰაერო მოძრაობის კონტროლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გამო. ფრენების შემცირებამ სამშაბათს 6%-ს უნდა მიაღწიოს, 14 ნოემბრისთვის კი - 10%-ს.

„ამერიკული იარაღის გადაცემა შეჩერებულია"

საინტერესოა, რომ აშშ-ში „შათდაუნის" გამო, ნატო-ს მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად შეძენილი ამერიკული იარაღის გადაცემა შეჩერებულია, - ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ში მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო, ნატო-ს მოკავშირეებისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იარაღის ექსპორტი დროებით გაჩერებულია.

„ეს ზიანს აყენებს როგორც ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, ასევე აშშ-ის ინდუსტრიას", - განუცხადა გამოცემას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

Axios-ის ცნობით, „შათდაუნმა" დანიისთვის, ხორვატიისთვის და პოლონეთისთვის AMRAAM-ის ტიპის რაკეტების, Aegis-ის საბრძოლო სისტემებისა და HIMARS-ების გადაცემაზე გავლენა მოახდინა.

დაასრულებს თუ არა ახალი კანონპროექტი" შათდაუნს"

აშშ-ის სენატმა მიიღო დაფინანსების კომპრომისული გეგმა, რომელიც აშშ-ის მთავრობის ხელახლა გახსნის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს.

CNN-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, სენატმა 60 ხმით 40-ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება მთავრობის ხელახლა გახსნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯის შესახებ.

კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც სენატის რვა „დემოკრატმა" წევრმა „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებთან და თეთრ სახლთან შეთანხმებას მიაღწია.

შეგახსენებთ, მთავრობის დახურვასთან დაკავშირებულ უთანხმოებაში „დემოკრატებისთვის" მთავარი დაბრკოლება მილიონობით ამერიკელისთვის ჯანდაცვის შეღავათების გახანგრძლივების უზრუნველყოფა იყო.

მოლაპარაკებული შეთანხმების ფარგლებში, სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჯონ ტუნი „დემოკრატებს" დაჰპირდა, რომ დეკემბრის მეორე კვირამდე ჯანდაცვის აღნიშნული შეღავათების გახანგრძლივების საკითხზე კენჭისყრას ჩაატარებს.

CNN-ი წერს, რომ მთავრობის ხელახლა გახსნამდე კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ნებისმიერ სენატორს შეუძლია პაკეტის განხილვა რამდენიმე დღით გადადოს, გარდა ამისა, წარმომადგენელთა პალატას მოუწევს დაბრუნდეს და დაამტკიცოს სენატში მიღწეული შეთანხმება, სანამ ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება.

ცნობისთვის, აშშ-ში ე.წ. "შათდაუნი" 40 დღეა გრძელდება და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ "შათდაუნად" იქცა.ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი, რომელიც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების ნაწილის მუშაობის შეჩერებას ნიშნავს, 1-ელი ოქტომბრიდან გამოცხადდა. მიზეზი „დემოკრატებსა" და „რესპუბლიკელებს" შორის ბიუჯეტის ახალ პროექტში ჯანდაცვის ხარჯებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა გახდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე