
სომხეთის სამოციქულო ეკლესიასა და მთავრობას შორის დაპირისპირება თანდათან იძაბება და სავარაუდოდ, ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნების პერიოდებში კულმინაციას მიაღწევს. მუნიციპალური არჩევნების წინ დააკავეს კათოლიკოს გარეგინ II-ის ძმა და ძმისშვილი, მათზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაში სდებენ ბრალს, რასაც თავად უარყოფენ.
ვითარება რომ უკიდურესად გამწვავებისკენ მიდის, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი და ხელისუფლების წარმომადგენლები დემონტსრაციულად არ დადიან გარეგინ II-ის საკვირაო ლიტურგიაზე. ისინი ეკლესიიდან განკვეთილი მღვდლის სტეფან ასატრიანის ლიტურგიას ესწრებიან ოვანავანკის მონასტერში. ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სამოციქულო ეკლესიის ხელმძღვანელობის შეცვლა საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა მოხდეს.
3 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ფაშინიანმა მიიღო გადაწყვეტილება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმების" პროპორციული სიით, რომელიც 2026 წლის 7 ივნისს გაიმართება.
რაც შეეხება ბოლო დაკავებას, ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის ძმა, გევორგ ნერსისიანი და მისი ძმისშვილი, ჰამბარძუმ ნერსისიანი, ხულიგნობისა და საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს. მისი თქმით, „რესპუბლიკური" პარტიის კანდიდატმა, ჰარუთუნ მკრტჩიანმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ გევორგ ნერსისიანმა და მისმა ვაჟებმა 1-ლ ნოემბერს საარჩევნო კამპანიას ხელი შეუშალეს და პარალელურად მან საჩივარიც შეიტანა სასამართლოში მამა-შვილის წინააღმდეგ.
აქვე აღსანიშნავია, რომ არმავირის პროვინციაში ვაღარშაპატის თემში ადგილობრივი არჩევნები 16 ნოემბერს არის დაგეგმილი.
„დღეს საგამოძიებო ორგანომ გადაწყვიტა, რომ 68 წლის გევორგ ნერსისიანისა და მისი ვაჟისთვის, ჰამბარძუმ ნერსისიანისთვის წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. ნერსისიანებს ბრალად ედებათ ხულიგნობა და საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა", - დაწერა ზოჰრაბიანმა სოციალურ ქსელში.
ორი პირის წინააღმდეგ საქმე სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 211-ე მუხლით აღიძრა. რაც გულისხმობს ვიღაცის იძულებას, აწარმოოს ან შეაჩეროს საარჩევნო კამპანია, ან სხვა გზით ხელი შეუშალოს ამგვარ საქმიანობას. დაკავებულები სომხეთის სასამართლომ ერთი თვით წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ჰარუთუნ მკრტიჩიანის ბრალდებას უარყოფენ სომხეთის კათოლიკოსის ძმა და ძმისშვილი. მათი ადვოკატის შეფასებით, მამა-შვილს საარჩევნო კამპანიაში ხელი არ შეუშიათ, მათ „უბრალოდ უარი თქვეს პარტიის საარჩევნო შეხვედრაში მონაწილეობაზე. არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა, რასაც კამერების ჩანაწერებიც ადასტურებს".
სომხეთში ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა მკვეთრად მას შემდეგ გაუარესდა, რაც პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა მაისის ბოლოს „ფეისბუქზე" დაპოსტა, რომ მაღალი რანგის სასულიერო პირებმა დაარღვიეს ცელიბატის (დაუქორწინებლობის) აღთქმა და ეკლესია უნდა დატოვონ და თუ მათ შორის აღმოჩნდება, რომ გარეგინ II-ეს შვილი ჰყავს, „ის ვერ იქნება ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი".
მოგვიანებით მან საზოგადოებას შესთავაზა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის არჩევის პროცედურის შეცვლა, სადაც ხელისუფლებას გადამწყვეტი როლი ექნება. მთავრობის მეთაურმა გარეგინ II-ის გადადგომაც მოითხოვა.
ოქტომბერში ფაშინიანმა განაცხადა, რომ არსებობს მორალური და სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესიას ჩამოართვას ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე რამდენიმე ტაძარი და მონასტერი, რომლებიც მას მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა. ფაშინიანი მიიჩნევს, რომ იქ სულიერი ცხოვრება არ არსებობს და რომ ისინი, სავარაუდოდ, ინტრიგებისა და სხვადასხვა შეთქმულების ადგილია. მისივე თქმით, ძეგლები საზოგადოებას დაუბრუნდება.
სომხეთის პრემიერის თქმით, ასევე არსებობს ეჭვი, რომ კათოლიკოსის გარეგინ II-ის ძმა, მთავარეპისკოპოსი ეზრასი, რომელიც სომხური სამოციქულო ეკლესიის რუსეთისა და ახალი ნახჭევანის ეპარქიას ხელმძღვანელობს, „კაგებე"-ს აგენტია.
ოქტომბერში სომხეთის უსაფრთხოების სამსახურებმა ეკლესიის რამდენიმე ეპარქია გაჩხრიკეს და ათზე მეტი სასულიერო პირი დააკავეს, მათ შორის ეპისკოპოსი მკრტიჩ პროშიანი, რომელიც კათალიკოსის ბიძაშვილია. დაკავებულებს ქვეყანაში არეულობის წახალისება ედებათ ბრალად. სასულიერი პირების ნაწილმა და ოპოზიციამ ეს ნაბიჯი ეკლესიის შევიწროვებად შეაფასა.
სომხეთის ოპოზიციამ კათოლიკოსს მხარდაჭერა მაისშივე გამოუცხა და გამოსვლები დაიწყო, რასაც დაკავებები მოჰყვა. 18 ივნისს ეკლესიასთან დაახლოებული ბიზნესმენი „ტაშირ ჯგუფის" ხელმძღვანელი სამველ კარაპეტიანი დააკავეს, მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს და აგვისტოში გასდიოდა ვადა, თუმცა სომხეთის ანტიკორუფციულმა სასამართლომ კიდევ ორი თვით გაახანგრძლივა დაპატიმრებული ბიზნესმენის წინასწარი პატიმრობა. 13 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კარაპეტიანი პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს.
ასევე ივნისში დააკავეს სომხური სამოციქულო ეკლესიის არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ის ხელმძღვანელობდა საპროტესტო გამოსვლებს, რომლებზეც 2024 წელს ფაშინიანის გადადგომას მოითხოვდნენ.
ივნისის ბოლოს ერევანში დააკავეს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის შიქაკის ეპარქიის წინამძღვარი, მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაპახიანი. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელსაც ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ მოწოდებაში სდებენ ბრალს. თავად აჯაპახიანმა ბრალდებებს შეთითხნილი უწოდა.
აჯაპახიანის დაპატიმრებამდე, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ეჩმიაძინში, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის რეზიდენციაში მივიდნენ მთავარეპისკოპოსის დასაკავებლად, სადაც მრევლმა და სასულიერო პირებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



