
ნიუ-იორკის ამომრჩევლები სამშაბათს ქალაქის ახალ მერს აირჩევენ, სადაც ბრძოლა ახალგაზრდა დემოკრატ ზოჰრან მამდანის, ნიუ იორკის ყოფილ გუბერნატორ და ასევე დემოკრატ ენდრიუ კუომოსა და რესპუბლიკელ კერტის სლივას შორის მიმდინარეობს. ნიუ-იორკის მერის არჩევნებს ყოველთვის ყურადღებით აკვირდებიან, რადგან ამ ქალაქის ლიდერების გადაწყვეტილებები ხშირად გავლენას ახდენს ეროვნულ პოლიტიკურ დისკურსზე.
სწორედ ამიტომ, შტატის ახალბედა კანონმდებელ, 34 წლის ზოჰრან მამდანისა და დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით კენჭისყრაში მონაწილე შტატის ყოფილი დემოკრატი გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს შორის ბრძოლას დიდი ყურადღებით აკვირდებიან.
კუომო დამოუკიდებელ კანდიდატად მოანწილეობს, რადგანაც ის დემოკრატიული პარტიის შიდა პრაიმერისის დროს მამდანისთან დამარცხდა.
გარდა ამისა, არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატია კერტის სლაივა, რომელსაც, ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს.
ნიუ იორკის მერი ირჩევა ნოემბრის დასაწყისში, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წლის შემდეგ წელს და თანამდებობას მომდევნო წლის დასაწყისში იკავებს. არჩევნები ერთ ტურად იმართება და იმარჯვებს ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.
ვის აქვს ტრამპის მხარდაჭერა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ იორკის მერის არჩევნებში მხარდაჭერა დამოუკიდებელ კანდიდატ ენდრიუ კუომოს გამოუცხადა და აღნიშნა, რომ თუ გამარჯვებული დემოკრატი ზოჰრან მამდანი გახდება, მაშინ ის ნიუ იორკისთვის ფედერალურ დაფინანსებას შეამცირებს.
„მოგწონს თუ არა ისეთი პერსონა, როგორიც ენდრიუ კუომოა, არჩევანი რეალურად მაინც არ გაქვს. მხარი კუომოს უნდა დაუჭირო და იმედი იქონიო, რომ ის ფანტასტიკურ სამუშაოს შეასრულებს. მას ეს ძალუძს, მამდანის - არა.
„თუ კომუნისტი კანდიდატი ზოჰრან მამდანი ნიუ იორკის მერის არჩევნებში გაიმარჯვებს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მე ფედერალურ დაფინანსებას გამოვუყოფ ჩემს საყვარელ მშობლიურ ქალაქს, გარდა მინიმალური საჭიროებებისა", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ ტრამპმა, რომელიც ასევე რესპუბლიკელია, მხარდამჭერებს მოუწოდა არ მისცენ ხმა რესპუბლიკელ კანდიდატს: „კურტის სლივასთვის მიცემული ხმა მამდანისთვის მიცემული ხმაა".
პრეზიდენტის განცხადებას თავად ზოჰრან მამდანიც გამოეხმაურა.
„ტრამპს და კუომოს ერთი და იგივე დონორები ჰყავთ, ისინი იზიარებენ ვიწრო ხედვას და იზიარებენ დაუსჯელობის შეგრძნებას", - განაცხადა მამდანიმ.
„როიტერის" ცნობით, აშშ-ის ფედერალური მთავრობამ 2026 წელს ნიუ იორკს 7,4 მილიარდი დოლარი უნდა გამოუყოს, რაც ქალაქის ბიუჯეტის 6,4%-ს შეადგენს.
ვინ ლიდერობს
ბოლო გამოკითხვებით, რომელსაც „ნიო იორკ თაიმსი" აქვეყნებს, სწორედ წარმოშობით უგანდელი, 34 წლის მამდანი ლიდერობს. მეორე ადგილს იკავებს კუომო, ხოლო ბოლო ადგილზეა რესბუბლიკელი სლივა.
მამდანი საკუთარ თავს „სოციალისტს" უწოდებს. გამარჯვების შემთხვევაში, ის გახდება ქალაქის პირველი მუსლიმი მერი.
ორშაბათს მამდანიმ თავის მთავარ კონკურენტს - ნიუ-იორკის შტატის ყოფილ გუბერნატორს, 67 წლის კუომოს ტრამპის მარიონეტი და თუთიყუში უწოდა.
კუომომ საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მერობის ერთადერთი კანდიდატია, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობისთვის საკმარისი გამოცდილება აქვს,
ის ნიუ-იორკის გუბერნატორი იყო „კოვიდ-19"-ის პანდემიის დროს და ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ მოხუცებულთა თავშესაფრებში კოვიდის დროს სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირებული იყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



