
ქონების გადასახადის მოსახლეობისთვის დაკისრებას იმ ფორმით, რასაც კანონმდებლობა გვთავაზობს აუდიტორთა დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. 40 000-ლარიანი ზღვარი სპეციალისტებს საკანონმდებლო ხარვეზად მიაჩნიათ და მთავრობას გადასახადთან დაკავშირებული პირობების შეცვლისკენ მოუწოდებენ. საერთოდ, ამ საკითხის დაყენება საქართველოსთვის არარელევანტურად მიიჩნევა და ფიქრობენ, რომ შემოსაღებია მოდელი, რომელიც საქართველოსთან უფრო ახლოსაა. ამასთან, აუცილებელია დივერსიფიცირება სოციალურ ფენებს შორის, რათა მოსახლეობა არ დაიჩაგროს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ხარჯები მუდმივად იზრდება.
აუდიტორ ირაკლი შავიშვილის მოსაზრებით, ყველაზე მეტად საქართველოსთვის მისაღებია ესტონური მოდელი, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ მიწა იბეგრება და ადამიანებს ზედმეტი ხარჯის გაღება არ უწევთ.
,,გადასახადი, როგორიც არ უნდა იყოს, სასიამოვნო არასოდეს არ არის, თუმცა ქონების გადასახადი იმ ფორმით, რასაც სახელმწიფო გვთავაზობს, საერთოდ მიუღებელია. საქართველოსთვის ყველაზე ახლოს არის ე.წ. ესტონური მოდელი, იბეგრება მარტო მიწა, შენობების, ნაგებობები და სხვა ტიპის ქონებაზე გადასახადი არ ვრცელდება. თუკი მიწა არ გაქვს საკუთრებაში, ე.ი. ქონების გადასახადს არ იხდი. ეს, ფაქტობრივად, უფრო საშემოსავლო გადასახადია, ვიდრე ქონებისა.
თვითონ 40 000 ლარი დღეის მდგომარეობით ცოტაა, მაგრამ ეს არ არის არსებითი. ვფიქრობ, საერთოდ, მიდგომა უნდა შეიცვალოს. 2-3 წლის წინ მთავრობა დაგვპირდა, რომ ესტონურ მოდელს აამუშავებდა ქონების გადასახადში და აქამდე ვერ გაკეთდა. საკმაოდ მარტივი მექნიზმია, იბეგრება მხოლოდ მიწა, გადასახადის გადამხდელი არის როგორც კერძო პირი, ასევე სახელმწიფო, ცენტრალური ბიუჯეტიდან გადასახადი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ვრცელდება, სულ ეს. მე მაინც ესტონურ მოდელს ვანიჭებ უპირატესობას, ქართულ რეალობასთან ყველაზე მეტად მოდის შესაბამისობაში", - აღნიშნა ირაკლი შავიშვილმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
ქონების გადასახადთან დაკავშირებით მკვეთრად კრიტიკული პოზიცია აქვს ბიზნესის სამართლის ექსპერტს, აუდიტორ აკაკი ჩარგეიშვილს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ კანონში აბსურდულია, რაც მოსახლეობას სერიოზულ დისკომფორტს უქმნის და ქართულ რეალობასთან სრულიად შეუსაბამოა.
,,ხელისუფლებას რაც უნდა, იმას აკეთებს და არ ითვალისწინებს შესაძლებლობებს, რაც კანონთან, ადამიანის უფლებებთან და კონსტიტუციასთან შეიძლება იყოს თანხვედრაში. ეს მოდელი დარჩა, როგორც იყო და დღემდე ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს. საგადასახადო კოდექსი ქონების გადასახადს ითვალისწინებს ფიზიკური პირისთვის, მაგრამ გადასახადის დაანგარიშებას ოჯახზე აკეთებს. აღმოჩნდა, რომ თურმე შემოსავალი შეიძლება ჰქონდეს ოჯახის რომელიმე წევრს, ხოლო ფიზიკურ პირს, რომელსაც შემოსავალი არ აქვს, მაგრამ ქონებას ფლობს, ბეგრავს. ასეთი აბსურდია კანონში ჩადებული. ჯარიმები და სხვა, ამ კანონის უარყოფითი, სუსტი მხარეებია.
პირველ რიგში, ოჯახის ცნება უნდა მოიხსნას, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი ერთი სუბიექტია, ორსა და მეტ პირზე ვერ გავრცელდება, ეს არ არის შპს, არც კომერციული ორგანიზაცია და არ საჭიროებს ადმინისტრირებას. შესაბამისად, მხოლოდ ფიზიკურ პირზე უნდა ვრცელდებოდეს და ოჯახის ცნებას არ უნდა უკავშირდებოდეს. მისი მიზანი გადასახადის გადამხდელია და არ ოჯახი, ეს არის შეუსაბამობა მოქმედ კანონთან, კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებებთან", - განაცხადა აუდიტორმა.
რაც შეეხება მოდელს, თუ როგორი უნდა იყოს სინამდვილეში ქონების გადასახადი, ჩარგეიშვილი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია დივერსიფიცირება მოხდეს და სამართლიანად გადაწყდეს უნდა იყოს თუ არა ესა თუ ის პიროვნება დასაბეგრ ბაზაში.
,,ქონების გადასახადისგან უნდა გაიმიჯნოს და არანაირი კავშირი და ბმა მათ შორის არ უნდა იყოს. არის ამ მხრივ წარმატებული მოდელები. რაც შეეხება მდიდრის ქონებას, სახელმწიფო უნდა ჩამოყალიბდეს ამ მიმართუილებით და ცალკე გამოიყოს. მიწას, 40 000-ლარიან შემოსავალს და ოჯახის რომელიმე წევრს ქონების გადასახადთან კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს", - აღნიშნა ჩარგეიშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
ფიზიკური პირების ქონების დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა 1 ნოემბერი იყო, გადახდისა კი - 15 ნოემბერია. საქართველოში ქონების გადასახადი შემოსავალზეა მიბმული. კერძოდ, თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი 2024 წელს, ჯამურად, 40 000 ლარს აღემატებოდა და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან კიდევ გყავთ ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
აუდიტორული კომპანია "ნექსია ჯორჯიას" მმართველი პარტნიორის დავით მამრიკიშვილის შეფასებით, ქონების გადასახადისთვის დადგენილი 40 000-ლარიანი ზღვარი, დღეს არარელევანტურია და უნდა გადაიხედოს. პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს პირზე რეგისტრირებული ქონების რაოდენობაც და თუ პირი ამ ქონებისგან ეკონომიკურ სარგებელს იღებს, შემოსავალი არ უნდა იყოს გადამწყვეტი და ქონების გადასახადი მანაც უნდა გადაიხადოს.
,,მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ზღვარი რეალობასთან სრულიად შეუსაბამოა. დღეის მდგომარეობით, თუ პირს და მის მეუღლეს ხელზე ასაღები ხელფასის სახით აქვს, დაახლოებით, 1350 ლარი, უკვე ითვლება, რომ მათი შემოსავლები გადააჭარბებს 40 000-ლარიან ზღვარს და დამეთანხმებით, რომ ეს ხელფასი უკვე საშუალო ხელფასზე, ნაკლებია. ვფიქრობ, გადასახადის გადახდის წესი ძირეულად უნდა შეიცვალოს.
ქონების გადასახადი თავისი შინაარსით უფრო მეტად არის ფლობის გადასახადი. ჩემი აზრით, თუ ადამიანი ფლობს ქონებას, მან უნდა გადაიხადოს გადასახადი. ოღონდ, აქაც უნდა იყოს გარკვეული შეღავათი, თუ პირს ერთი სახლი აქვს, სადაც თავად ცხოვრობს, შესაძლებელია განთავისუფლდეს გადასახადისაგან, მაგრამ თუ პირს რამდენიმე ბინა აქვს, რომელსაც იყენებს ეკონომიკურ საქმიანობაში, აქირავებს და ან შემოსავალს იღებს, ასეთ შემთხვევაში შემოსავლის ოდენობა არ უნდა იყოს გადამწყვეტი და მას მაინც უნდა გააჩნდეს, ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება", - აღნიშნა დავით მამრიკიშვილმა ,,საქმის კურსთან" ინტერვიუში.
2024 წელს ქონების გადასახადის სახით იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა ჯამში, დაახლოებით, 698 მილიონი ლარი გადაიხადეს, საიდანაც უშუალოდ მოქალაქეების მიერ ქონებასა და მიწაზე გადახდილი გადასახადი 93 მილიონი იყო.
2023 წლიდან, ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქონების გადასახადის რეფორმის ე.წ. "ესტონურ მოდელზე" მუშაობენ და რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტიც მზად აქვთ, მაგრამ ამ დრომდე ინიციატივას კანონპროექტის სახე არ მიუღია ანუ არც პარლამენტში შეუტანიათ განსახილველად.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



