ნატალია ჯვარიძე
(03.11.2025)

ბელგიის სამხედრო ბაზების თავზე მფრინავი დრონები გამანადგურებლებისა და საბრძოლო მასალის შესახებ ინფორმაციას აგროვებენ, - ამის შესახებ ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, თეო ფრანკენმა განაცხადა. „ისინი დაფრინავენ ჯაშუშობისთვის, F-16-ების ადგილმდებარეობის, საბრძოლო მასალის ადგილმდებარეობის და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის დასაფიქსირებლად", - აღნიშნა ფრანკენმა.

ბელგიამ ქალაქ პიერში მდებარე ნატო-ს კლაინე ბროგელის საჰაერო ბაზის თავზე დრონების ფრენის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ გამოძიება დაიწყო. Politico-ს ცნობით, იქ განლაგებულია ამერიკული წარმოების F-16 ტიპის გამანადგურებლები, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ.

„რუსები ცდილობენ ამის გაკეთებას (საჰაერო სივრცეში შეჭრას) ყველა ევროპულ ქვეყანაში", - აღნიშნა ფრანკენმა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ვერ იტყვის, დგას თუ არა მოსკოვი კლაინე ბროგელის საჰაერო ბაზაზე მომხდარი ინციდენტის უკან, „თუმცა, მოტივები ნათელია და ასეთი ქმედებების ჩადენის საშუალებებიც აბსოლუტურად ნათელია".

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსეთს შეუძლია ნატოს წინააღმდეგ სხვა საშუალებებიც გამოიყენოს, თუმცა, აღნიშნავს, რომ წევრ ქვეყნების საჰაერო სივრცეში დრონებით შეჭრა მეტად სახიფათოა. ამბობს, რომ ეს არის პირდაპირი სამხედრო გამოწვევა, რასაც შესაბამისი შედეგი ექნება.

„რუსეთს შეუძლია კიდევ ბევრი საშუალება გამოიყენოს ევროპის წინააღმდეგ. ნატოს წევრ ქვეყნებზე დრონების ასეთი თავხედური ფრენა პირდაპირი გამოხატულებაა იმის, რომ რუსეთი ომის წარმოებას იწყებს და მე არ გამოვრიცხავ, რომ ნატოს წინააღმდეგ კიდევ უფრო სერიოზულად გაიჭრება. დრონები მეტად საშიშია, ის ითვლება შემტევი ტიპის იარაღად. ასე რომ, ეს არის რუსეთის მხრიდან პირდაპირი სამხედრო გამოწვევა",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ამასთან, ბრემენის საერთაშორისო აეროპორტში დრონის აღმოჩენის გამო საჰაერო მოძრაობა დროებით შეფერხდა, - ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გამოცემა ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება რომ დრონი აეროპორტის სიახლოვეს, კვირას, ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:30 საათზე თითქმის 1 საათით შენიშნეს. საჰაერო მოძრაობის კონტროლმა თვითმფრინავების აფრენა და დაშვება დაუყოვნებლივ შეაჩერა.

Buten un Binnen-ის ვებსაიტის ცნობით, ლონდონიდან ბრემენში მიმავალი რეისი ჰამბურგში გადამისამართდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვინ გაუშვა დრონი. შეგახსენებთ, ერთი დღით ადრე, 31 ოქტომბრის საღამოს, უცნობი დრონის დანახვის გამო ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა დროებით შეფერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე