ოკუპირებულ აფხაზეთში მდინარე ენგურზე, „საქართველოსთან საზღვართან" სატვირთო ტერმინალის მშენებლობა დასრულდა. ამან აფხაზეთში გარკვეული დაბნეულობა და სერიოზული უკმაყოფილობა გამოიწვია. ერთის მხრივ, აფხაზურ საზოგადოებაში საქართველო ნომერ პირველ მტრად მიიჩნევა და მასთან პრაქტიკულად ყველანაირი ურთიერთობა და მათ შორის ვაჭრობაც, „საკანონმდებლო დონეზე" აკრძალულია. მეორეს მხრივ კი, ამ ტერმინალის არსებობა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება „საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობითაა" დაინტერესებული.
კავკასიის საკითხებში ექსპერტს, მამუკა არეშიძეს ტერმინალის აშენების მიზეზებზე საუბარი უჭირს, თუმცა ამბობს, რომ ეს შესაძლოა მოსკოვის სატრანსპორტო გზის გეგმას უკავშირდება.
„გასულ წელს მოსკოვში კულუარულად აქტიურად ახმოვანებდნენ გეგმას, რომელიც ეხებოდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენას აფხაზეთსა და დანარჩენი საქართველოს გავლით სომხეთზე და შემდეგ ირანზე. შეიძლება ეს ამის ნაწილია", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".
„ნუჟნაია გაზეტას" აფხაზური „ტელეგრამ" გვერდი აქვეყნებს ენგურის გამშვებ პუნქტზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც ახალი სატვირთო ტერმინალი ჩანს.
აქვე გამოცემა თან ურთავს მომხმარებლების კომენტარებსაც:
„როცა ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სატვირთო ტერმინალს აშენებთ და ამავდროულად ამტკიცებთ, რომ ისინი ჩვენი მტრები არიან... ეს საერთოდ რა პოლიტიკაა? ხალხს ატყუებთ თუ საკუთარ თავს? რა ხდება? თბილისმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა, ჩვენ კი ამის შესახებ არც ვიცით? აუუ, გუნბა!"
„თავდაპირველად იქ სამი Duty Free ააშენეს, ახლა კი საბაჟოს სატვირთო ტერმინალი.
„როგორ შეიძლება ასე... გუნბამ გუშინ თქვა, რომ ქართველები ჩვენს სიკვდილს და შურისძიებას ითხოვენ...
„საინტერესოა, ვის მოატყუებას ცდილობენ?".
მამუკა არეშიძე ამბობს, რომ თავად აფხაზებსაც უჭირთ იმის თქმა, თუ რა მიზნით აშენდა ტერმინალი.
„გასულ წელს, მოსკოვში კულუარულად აქტიურად ახმოვანებდნენ გეგმას, რომელიც ეხებოდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენას აფხაზეთსა და დანარჩენი საქართველოს გავლით სომხეთზე და შემდეგ ირანზე. ეს გულისხმობდა ალტერნატიული გზის შექმნას, რომელსაც ჰქვია „პეტერბურგიდან მუმბაიმდე". მოსკოვს უნდოდა, რომ დივერსიფიკაცია ყოფილიყო, აფხაზეთზე და დანარჩენ საქართველოზე და მერე სომხეთზე გაევლო ამ გზას. შემდეგ, როცა აფხაზეთის კურატორად კირიენკო დაინიშნა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, ეს ლაპარაკები გაჩერდა.
„როგორც ჩანს, რაღაც გეგმები არსებობდა და ტერმინალის მშენებლობა ამის ნაწილი მგონია. თორემ, სხვა თვალსაზრისით, ენგურის ხიდზე არანაირი ტვირთები არ მოძრაობს, რომ ტერმინალი ყოფილიყო საჭირო. აფხაზებს რომ ვეკითხები, ისინიც ვერ მპასუხობენ მშენებლობის მიზეზს. ამიტომ მეც მიჭირს პასუხის გაცემა", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე