ყოფილი პრემიერისა და მაღალჩინოსნების სახლებში ჩატარებული ჩხრეკების სერიას ჯერჯერობით რაიმე გაგრძლება ჯერ არ მოჰყოლია. კონკრეტულად რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და რა სტატუსი აქვთ ამ საქმეებში ყოფილ მაღალჩინოსნებს, ოფიციალურად ამაზე განცხადებები არ კეთდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩხრეკის შემდეგ არავინ დაუკავებიათ და დაკითხვაზეც კი არავინ გამოუძახებიათ.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი კორუფციულ ბრალდებებს უკავშირება. თუმცა, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ გამოძიება შეეცდება დაადასტუროს ყოფილი მაღალჩინოსნების კავშირი 4 ოქტომბრის არშემდგარ „რევოლუციასთან" და ისინი „მოღალატეებად" გამოაცხადოს.
17 ოქტომბერს დილის 10 საათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთდროულად, ჯამში 22 ლოკაციაზე, მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა - ჩხრეკა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინებსა და სახლებში. ჩატარდა პირადი ჩხრეკებიც - ამის შესახებ ინფრომაცია შსს-მ გაავრცელა.
გამოძიება ამბობს, რომ ამოღებულია დიდი რაოდენობით თანხა და ელექტრონული მოწყობილობები. თუმცა ოფიციალურად არ დასახელებული რა საქმეებზე მიდის გამოძიება, რა მუხლითაა აღძრული ეს საქმეები და რა სტატუსით ფიგურირებენ მათში ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირები.
აღსანიშნავია, რომ 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი რევოლუციის" წარუმატებელი მცდელობის შემდეგ რამდენჯერმე იყო ნახსენები ლილუაშვილის გვარი. „ფორმულამ" თავის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორების გარემოცვაში გრიგოლ ლილუაშვილს „ორმაგ აგენტად" მოიაზრებებდნენ.
ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭლაძე ცოტა ხნის წინ კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
„აი, „ნაცებთან" გვიღალატეს"
„ნაციონალური მოძარობის" ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძის ვარაუდით, მას შემდეგ, რაც გამოძიება ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს დააკავებს, დაკავებულთა წრე კიდევ უფრო გაიზრდება.
„ისრების გადატანა ყოფილ თანაგუნდელებზე და 4 ოქტომბერზე მხოლოდ ირაკლი კობახიძეს აწყობს, იმიტომ, რომ ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის დაკავება, მათ ჟარგონზე რომ ვთქვა, უნდა „გააპრავოს" თავის მომხრეებში. ეს ღარიბაშვილი და ლილუაშვილი ვიღაცები არ იყვნენ ამ პარტიაში. ...ამათ რომ უთხრან, რომ კორუფციაში არიან გარეული, ეს ამათთვის (მხარდამჭერებისთვის) არგუმენტი არ არის, „ქართულ ოცნებაში" ყველა კორუფციაშია გარეული და ეს ძალიან კარგად იციან. ამათთვის მესიჯი უნდა იყოს - „აი, „ნაცებთან" გვიღალატეს". ეს იქნება მესიჯი, რითაც გადახარშავენ ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის დაჭერას. ამას აკეთებს ახლა კობახიძე და ამას ჰყვება მთელი ნარატივი", - განაცხადა ანა წითლიძემ.
მმართველ გუნდში კი პირდაპი ამბობენ, რომ ეს ჩხრეკები მხოლოდ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან არის დაკავშირებული.
„რასაც დღეს თვალს ვადევნებთ ეს მძიმეა, მაგრამ ფაქტია, რომ მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, საერთო იდეას, საქართველოს ინტერესს, გუნდსა და იმ პრინციპებს უღალატეს, რომლებზეც მყარად ვთანხმდებოდით. არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, მით უმეტეს, ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე - ეს იყო ჩვენი პრინციპი. ამ პრინციპს დავიცავთ და ამ პრინციპით ვართ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოწინავეთა შორის.
„თუმცა, ამ ბრძოლის დროს თუ გამოვლენილია ყოფილი ან დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაა. არავითარი დანდობა, ვინაიდან ეს ყველაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გაკეთებული და თითოეულ ჩვენგანს და ეროვნული უსაფრთხოების თემებს ეხება.
„არაერთხელ პირადადაც მითქვამს, რომ ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ფაქტია: გამოძიებას საკმაოდ მყარი მტკიცებულებების ერთობლიობა აქვს, რათა სასამართლოში ეს საქმე მოიგოს. ეს გამოძიება, ერთი მხრივ, იმ პრინციპისა და პოლიტიკის გამოვლინებაა, რაც „ქართულ ოცნებას" აქვს და ამ პრინციპს დღესაც მყარად იცავს. თუმცა, მეორე მხრივ, არის ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით კი ჩვენი გუნდის ლიდერისთვის, პიროვნულად და ემოციურად ძალიან მძიმე განცდა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
„აღარავინა ხელშეუხებელი"
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ორ ვერსიას გვთავაზობს, თუ რას და რატომ შეიძლება უკავშირდებოდეს ჩხრეკვების სერია.
„მაქვს ორი ვარიანტი. ერთი. მე, ცხადია, შიდა ინფორმაციები არ მაქვს და ვმსჯელობ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით. პირველი ვერსიაა, რომ ამ ხალხს სთხოვენ ფულს და მათ ვერ მოაქვთ ან არ მოაქვთ; მეორე ვერსია - მე ეს უფრო მეჩვენება სიმართლესთან ახლოს, რასაც კობახიძე აჟღერებდა ამ დღეებში მინიშნებებით, რომ რაღაც ღალატს აქვს ადგილი. მოკლედ, ბატონ ბიძინას უღალატეს - განაწყენებულმა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა საქმე დაიჭირეს ოპოზიციასთან და დააპირეს ხელისუფლების აყირავება. თუ ეს მეორე ვარიანტია და ამას უკავშირდება, დიდი ალბათობით დააპატიმრებენ კიდეც; თუ პირველი ვარიანტია, შესაძლებელია უბრალოდ ფული მოატანინონ", - განაცხადა ზურაბიშვილმა
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ „ოცნებაში" გარდატეხა მოხდა და უკვე აღარავინ არის ხელშეუხებელი.
„საქმე ისაა, რომ გუნდში აშკარად მოხდა გარკვეული გარდატეხა იმ მხრივ, რომ აღარავინ არის ხელშეუხებელი. გამოძიება პროფესიონალურად თავის გზას მიყვება. მოგეხსენებათ, სულ ახალ-ახალი ფაქტები ჩნდება გამოძიების დროს - ირკვევა კონტაქტები პიროვნებებთან და ამის შედეგად მოხდა, რაც მოხდა.
„განსაკუთრებით მინდა შევჩერდე ფარცხალაძეზე - საზოგადოებაში ნამდვილად იყო აზრი, რომ ეს არის ხელშეუხებელი პიროვნება, ვინაიდან ძალიან ახლოს იყო ივანიშვილთან და მის ოჯახთან.
„მე კი ვიცოდი, რომ ეს ფანტაზიების სფეროდან არის, მაგრამ ბევრს სჯეროდა, რომ რაც არ უნდა ჩაიდინოს... იხსენებდნენ, რომ გერმანიაში შეიარაღებულ ქურდობაზე ნასამართლევი მერე გახადეს გენერალური პროკურორი იმის გამო, რომ ასეთი მფარველი ჰყავდა, რაც იყო ტყუილი. ამიტომ კარგია, რომ ეს ტყუილი გაქარწყლდა. გვაქვს ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტი ხელში - მიმდინარეობს მასშტაბური გამოძიება, სადაც არავის აქვს იმუნიტეტი", - განაცხადა მამრაძემ.
შიდა დაპირისპირება „ოცნებაში"
მამრაძე ამბობს, რომ მმართველ პარტიაში დაპირისპირება უსათუოდ იქნება, თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ ბევრ ქვეყანაში მომხდარა.
„დაპირისპირება უსათუოდ იქნება, იმიტომ რომ იმ ადამიანებს ხომ ჰყავდათ ახლო ადამიანები და ა.შ. ის, რომ გარდატეხა მოხდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მითქვამს ტელევიზიით მაშინ, რომ როცა ღარიბაშვილი გაემგზავრა ჩარტერული რეისით მთელი ოჯახით შეერთებულ შტატებში, რაზეც თქვა, რომ მამამჩემმა გადაიხადაო, ამ განცხადებით მხოლოდ ნავთი დაასხა ცეცხლზე. ან ბაკურიანის ტყის გადაცემა მეუღლისათვის, როცა პრემიერი იყო - მაშინ თქვა, რომ მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ბაკურიანის ტყეები გადამერჩინა. წარმოიდგინეთ საზოგადოების რეაქცია მაშინ. თუმცა ამაზე გამოძიება არ მიმდინარეობდა. ან ვის უნდა ჩაეტარებინა, სანამ გუნდში არ მოხდებოდა შესაბამისი ცვლილებები?!" - განაცხადა მამრაძემ.
დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ასეთი შიდა დაპირისპირება ზოგადად დამახასიათებელია ავტორიტარული და ტოტოალიტარული რეჟიმებისათვის.
„დაპირისპირებებს ნუ გავაზვიადებთ. ეს, რაც ხდება, ძალიან ბუნებრივია ყველა ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმისთვის. დიქტატურის კონსოლიდაციის პროცესში ასე ხდება - ვინც ზევით იყო, მიდის ქვემოთ; ვინც ქვემოთ იყო, ამოდის ზემოთ. ეს „წმენდა" გრძელდება იქამდე, სანამ დიქტატურა არ დაემხობა. ამ მომენტში ცვლილებები ყოველთვის არის - თვითონ დიქტატურის პირობებში, დიქტატორის გარემოცვაში, მუდმივად ხორციელდება გადაადგილებები, და ვიღაცას ბრალი ედება ღალატში", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
როგორ იმოქმედებს „ოცნების" ამომრჩეველზე
მამრაძის აზრით, ასეთი შდა წმენდა „ოცნების" მხარდამჭერებზე მხოლოდ პოზიტიურად იმოქმედებს.
„უაღრესად დადებითად იმოქმედებს, თუ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ „ოცნების" დღევანდელი ლიდერები მიიტანენ დროულად და დამაჯერებლად სიმართლეს საზოგადოებამდე. ძალიან ბევრზე იმოქმედებს დადებითად. იგივე ღარიბაშვილზე მე ყოველთვის დადებითად აღვნიშნავდი, რასაც ის აკეთებდა. იგივე ღარიბაშვილზე იყო მოსაზრება, რომ ვინ ახლებს ხელს, როცა საზოგადოებაში არის ეს აზრი, რომ „ოცნებაა" ხელისუფლებაში და შესაბამისად, „ოცნების" მაღალჩინოსნები რაც უნდათ, იმას აკეთებენ. ამ ყველაფრისგან ხდება გასუფთავება", - აღნიშნა მამრაძემ.
განსხვავებულად ფიქრობს დავით ზურაბიშვილი:
„მოკლევადიანში არანაირად არ იმოქმედებს. გრძელვადიანში შეიძლება იმოქმედოს იმ თვალსაზრისით, რომ დააფიქროს ხალხი - რომ არაფერია მარადიული და ერთგულება ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლებისადმი შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი შენი უსაფრთხოებისათვის. გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ხელისუფლების შიგნით ეროზიას გამოიწვევს, თუმცა მოკლე ვადაში არ მგონია რამე მოხდეს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე დაკავებენ თუ არა „ოცნების" ყოფილ ლიდერებს, პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია:
„ამ ჩხრეკის შედეგად თუ არის ასეთი მტკიცებულება, დააკავებენ. მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები, ეს აშკარაა. შესაბამისად, გამოჩნდება ყველაფერი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს დაკავების და სასამართლოს ჩათვლით, რა თქმა უნდა", -განაცხადა მამრაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე