აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ მიანიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ახალი საზღვარი, შესაძლოა, ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ დაფიქსირდეს, რადგან „საზღვრები განისაზღვრა ომით და გამბედაობით". ზელენსკი ფრონტის „გაყინვას" ეთანხმება. რუსეთის პოლიზიცია კი უახლოეს ორ კვირაში გაირკვევა, როდესაც ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
მოვლენების განვითარების ასეთი სცენარი ნიშნავს, რომ უკრაინამ, ყირიმის ნახევარკუნძულის გარდა, უარი უნდა თქვას დონეცკის ოლქის თითქმის მთელს ტერიტორიაზე, ასევე ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილზე.
ტრამპი-ზელენსკის შეხვედრის შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას ჯერჯერობით არ მიაწვდის „ტომაჰავკის" ტიპის რაკეტებს, რადგანაც ოფიციალური ვაშინგტონი ამ ეტაპზე უპირატესობას დიპლომატიას ანიჭებს.
ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა
17 ოქტომბერს ვაშინგტონში გამართული შეხვედრა დაახლოებით ორსაათნახევარს გაგრძელდა, როგორც გამოცემა Axios წერს, საუბარი საკმაოდ დაძაბული იყო. გამოცემის ერთი წყაროს ცნობით, შეხვედრა „მარტივი არ ყოფილა", ხოლო მეორე წყაროს თქმით კი, „შეხვედრა ცუდად წარიმართა".
„შეხვედრაზე არავინ ყვიროდა, თუმცა ტრამპი მკაცრი იყო", - აღნიშნა პირველმა წყარომ.
მეორე წყაროს თქმით, ტრამპმა შეხვედრის დროს „რამდენიმე მკაცრი განცხადება გააკეთა და ზოგიერთ მომენტში შეხვედრა ემოციურიც გახდა".
ტრამპის განცხადებით, „დროა, შეწყდეს მკვლელობები, ზელენსკი და პუტინი უნდა გაჩერდნენ იქ, სადაც არიან, დაე, ორივე მხარემ გამოაცხადოს გამარჯვება".
„მე მას ვუთხარი, როგორც ასევე მკაცრად ვურჩიე პრეზიდენტ პუტინს, რომ დროა, შეწყდეს მკვლელობები და დაიდოს შეთანხმება", - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, მხარეებმა ომი დაუყოვნებლივ უნდა დაასრულონ.
„საზღვრები განისაზღვრა ომით და გამბედაობით. ისინი უნდა გაჩერდნენ იქ, სადაც არიან. დაე, ორივე მხარემ გამოაცხადოს გამარჯვება. ისტორიამ განსაჯოს. საკმარისია სროლა, საკმარისია მკვლელობები, საკმარისია უზარმაზარი თანხების ხარჯვა. ეს ომი არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი", - აღნიშნავს ტრამპი.
ვოლოდიმირ ზელენსკი ამ მოსაზრებას ეთანხმება.
„მე ვფიქრობ, რომ უნდა შევჩერდეთ იქ, სადაც ვართ. პრეზიდენტი მართალია. დიახ, ომი უნდა შევაჩეროთ იქ, სადაც ვართ. ეს მნიშვნელოვანია", - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას უნდა ჰქონდეს აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები.
„ჩვენ გვჭირდება აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები, რადგან მხოლოდ აშშ-ს აქვს რუსეთზე რეალური ზეწოლის საშუალება. მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს აქვს რუსეთთან პირდაპირი დიალოგი. გვჭირდება ძლიერი გარანტიები, რომ რუსეთი ისევ არ დაგვიბრუნდება ომით", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დროს რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების საკითხი ყველაზე რთული და მგრძნობიარე თემაა სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
„პირველ რიგში, უნდა შევაჩეროთ ცეცხლი. უნდა დავსხდეთ, ვისაუბროთ და გავიგოთ, სად ვართ ახლა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი", - აღნიშნა ზელენსკიმ.
„ტომაჰავკების" საკითხი
Axios-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინისთვის „ტომაჰავკების" გადაცემას ჯერ არ აპირებს, რადგან ამ ეტაპზე უპირატესობას დიპლომატიას ანიჭებს.
მოგვიანებით ტრამპმა ამ თემაზე თავადაც გააკეთა განცხადება:
„ტომაჰავკები" ძალიან საშიში იარაღია. ისინი წარმოუდგენელი იარაღია. ეს შეიძლება ნიშნავდეს დიდ ესკალაციას და ბევრ ცუდ რამეს. ჩვენც გვჭირდება „ტომაჰავკები". ჩვენ არ გვინდა იმის გადაცემა, რაც ჩვენი ქვეყნის დასაცავად გვჭირდება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს შესთავაზა, რომ „ტომაჰავკების" სანაცვლოდ, უკრაინა ამერიკას საკუთარი წარმოების ათასობით უპილოტო საფრენ აპარატს მიაწვდის. ზელენსკის თქმით, ასეთი თანამშრომლობა ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება.
აშშ-ის პრეზიდენტს შეთავაზებაზე თანხმობა არ განუცხადებია, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინა ხარისხიან უპილოტო აპარატებს აწარმოებს:
„ჩვენ ახლა ბევრი უპილოტო საფრენი აპარატი გვაქვს. ვაწარმოებთ საკუთარ დრონებს, მაგრამ ასევე ვყიდულობთ სხვებისგან, ისინი ძალიან კარგ დრონებს აწარმოებენ".
ტრამპის თქმით, სწორედ უკრაინაში ომის გამო, ბოლო წლებში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებამ „წინა პლანზე წამოიწია".
ამასთან, შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა გაიხსენა 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყება და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს „ომი ერთ კვირაში უნდა მოეგო", რუსული ტანკები რომ „ტალახში არ ჩარჩენილიყვნენ".
ამასთან, ზელენსკის თქმით, რუსეთს ეშინია „ტომაჰოკის" ტიპის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდების გეგმის.
„რუსეთს ეშინია „ტომაჰავკების". ეშინიათ, რადგან მათ იციან, თუ რა იარაღი გვაქვს და მათ ესმით „ტომაჰავკებთან" კომბინაციის მნიშვნელობა. მათ იციან, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ტრამპი-პუტინის შეხვედრა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ვლადიმერ პუტინს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შეხვდება. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცბობია. როგორც უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს, „რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება შედგა. მზადება სრული სისწრაფით მიმდინარეობს".
ორბანი ასევე აცხადებს, რომ სამი წელია, ღიად და ხმამაღლა იბრძვის მშვიდობისთვის და სწორედ ამიტომ უნგრეთი დღეს ევროპაში ერთადერთი ადგილია, სადაც ტრამპი-პუტინის შეხვედრის ჩატარებაა შესაძლებელი.
რაც შეეხება კრემლის პოზიციას ფრონტის „გაყინვასთან" დაკავშირებით, ამაზე მოსკოვში ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაკეთებულა.
გარდა ამისა, ევროკავშირში ძალიან სურთ, რომ ამჯერად მოლაპარაკების მაგიდასთან მათი წარმომადგენელიც იყოს, რადგან შიშობენ, რომ პუტინმა ტრამპზე, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოახდინოს. როგორც „უოლ სტრიტ ჯორნალი" წერს, ამ კონტესტში განიხილება ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბის კანდიდატურა, რომელსაც ტრამპთან კარგი პერსონალური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. თუმცა, საბოლოოდ მოხრხდება თუ არა სტუბის დასწრება ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე, ძნელი სათქმელია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე