რეზონანსი
(18.10.2025)

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით იგეგმება 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძისა და საქონლისა და საველე გასასვლელების მოწყობა. მონაკვეთი გურიის რეგიონში, ქალაქ ლანჩხუთისა და მიმდებარე სოფლების დასახლებებს გვერდს აუვლის, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის ნაკადების განტვირთვასა და მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდას.

„პირველ 6 კმ-ზე უკვე დასრულებულია გზის საფარის ზედა ფენისა და ლითონისა და ბეტონის თვალამრიდების მოწყობა. მიმდინარეობს საგზაო ნიშნების მონტაჟი და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები, მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზა ოთხ მონაკვეთად შენდება, მეორე და მეოთხე მონაკვეთები უკვე გახსნილია მოძრაობისთვის. ახალი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია და მთლიანობაში 52 კილომეტრს მოიცავს. ზესტაფონ-ქუთაისის შემოვლითი გზიდან იწყება და გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან მთავრდება.

მშენებლობა, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 324.6 მილიონი ლარით ფინანსდება“, - აცხადებენ სამინისტროში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე