რეზონანსი
(18.10.2025)

პროკურატურა 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების ფაქტზე დაკავებული აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.

როგორც უწყებაში განმარტეს, გირაოს მოთხოვნა მათ „სხვადასხვა პირობების გათვალისწინებით“ გადაწყვიტეს.

„მარიამ მეყანწიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის აშკარა დაუმორჩილებლობის მიზნით, 4 ოქტომბერს, ათონელის ქუჩაზე ყოფნისას მოახდინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, მოქალაქეებს მოუწოდა და შემდგომი მოქმედების კოორდინირების, პოლიციის თანამშრომლების დაუმორჩილებლობისა და მათზე ძალადობის მიზნით შეკრებილიყვნენ რუსთაველის გამზირის 21 ნომერში მდებარე ოფისში. აღნიშნულის შემდეგ, ათონელის ქუჩაზე და რუსთაველის გამზირზე გაგრძელდა ძალადობრივი ქმედებები, რა დროსაც მასში მონაწილე პირები მიზანმიმართულად აზიანებდნენ და არბევდნენ და ცეცხლის წაკიდებით ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა საკუთრებას, ისინი არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნებს და უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.

მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას“, - განაცხადეს პროკურატურაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე