„დილის 10 საათიდან ერთდროულად 22 ლოკაციაზე, მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა”
ნატალია ჯვარიძე
(17.10.2025)

„ოცნების" მთავრობა თავის ყოფილი ლიდერების წინააღმდეგ საქმე იწყებს - სამიზნეებს შორის არიან ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მათთან დაკავშირებული, სულ რვა პირი. მათი საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები ჩატარდა, საიდანაც, პროკურატურის მტკიცებით, ამოღებულია დიდი რაოდენობის ფული და ტექნიკა.

გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პარასკევს საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

„განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და სისხლის სამართლის საქმეების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსურს საზოგადოებას მივაწოდო შემდეგი ინფორმაცია. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს დილის 10:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 22 ლოკაციაზე, მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ რვა პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ხსენებულ საქმეზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგის თაობაზე საზოგადოებას პერიოდულად დამატებით მოგახსენებთ", - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე