4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებები კვლავ განახლდა, პარასკევს გამთენიისას კიდევ სავარაუდოდ ცხრამდე აქტივისტი აიყვანეს. ოფიციალური განმარტებები შსს-ს არ გაუკეთებია, თუმცა სავარაუდოდ დაკავებულებს იმ მუხლებს ედავებიან, რომლებითაც ათონელის რეზიდენციასთან მომხდარზე უწყებამ აღძრა საქმე.
გავრცელებული ცნობებით, დაკავებულთა შორის არიან მარიამ მეყანწიშვილი, რომელიც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ასევე, სიმონ მახარაძე, გიორგი ტალახაძე, დავით გიუნაშვილი, დავით ღურწკაია, კახა კვაჭანტირაძე, თემურ ქურციკიძე, გიორგი და მიხეილ თოლორაიები.
მეყანწიშვილის ადვოკატის, ანა ბერიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, სავარაუდოდ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან. როგორც მან ზაჰესის იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, მეყანწიშვილისთვის ჯერ ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ არის, თუმცა, დაკავებისას მას პოლიციელებმა უთხრეს, რომ სსკ-ს 226-ე მუხლით აკავებდნენ.
„ძალადობას, ან იძულებას ადგილი არ ჰქონია, ყველაფერი მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. პირველ რიგში, მისი კუთვნილი ქურთუკი ამოიღეს, რომელიც მარიამმა მისი ნებით წარუდგინა. ეს ქურთუკი მას, როგორც თავად განმარტა, 4 ოქტომბერს ეცვა. მას კონკრეტულად აჩვენეს ვიდეოკადრიდან ამოჭრილი მასალა, ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ეს ქურთუკი, ბუნებრივია, მარიამმა ამოიცნო ქურთუკი. ამოღებულია ასევე, მობილური ტელეფონი. მუხლს რაც შეეხება, ჯერ ბრალდების დადგენილებას არ ვიცნობ, ის წარდგენილი არ არის, თუმცა, როგორც მარიამს დაკავებისას განუმარტეს, ეს იყო სსსკ-ის 226-ე მუხლი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. როგორც თვითონ მარიამი განმარტავს, 4 ოქტომბერს საერთოდ არ იმყოფებოდა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციაზე იყო, თუმცა, არა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. მარიამი მხნედაა, ბრძოლის უნარიაონობას არ კარგავს", - განაცხადა ბერიამ.
მეყანწიშვილის დედა, ლამზირა ხახიშვილი დაკავების მომენტს ინტერპრესნიუსთან ყვება.
„დილით, 05:00 საათი იყო დაწყებული, კარზე დააკაკუნეს, რამდენიმე პოლიციელი შემოვიდა, მარიამი წამოხტა ლოგინიდან, მაშინვე მიხვდა, რომ მას აკავებდნენ. ამ დროს სახლში მარიამის შვილი, 7 წლის გოგონა სახლში გვყავდა, დაიწყო ტირილი. ვერ გავაანალიზე რა ხდებოდა, ბავშვის დაწყნარება დავიწყე. ჩხრეკის ორდერი გვაქვს, აუცილებლად უნდა გავჩხრიკოთ ბინაო. მარიამმა ერთ-ერთს უთხრა, ძალიან აგრესიული ხართ ჩემ მიმართ, ჩემი ნებითაც წამოვალ, მითხარით, რატომ მაკავებთო. რამდენიმე აირწინაღი იყო ბინაში, იცით, რომ აქტივისტია და ხშირად იყენებდა ამ ნივთს ჭავლის დროს, სხვა არაფერი ამოუღიათ. 600 ლარი ჰქონდა მარიამს სახლში, აუხსნა, რომ ბინის გადასახდელი თანხა იყო, ამისთვის ხელი არ უხლიათ."
ზაჰესის იზოლატორში იმყოფებოდა მიხეილ თოლორაიას ადვოკატი, ბორის ჩელე ყურუა, რომლის თქმით,მისი დაცვის ქვეშ მყოფი სპეცრაზმმა სახლში, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით აიყვანა.
„თავის საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა. განსაკუთრებული საპოლიციო ღონისძიებით მოხდა მისი დაკავება, იარაღებით, სპეცრაზმით შეუვარდნენ ადამიანს, რომელიც არსად იმალებოდა, არსად გარბოდა, სახლში ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომლის თვალწინაც მოხდა თოლორაიას გაკოჭილი სახლიდან გაყვანა. მას არ აქვს მოლოდინი, რომ ამ სასამართლოში სამართალს იპოვის, მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე არაფერს გაითვალისწინებს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებს. ბრალის წარდგენა ოფიციალურად არ მომხდარა, სავარაუდოდ, მას სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მიხეილ თოლორაია პატიოსანი, მშრომელი ადამიანია, რომელიც კანონთან კონფლიქტში არასდროს ყოფილა", - განაცხადა ყურუამ
კიდევ ორი დაკავებული აქტივისტის, დავით ღურცკაიასა და დავით გიუნაშვილის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა გააკეთა განცხადება.
„გიუნაშვილი არის 70 წელს მიღწეული კაცი, რომელიც ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებული დევნილია. რუსულ რეჟიმს აპროტესტებდა და დგას ყველა პროევროპულ აქციაზე. ის მშვიდობიანი აქციის მონაწილეა, არანაირ ძალადობაში, არანაირი სტრატეგიული ობიექტის დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია. მშვიდობიანად აპროტესტებდა ქვეყანაში არსებულ ვითარებას. რაც შეეხება დავით ღურცკაიას, რომელსაც 3 წლის ბავშვი ჰყავს, დილის 5 საათზე შეუვარდნენ სახლში. ისიც ამბობს, რომ არანაირი ძალადობა არ განხორციელებულა მისი მხრიდან. განმარტავს, რომ აპროტესტებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ველოდებით ბრალდებას, თუ რა მუხლით დაიწყება გამოძიება. კონვეიერული მიდგომით არიან დაკავებულები და შესაბამისად, არც ბრალი არ ვიცით, რა მუხლით არის დაკავებული და არც საქმის მასალები გვაქვს",- განაცხადა გიორგი გელხაურმა.
სიმონ მახარაძის ადვოკატი, ბიჭიკო ლაშხია აცხადებს, რომ მახარაძეს მშობლები არ ჰყავს, ის ოზურგეთში ნათესავების სახლში ცხოვრობს, დაკავების მომენტში კი, სახლში არასრულწლოვანები იმყოფებოდნენ, რომელთაც სპეცრაზმის თანამშრომლებმა იარაღი დაადეს.
„თავს მხნედ გრძნობს. როგორც თავად განაცხადა, არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, დაკავების მომენტში, როცა ის სახლში, ოზურგეთში იმყოფებოდა, სპეცრაზმმა ჩაატარა სპეცოპერაცია, ავტომატები დაადეს მასაც და მის ახლობელ ბავშვებსაც, ერთი 10 წლის იყო, მეორე - 12-ის. როგორც თვითონ მომიყვა, პოლიციელზე ძალადობას ედავებიან. ის ნამდვილად აცხადებს, რომ ადგილზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარეთ იმყოფებოდა, ის არათუ ძალადობას, შეხლა-შემოხლის ფაქტსაც არ ადასტურებს. გასათვალისწინებელია, რომ საქმე გვაქვს 22 წლის ახალგაზრდასთან, რომელიც ობოლია, არც დედა ჰყავს და არც მამა. ოზურგეთში, ახლობლების სახლში ცხოვრობს და სოფლის მეურნეობითაა დაკავებული",- აცხადებს ლაშხია.
დაკავების შესახებ ავრცელებს ვიდეოს სიმონ მახარაძის ოჯახის წევრი.
„მცირეწლოვან ბავშვებს ავტომატი დაადეს თავზე, ხალხო... მე არაო... 4 წლის ბავშვი იძახდა... სახლში შემოვარდნა არ აკმარეს, ხალხო, და ძაღლებს მოგიკლავო... ერთი ადამიანის დასაკავებლად... ტერორისტია? იცოდნენ, რომ სახლში ბავშვები იყვნენ და ამხელა სპეცოპერაცია ჩაატარა, ისე რომ არ გაითვალისწინა ბავშვები. ორი ბატალიონი შემოვარდა ავტომატებით...",- ამბობს ვიდეოში მახარაძის ახლობელი.
მანამდე, 4 ოქტომბრის მოვლენებზე 50-მდე პირი დააკავეს, 4-ზე კი ძებნა იყო გამოცხადებული. 4 ოქტომბრის მოვლენებზე შსს-მ საქმე ოთხი მუხლით აღძრა:
187-ე - ნივთის დაზიანება ან განადგურება;
222-ე - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
225-ე - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
317-ე - მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე