საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ, პროკურატურას მიმართა მოთხოვნით, დაეყადაღებინათ უნივერსიტეტის ის ქონება, რომელიც მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ოჯახის მიერ წინა ხელისუფლების პერიოდში მიტაცდა.მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ ქეისის შესწავლა საინტერესო იქნება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ედიშერ გვენეტაძის აზრით, დადგა დრო, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაკარგული ქონება დაიბრუნოს.
„საქართველოს უნივერსიტეტმა მიითვისა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება. ამის შესახებ ჩვენს რექტორმა ისაუბრა საპარლამენტო საგამოძიებო სხდომაზე, სადაც წარდგენილი იქნა შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც ცხადყოფს, რომ სააკაშვილის უახლოესმა გარემოცვამ - მისმა საკუთარმა ოჯახმა - სიმბოლურ ფასად წაართვა და მიითვისა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა, ლაბორატორიები და სტადიონი.ამისათვის ჯერჯერობით პასუხი არავის უგია, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - დადგა დრო, რომ ეს შენობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს უკან დაუბრუნდეთ.
„აუცილებლად უნდა დაედოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ყადაღა იმ უნივერსიტეტის შენობას, სადაც ასე გალაღებულები არიან. და ვიტყვი კიდევ უფრო მეტს - იმდენად იყვნენ გალაღებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მმართველი ელიტა, რომ ჩვენ, თანამშრომლებს, მანქანების დაყენების საშუალებაც კი არ გვქონდა იქ."-განაცხადა გვენეტაძემ.
ეს არის გაუგონარი უსამართლობა. როცა სააკაშვილის დედას ჰკითხეს, საიდან ამდენი ქონებაო, მან უპასუხა: „მე მემკვიდრეობით გადმომეცა ბებიასა და ბაბუასგანო." თურმე გამოდის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - მანამდე საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი - სააკაშვილის დედის ოჯახის საკუთრება ყოფილა!ეს „დიდი აღმოჩენაა" - ევრიკა! როგორც იტყოდა დიდი არქიმედე. ეს არის უდიდესი სირცხვილი მათი ოჯახის ისტორიაში."-დასძინა გვენეტაძემ.
„მივმართავთ პროკურატურას"
დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტი პროკურატურისგან ითხოვს, რომ ქონება, რომელიც მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახის მხრიდან მიტაცებული იქნა, დაყადაღდეს და შემდგომ კვლავ ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუბრუნდეს.
„წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების უდიდესი ნაწილი ფაქტობრივად, მიტაცებული იქნა ყოფილი პრეზიდენტის [მიხეილ სააკაშვილის] ოჯახის მიერ. ჩვენმა სპეციალისტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, სამართლის და აუდიტის სამსახურებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს და ეჭვია, რომ იქ სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაულია. ამიტომ, ჩვენმა უნივერსიტეტმა იმსჯელა და გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მიგვემართა.
აღნიშნული საკითხი მრავალი წელია შესწავლის საგანია უნივერსიტეტისთვის - რთული იყო ამ დოკუმენტების მოძიება, მაგრამ დიდი შრომა გასწიეს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, მოპოვებული იქნა არაერთი მასალა - როგორც ელექტრონული, ასევე 108 ფურცელზეა ფიზიკური მასალა, სადაც მრავალი დოკუმენტია. ეს უკვე ხდება გენერალური პროკურატურის მოკვლევის საგანი - ისინი უფრო მარტივად მოიკვლევენ ამ საბუთებს. ვფიქრობთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ უნდა მოიძიოს მასალები და მიიღოს გადაწყვეტილება", - განაცხადა გურგენიძემ.
გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტის ეს ქონება რომ არ გასხვისდეს და მესამე პირზე არ გადაფორმდეს, სასწრაფოდ დაყადაღებაა საჭირო, რაც პროკურატურას მოსთხოვეს.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ქონება იყოს დაყადაღებული და დაბრუნებული ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. ასევე ვთხოულობთ, რომ ის მიუღებელი მოგება, რომელიც უნივერსიტეტმა მრავალი წლის განმავლობაში, არ მიიღო, იყოს გამოკვლეული და დაუბრუნდეს უნივერსიტეტს, ახალგაზრდებს და პროფესორ-მასწავლებლებს. ზიანი უნდა დადგინდეს, პროკურატურამ ამაზე უნდა ჩაატაროს ექსპერტიზა და ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რა ზიანზეა საუბარი. ეს ქონება რომ არ გასხვისდეს და მესამე პირზე არ გადაფორმდეს, ჩვენ სასწრაფოდ დაყადაღებას ვითხოვთ", - განაცხადა დავით გურგენიძემ.
„საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა"
პრემიერმა კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საინტერესო იქნება საქართველოს უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და საკითხის შესწავლა.
„ზოგადად, ყველამ ძალიან კარგად იცის რაც მოხდა ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა გადაეცა ერთ ლარად პრეზიდენტის ოჯახის წევრს, რაც არის აბსოლუტურად ღია თავხედობა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება ამ საკითხის შესწავლა, დანარჩენი დაველოდოთ შესაბამისი უწყებების პასუხს", - განაცხადა კობახიძემ.
უფრო ადრე, 2006 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნოდარ მუსერიძემ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეტალურად ისაუბრა თუ რა პროცესები მიმდინარეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, როგორც მუსერიძემ აღნიშნა, მაშინდელი ხელისუფლება გეპეის პროფესურაზე დიდ წნეხს ახორციელბდა, საბოლოოდ კი როცა ვერფერს გახდნენ აკრედიტაცია შეუჩერეს, მოგვიანებით კი თვითონ მუსერიძეც დააპატიმრეს, რადგან , მისივე თქმით ამ ყველაფერს აპროტესტებდა."ყველა პროცესი რაც მიმდინარეობა ცნობილი იყო გიული ალასანიასთვის,"-აცხადებდა მუსერიძე.
საქართველოს უნივერსიტეტის პასუხი
განცხადება გააკეთა საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა კონსტანტინე თოფურიამაც, მან აღნიშნა, რომ შენობების წართმევის პერსპექტივას ვერ ხედავს.
„ერთ ლარად შეძენა, ეს არის უტიფარი ტყუილი, რომელიც წლების განმავლობაში მეორდება, ჩვენ არაერთხელ გავასაჩივრეთ ეს, თუმცა ამას , რა თქმა უნდა, რეაგირება არ ჰქონია, ეს ქონებები, თვითონ გურგენიძეც აღიარებს, რომ იყო რამდენიმე მილიონად იყო შეძენილი, თავის დროზე, როცა საუბრობენ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს კაპიკი არ მიუღია, ეს ლოგიკურია, წულუკიანმაც განმარტა, რომ ეს ქონებები ეკონომიკის სამინსიტრომ გაყიდა, ეს იყო არა ტექნიკური უნივერსიტეტის არამედ ეს იყო ეკონომიკის სამინიტროს საკუთრება, ეს იყო დაუმთავრებელი შენობები, გეპეი აქ არასდროს არ აწარმოებდა კვლევით საქმინობას მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენენ, ესეთი რამ არ არსებობს, შენობის წარტმევის პერსპექტივას ვერ ვხედავ"-განაცხადა თოფურიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე