დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ პირველივე დღიდან გავემიჯნეთ იმ იდიოტობას და მავნებლობას, რაც იყო, არამხოლოდ მშვიდობიანი დამხობის სცენარი, არამედ ზოგადი ბოიკოტი - ჩვენთვის ამ ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა არის მთავარი პრიორიტეტი, - ამის შესახებ „გახარია- საქართველოს“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არასდროს არანაირი კავშირი არ ექნება იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც ზოგადად, მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ.
„ჩვენ პირველივე დღიდან გავემიჯნეთ იმ იდიოტობას და მავნებლობას, რაც იყო, არამხოლოდ მშვიდობიანი დამხობის სცენარი, არამედ ზოგადი ბოიკოტი. ჩვენ ამისთვის საკმარისზე მეტი მსხვერპლი გავიღეთ 4 ოქტომბრის არჩევნებზე, ჩვენ ამას არ ვუყურებთ როგორც ტრაგედიას, პირიქით, ეს არის ის, რამაც ჩვენ გაგვაძლიერა, დაგვარწმუნა იმაში, რომ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო სწორი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური დარტყმა ჩვენ თავზე, ჩვენ პოლიტიკურ პარტიაზე მივიღეთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ჩვენ, დღეს დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი და ასეც გავაგრძელებთ. ჩვენ არაფერი საერთო არ გვექნება იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მომხდარზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი უპასუხისმგებლობის გამო გააუბედურეს და ზოგადად, მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ. ჩვენ პოლიტიკურ ძალას მათთან არასდროს, არანაირი კავშირი არ ექნება. ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი და ჩვენ მათ ხაზი უკვე დიდი ხანია გადავუსვით, და ახლა, მით უფრო. ჩვენთვის ამ ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა არის მთავარი პრიორიტეტი და გვესმის, რომ ამისთვის ჩვენ კიდევ ბევრი მსხვერპლის გაღება მოგვიწევს, მაგრამ მზად ვართ მივიღოთ ეს გამოწვევა“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
გარდა ამისა, მან ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოში ვიზიტად მყოფი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენს შორის დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებაზე. შარაშიძის თქმით, ყველაფერი ემსახურება იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს ევროპელი პარტნიორებისგან სიმართლე მოისმინოს.
„კობახიძეს არ ჰქონდა არანაირი სურვილი და გამბედაობა იმისა, რომ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარისგან, ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისგან პირადად მოესმინა შეფასება ყველა იმ ანტიდემოკრატიული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიევროპული მოქმედების გამო, რასაც სჩადის „ოცნება“ კობახიძის მეთაურობით. [ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის] აქციაზე მისვლა თითიდან გამოწოვილი ფაქტი იყო. თუ ეს მართლაც იყო მიზეზი, კობახიძეს შეეძლო საკუთარი პოზიცია პირისპირ დაეფიქსირებინა, ან საჯაროდ ბრიფინგზე და ა.შ. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მათ უბრალოდ არ სურთ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან სიმართლე მოისმინონ, ამის არც გამბედაობა და არც პოლიტიკური ნება აქვთ. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ემსახურება მათ არჩეულ მიზანს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ საქართველო მოაქციონ ევროიზოლაციაში და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გარეშე მარტო პირისპირ დატოვონ რუსეთთან. სამწუხაროდ, ამ შეხვედრის გაუქმებაც ამის მორიგი დადასტურებაა“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე