დაპირება არ შესრულდა და პური თვითნებურად გაძვირდა. ეს მაშინ, როცა ბოლო პერიოდის განმავლობაში ფქვილის ფასი ადგილობრივ ბაზარზე თითქმის შენარჩუნებულია და არც მოსავლის მიმართულებით იკვეთება პრობლემა, რამაც თითქოსდა პურის ფასის შენარჩუნების შესაძლებლობა შექმნა, მაგრამ 15 ოქტომბრიდან, სამომხმარებლო ბაზარზე ფასი მაინც გაიზარდა.
სექტორში აცხადებენ, რომ პური ხარისხის შენარჩუნების მიზნით გააძვირეს, თუმცა ცვლილება მხოლოდ ცალკეულ ასორტიმენტს შეეხო, რითაც ქსელურმა მარკეტებმა ისარგებლეს და ფასებს მასობრივად ყველაფერს მოუმატეს.
საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ ,,რეზონანსს“ დაუდასტურა, რომ საფასო ცვლილება მხოლოდ ერთ ასორტიმენტს შეეხო, როგორიცაა, 500-გრამიანი ე.წ. ბატონი პური, რომლის ღირებულება სუპერმარკეტებში 10 თეთრით გაიზარდა. თუმცა რეალურად ქსელურ მარკეტებსა და პატარა ზომის სასურსათო მაღაზიებში თითქმის ყველა სახეობის პური დაახლოებით 5-10 თეთრის ფარგლებში გააძვირეს. ფაქტია, რომ დაპირებამ, მინიმუმ წლის ბოლომდე არ გააძვირებდნენ ყველაზე მოხმარებად პროდუქტს, არ გაამართლა.
არადა, მსოფლიო ბაზარზე ხორბალი იაფდება და იგივე ითქმის ჩვენს მეზობელ რუსეთზე, საიდანაც ქართული წისქვილკომბინატები სრულად მარაგდება. ამ ეტაპზე საერთაშორისო ბირჟებზე ერთ ბუშელი ხორბლის ღირებულება 5 დოლარს ჩამოსცდა, ხოლო საქართველოში 1 ტომარა ფქვილის ფასი მოულოდნებლად გაიზარდა და 59-60 ლარს მიაღწია.
პროდუქტის გაძვირების მთავარ მიზეზად ხარისხი და ხარჯის ზრდა დასახელდა, განსაკუთრებით მუშახელის ანაზღაურება.
,,პური მეწარმეებს არ გაუძვირებიათ, არასწორად იქნა გაგებული. სუპერმარკეტებმა თვითნებურად გაზარდეს ფასი და ბოლოს მაინც ჩვენსკენ გაიშვირა ყველამ ხელი. რასაც ჰქვია სოციალური პური, რომელიც ფართო მოხმარებისაა, მის ღირებულებას არ შევხებივართ, თუმცა გვაქვს უფლება გავაუმჯობესოთ ხარისხი და შევცვალოთ ასორტიმენტი, ამაში უჩვეულო არაფერია.
გაგვიძვირდა ნედლეული, დამხმარე მასალები, ასევე მოიმატა მუშახელის ანაზღაურებამ და სხვა. 1 ბოთლი წყალი უფრო ძვირია, ვიდრე 1 ცალი პური. კონტროლმაც უნდა იმუშაოს ამ დროს. პირველი ხარისხის 500-გრამიანი ბატონი 10 თეთრით გაძვირდა. აქამდე ვინარჩუნებდით ფასს, ვცდილობთ, მაგრამ ვერ მოხერხდა, რა ცვლილებაც მივიღეთ, ხარისხის შენარჩუნების მიზნით გაკეთდა, რითაც შემდეგ ქსელურმა მარკეტებმა ისარგებლეს.
კონტროლია საჭირო, რომ თვითნებურად არ იზრდებოდეს ფასი მაღაზიებში, რაც ხდება ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვართ გარეული. სოციალურ პურს მაღაზიებს კვლავ ვაწვდით იმ ფასად, როგორც ჩვეულებრივ პერიოდში, ჩვენ მხოლოდ ერთი ასორტიმენტი გავაძვირეთ და ესეც გარდაუვალი აუცილებლობიდან გამომდინარე“, - უთხრა ,,რეზონანსს“ მალხაზ დოლიძემ.
რაც შეეხება ფქვილის ფასს, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ფქვილი გლობალურ ბაზრებზე მცირედით გაძვირდა და სხვაობას პურის ფასზე არ უნდა ასახულიყო. შესაბამისად, როგორც სილაგავამ აღნიშნა, პურის გაძვირების გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.
,,პირველი ხარისხის, 50-კილოგრამიანი ფქვილი 59-60 ლარის ფარგლებშია. ეს ფასი არის ბოლო 1,5-2 თვის განმავლობაში, მაგრამ პური აქამდე არ გაძვირებულა. გადაწყვეტილება ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სხვა კომპონენტი გაუძვირდათ მეპურეებს და თავისთავად ცხადია, ფასს ამიტომ შეეხნენ, სხვა საფუძველს ვერ ვხედავთ.
ფქვილის ფასი ბოლო თვეების განმავლობაში უმნიშვნელოდ არის შეცვლილი. ცხადია, ფასი არ ყალიბდება მარტო ჩიკაგოს ბირჟაზე, რეგიონალურ ჭრილში ტენდენცია მცირედით შეიცვალა, მაგრამ არაფერი დრამატული არ ხდება. მაგალითად, რუსეთში 1 ტონა ფქვილის ღირებულება 225 დოლარია. რამდენიმე კვირის წინ 223 დოლარი იყო, მაგრამ არა ისეთი, რომ პურის გაძვირება გამოეწვია. არ შეცვლილა ფასები რუმინეთსა და საფრანგეთშიც. ყოველდღიური ფასების თამაში მიდის, მაგრამ ტრენდი ყალიბდება, როცა ტენდენცია რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობს.
ყოველ შემთხვევაში, ფქვილის ღირებულებიდან გამომდინარე პური არ უნდა გაძვირებულიყო. ერთ კომპანიაში იყო და მერე დომინოს პრინციპით წავიდა პროცესი“, - განაცხადა ლევან სილაგავამ ,,რეზონანსთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, წელს საქართველოში ხორბლის იმპორტი გაიზარდა, ხოლო ფქვილის - შემცირდა. ჯამურად ქვეყანამ 75 მლნ დოლარამდე ღირებულების ხორბალი და ფქვილი იყიდა.
ფქვილის იმპორტი წელს, ღირებულებით გამოსახულებაში 45%-ით, მოცულობაში კი 60%-ით შემცირდა. 8 თვეში 6.8 მლნ დოლარის 19 630.6 ტონა პროდუქტი შემოვიდა ქვეყანაში.
მთავარი მომწოდებელი ამ შემთხვევაშიც რუსეთია. იმპორტმა 5.3 მლნ დოლარი და 17 350 ტონა შეადგინა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე