თამთა ჩაჩანიძე
(15.10.2025)

კრემლი საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდაზე კვლავ უარს აცხადებს და ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს. ერთის მხრივ ის 2022 წლის მარტიდან ევროპული საბჭოდანაა გარიცხული სამხედრო აგრესიის გამო, თუმცა, მეორეს მხრივ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არც ე.წ. ურთიერთობის დათბობის კუთხით გადაიხდის დაკისრებულ მილიონებს, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს აღიაროს, რომ დამნაშავეა.

"რუსეთი საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე.

„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ შევასრულებთ", - განაცხადა პესკოვმა.

დამატებით კითხვაზე, კომპენსაციის გადახდა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობას ხელს შეუწყობდა თუ არა, პესკოვმა უპასუხა, რომ „ეს ცალკე საკითხია".

„მიგვაჩნია, რომ ეს ცალკე საკითხია", - აღნიშნა პესკოვმა.

2022 წლის 16 მარტს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესსის გამო, რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს. ამავე წლის 16 სექტემბრიდან ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს. თავად რუსეთის ხელისუფლებაც პერიოდულად აცხადებს, რომ მისი გარიცხვის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ასრულებს, თუმცა, არც მანამდე ასრულებდა.

მაგალითად, 2019 წლის 31 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა 2006 წელს ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციისას ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის. თანხის გადახდის ვადად სასამართლომ 2019 წლის 30 აპრილი განსაზღვრა, თუმცა რუსეთი დღემდე არ ასრულებს ამ ვალდებულებას.

"საკომპენსაციო მილიონები არსად არ გაქრება"

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს. რომ რუსეთი არცერთ შემთხვევაში თავისი ნებით კომპენსაციას არ გადაიხდის, რადგან ამით ავტომატურად აღიარებს რომ დამნაშავეა.

"რუსეთი კომპენსაციას არ გადაიხდის, რადგან ამით გამოუვა, რომ ის დამნაშავეა ომში და აქედან გამომდინარე, ის დანაშაულს არ აღიარებს. ე.წ. ურთიერთობის დათბობის კუთხით იქ სავიჟო რეჟიმი გააუქმა და დათბობის მიზნითაც არ გადაიხდის კომპენსაციას.

"შესაძლებელია ევროპამ გზა გამოძებნოს ჩვენთვის ამ თანხის ანაზღაურების მიზნით. ვიცით, რომ რუსეთს 300 მილიარდი დოლარი აქვს გაყინული, საქართველოს რომ პრინციპული ხელისუფლება ჰყავდეს, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშად დამრღვევ ქვეყანას თანხის გადახდას მოსთხოვდა, ან ბოლობოლო ევროკავშირს სთხოვდა, რომ თავის დროზე რუსეთს რომ ეკუთვნოდა, იმ თანხა მოეცათ, მაგრამ ბუნებრივია საქართველოს ხელისუფლება ახლა ამას არ მოითხოვს",- განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს თანხები არსად არ წავა, აკუმულირდება და შესაბამის დროს რუსეთი მაინც გადაიხდის ამ კომპენსაციას.

"სტრასბურგის ბოლო გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ე.წ. რუსული მთავრობა, ანუ "ქართული ოცნების" ეროვნული ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის ინტერესების ბოლომდე დასაცავად იბრძვის ყველა საერთაშორისო სასამართლო ინსტანციაში. ეს პროცესი არ გაჩერდება, იმის მიუხედავად, თუ როგორი წინაღობები შეხვდება მას ოკუპანტი რუსეთისგან, ან რა უსირცხვილო კრიტიკა ექნება შიდა ნაცაქტორებისგან.

"რაც შეეხება თანხების გადახდას, ეს საკომპენსაციო მილიონები არსად არ გაქრება. ამ თანხების ე.წ. დაწვა არ მოხდება, აკუმულირდება და როდესაც ამის დიპლომატიურ-პოლიტიკური შესაძლებლობა იქნება, რუსეთს რასაკვირველია მისი გადახდა მოუწევს ქართველი ხალხისთვის და არა საქართველოს მთავრობისთვის.

"ეს არის ქართველი საზოგადოებისთვის მინიმალური კომპენსაცია რა ზარალიც მათ მოგვაყენეს სააკაშვილის თანაოკუპაციის წყალობით 2008 წელს. იმის ძალიან უბადრუკი მტკიცება, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ცდილობს კრემლის პოლიტიკა გაატაროს, ეს ფული უნდა დაბლოკოს და ა.შ. ისეთივე სამარცხვინო და უსუსურია, როგორც შარშამდელ არჩევნებში ე.წ. გაჟონილი ბიულეტენები და წელს, ე.წ. გადახერხილი ღობე პრეზიდენტის რეზიდენციაში",- განაცხადა აბაშიძემ.

სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 14 ოქტომბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპენსაციის თაობაზე სტრასბურგის სასამართლომ („საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", საქმის IV ფაზა) გადაწყვეტილება 2025 წლის 14 ოქტომბერს გამოაცხადა, რომლის მიხედვით, სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები.

შედეგად, რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.

სამინისტროსვე ცნობით, ამ საქმეზე 2024 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთს დაეკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობებისა და ამგვარი ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის ფონზე მიმდინარეობს.

„დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეების ლოგიკური გაგრძელებაა.

„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)" ე.წ. დეპორტირებულების საქმეში, რომელიც რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშირდებოდა, სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების მასობრივი დეპორტაციისა და მათ მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო რუსეთის ფედერაციას 10 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.

ასევე, საზოგადოებისათვის ცნობილია გადაწყვეტილება „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)" ე.წ. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, რომლითაც აგვისტოს ომისა და შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევებისთვის რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, მას რჩება გადაწყვეტილებების აღსრულების სამართლებრივი ვალდებულება და ყველა გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა ეკისრება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე