მარიამ ვეკუა
(15.10.2025)

პარლამენტმა 80-ხმით ერთხმად, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის გათვალისწინებით, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ. ოპოზიცია ხელისუფლებას ავტორიტარიზმში ადანაშაულებს, მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ქვეყნის ინტერესებს იცავს.

„ქართული ოცნების" კანონის პროექტი პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით გავიდა. მანამდე საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა.

საკანონმდებლო ცვლილებებით, კონკრეტული პარტია თუ იკრძალება, მის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ პასიური საარჩევნო უფლებით, ანუ მათ აღარ შეეძლებათ, იყვნენ არჩეული, მაგალითად - საქართველოს პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. ამავდროულად, მათ შეეზღუდებათ კონსტიტუციაში დასახელებული ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ, გახდნენ სხვა პარტიის წევრები. ასევე, ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები.

„ამ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ და მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და მოითხოვს როგორც კონკრეტული პარტიების აკრძალვას, ასევე მათთან დაკავშირებული პირებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი უფლებების შეზღუდვას, ჩვენს პოლიტიკაში ჩართული აგენტურა დასრულდება. ეს სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკასთან. ამავდროულად, ევროპის არაერთ ქვეყანაში არაერთი პარტიაა აკრძალული და არაერთ პირს აქვს შეზღუდული პოლიტიკური აქტივობა.- აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

ამასთან, პარტიას, რომელიც ასეთ პირებს საკუთარ რიგებში გააწევრიანებს, „სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა დაეკისრება.

გარდა ამისა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, მხარი დაუჭირა ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულზე გასამართლებულ პირებთან დაკავშირებით მომზადებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტსაც.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, ცვლილების თანახმად, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება არა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, არამედ იმპერატიულად, თუკი ამისთვის სამი წინაპირობა იარსებებს.

„პირველი პირობის თანახმად, მსჯავრდებული ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ისეთ ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულებზე, როგორიც არის: თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება, გაფლანგვა, ნივთის დაზიანება, განადგურება, ქონების გადამალვა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გულგრილობა და ა.შ.

მეორე პირობის თანახმად, მსჯავრდებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი. კიდევ ერთი აუცილებელი წინაპირობა არის ის, რომ დაზარალებული კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად წერილობით არ უნდა აცხადებდეს უარს მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

დღევანდელ სხდომიდან საინტერესოა ისიც,რომ, პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ორი ახალი მოსამართლე აირჩია. უმრავლესობის მხარდაჭერით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ლევან ნემსაძე და მიხეილ ჯინჯოლია გახდნენ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების" ინიციატივით ცვლილებები „ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში, „საარჩევნო კოდექსსა" და „სისხლის სამართლის კოდექსში" ხორციელდება. აღნიშნულ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს მიმდინარე კვირას მეორე და მესამე მოსმენით მიიღებენ.

ვინ არის პასუხისმგებელი?

გახარიას გუნდი მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტები „ოცნებას" ავტორიტარიზმთან უფრო აახლოვებს, ეს პროცესი კი იმ ოპოზიციონერებმა დააჩქარეს, რომლებიც 4 ოქტომბერს ქუჩაში გამოსვლის მოწოდებებს აჟღერებდნენ.

"ოცნების" ავტოკრატიული რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ საკუთარი ძალაუფლება, მათ შორის კანონმდებლობით გააძლიეროს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

„პოლიტიკური პროცესის მხოლოდ ქუჩის იმედად დატოვება, შემდეგ არჩევნების ბოიკოტი, რასაც მოჰყვა უკვე მშვიდობიანი დამხობა - მთელი ეს პროცესი არ მუშაობდა „ოცნების" საწინააღმდეგოდ და, როგორც აღმოჩნდა, მუშაობდა „ოცნების" სასარგებლოდ.

ჩვენ ვამბობდით იმასაც, რომ ამ 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიან დამხობას „ოცნება", რა თქმა უნდა, გამოიყენებდა საკუთარი ავტოკრატიული რეჟიმის გასაძლიერებლად. ეს ასეც მოხდა, ეს კანონპროექტები, ეს ყველაფერი არის იმ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის შედეგი. იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი, რომლებიც ადამიანებს 4 ოქტომბერს რუსთაველზე გამოსვლისკენ, ე.წ. მშვიდობიან დამხობაში მონაწილეობისკენ და არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ.

ამას ჰყავს თავისი კონკრეტული პასუხისმგებელი პირები ოპოზიციაში, თუნდაც ამ პარტიებმა და პოლიტიკოსებმა კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ."-განაცხადა შარაშიძემ.

ნაცმოძარობაში კი აცხადებენ, რომ „რეჟიმს არ სჭირდება დამატებითი მოტივაცია რეპრესიებისთვის, ისედაც იმავეს იზამდა".

„ყველა, ვინც 4 ოქტომბრის ორგანიზატორების ჩაქოლვას ემსახურებით ან ცდილობთ, ის ნარატივი მოახვიოთ თავს, რომ „რეჟიმს დამატებითი არგუმენტაცია მისცა რეპრესიებისთვის", ხართ ან მავნებლები, ან რეჟიმის სასარგებლო იდიოტები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ეს ჯერ კიდევ აპრილში დაგვიანონსა ბიძინა ივანიშვილმა, მერე არაერთხელ გაიმეორა კობახიძემ. 4 ოქტომბრის მოწოდება ათონელზე არალეგიტიმური არ ყოფილა, რაზე დაობთ? რეჟიმი თუ მართავს ქვეყანას და კონსტიტუციური ჩარჩოდან გასულია, „შეჭრა" არ ჰქვია საქართველოს მოქალაქეების უფლებას, თვითონ აიღონ ძალაუფლება ხელში. გაიქცა რომელიმე ლიდერი? ან დაიმალა? საკუთარი თავგანწირვით ანახეს ის, როგორ უნდა ბრძოლა და სად არის რეჟიმის დამარცხების გზა! „-განაცხადაანა წითლიძემ.

მმართველ გუნდშიკი ამბობენ, რომ „ოცნება" ხალხისთვის მიცემულ პირობას ასრულებს:

„რეალურად, ქვეყანაში არანაირი ოპოზიციური ხმა არ არსებობს. ხმა, რომელიც ისმის და ქმედებები, რომელსაც ვხედავთ, არ არის ოპოზიცია, ესენი არიან ქვეყნის დესტრუქციისთვის მოქმედი ძალები, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„შესრულდება „ქართული ოცნების" დაპირება - ქვეყანა გათავისუფლდება იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ქვეყნის ჯაყჯაყით არიან დაკავებული და სურვილი აქვთ, ხელისუფლებაში აგენტურა იყოს. მათი დავალება კი ქვეყანას ომში გადაჩეხავს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე