პარლამენტის წინ მიმიდინარე პროტესტზე მისვლა გახდა ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. მთავრობის განცხადებით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა "ცრუ განცხადებები" გააკეთა და "კანონსაწინააღმდეგო მიტინგში" მიიღო მონაწილეობა.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი ისედაც დაძაბულ ურთიერთობას მეტად ვეღარ დაძაბავს და მაქსიმუმ განცხადებებით შემოიფარგლონ.
"ოცნებაში" ამბობენ, რომ ეუთო-ს თავმჯდომარესთან დამატებითი შეხვედრა "აზრს მოკლებულია", რადგან "ავრცელებს აბსოლუტურ სიცრუეს და ცდილობს, რამენაირად გაამართლოს ის დანაშაულებრივი ქმედებები, რაც 4 ოქტომბერს მიმდინარეობდა".
ოპოზიციაში კი ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებაზე საუბრობენ, მათი შეფასებით აქედან "ერთი ნაბიჯია დიპლომატების გაძევებამდე და საზღვრის დაკეტვამდე".
ეუთო-ს თავმჯდომარე საქართველოს 14 ოქტომბერს ეწვია, ის ამავე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც განცხადებებიც გააკეთეს. მოგვიანებით კი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა. ელინა ვალტონენი პროტესტის მონაწილეებს გაესაუბრა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ეუთოს თავმჯდომარეს მათი პროტესტის შინაარსზე და გეგმებზე ესაუბრნენ.
15 ოქტომბერს ელინა ვალტონენი საოკუპაციო ხაზთანაც მივიდა და განცხადებაც გაავრცელა. მისი განცხადებით, ფინეთი, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„დღეს ვნახე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შესანიშნავი მუშაობა ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით ადგილობრივი თემების საკეთილდღეოდ. ეუთო და ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი კრისტოფ სპეტი მისიასთან ერთად მუშაობენ ამ მნიშვნელოვანი ძალისხმევის მხარდასაჭერად.
„ფინეთი, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, როგორც ეს გათვალისწინებულია ჰელსინკის პრინციპებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაუბრუნდეს კონფლიქტამდე პოზიციებს", - წერს ვალტონენი.
15 ოქტომბერს გააუქმა პრემიერმა შეხვედრაც.
„გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
ახალი დიპლომატიური დემარში დაძაბული ურთიერთობის ფონზე
როგორც ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, ევროპასთან ურთიერთობა იმდენად გამწვავებულია, რომ ნაკლებად მოსალოდნელია მეტი გამწვავება მოჰყვეს.
"საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აქციაზე მისვლის საპასუხოდ შეხვედრის გაუქმება, ამას დიპლომატიურ ენაზე უზრდელობა და უტაქტობა ჰქვია, მეტი არაფერი. ურთიერთობა ისედაც იმდენად გამწვავებულია, რომ არ მგონია ამას უფრო მეტი გამწვავება მოჰყვეს. უბრალოდ ახლა ევროკავშირიც და აშშ-ც ერთგვარ მომლოდინე რეჟიმშია საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
"იქ საქართველო მაინც რეგიონულ კონტექტში განიხილება და ცალკე სახელმწიფოდ ნაკლებად. მგონია, რომ ყველა ელოდება გაზაფხულზე სომხეთში არჩევნებს. თუ იქ პროდასავლურმა ძალებმა გაიმარჯვეს, ანუ თუ ხელისუფლებაში ფაშინიანი დარჩა, მაშინ ევროპელებისა და ამერიკელების დამოკიდებულება საქართველოსთან კიდევ უფრო გამოკვეთილი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ იქ პრორუსულმა ძალებმა გაიმარჯვეს, მაშინ სხვა დამოკიდებულება იქნება. ძირითადად მაგის მიხედვით იქნება განსაზღვრული. ამჯერად დიდი-დიდი განცხადებებით შემოიფარგლონ, ამას მემგონი რამე სანქციები არ მოჰყვება",- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ურთიერთობების დამატებითი დაძაბვა არ მოჰყვება და იგივე დარჩება, რაც აქამდე იყო.
"იგივე იქნება,ურთიერთობების არავითარი დამატებითი დაძაბვა. ისე ღრმად შეტოპეს, რომ ახლა მათი უკანდახევა სახის დაკარგვას ნიშნავს, ნიშნავს იმის აღიარებას, რომ არ იყვნენ მართლები და შეგნებულად აყოლებულები იყვნენ ტყუილს.
"ეუთო-ს ერთ-ერთ ბოლო სამიტზე მომხდარი სკანდალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სადაც ქართული დელეგაციაც ესწრებოდა, შვეიცარიის წარმომადგენელმა თქვა, რომ შარშან საპარლამენტო არჩევნებზე თვითონ იყო დამკვირვებელი და არჩევნები იყო შესანიშნავი, არავითარი გაყალბება და დარღვევები არ ყოფილა.
ეს ევროპაში ზოგოერთებს არ მოეწონათ, ვინც ფიქრობს, რომ სხვა პარტიამ გაიმარჯვა და ამის გამოა ეს დევნა. ვერავინ უთხრა იმ ადამიანს რატომ საუბრობ ასე და მართალი არ ხარო, გაჩუმდნენ და ახლაც ასეთ დღეში არიან",- განაცხადა მამრაძემ.
რა გზავნილია აქციაზე მისვლა
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გვეუბნება, რომ ესაა მინიმუმ იმის გამოხატვა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს ევროპის სიმპატია აქვს.
"აქციაზე მისვლა თავისთავად იყო ის გზავნილი, რომ ის პროტესტი, რაც ხელისუფლების წინააღმდეგაა, როგორც მინიმუმ ეუთოს და ევროკავშირის ყურადღებით და სიმპატიით სარგებლობს. იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი და ეს უამრავ რეზოლუციაშიც ითქვა და უამრავ განცხადებაშიც, ეს არის ანტიევროპული, ანტიდასავლური და მეტიც, დასავლეთთან და ევროკავშირთან მძაფრად დაპირისპირებული.
"საერთოდ არცერთი სახელმწიფო არ იყენებს იმ ლექსიკას ევროკავშირთან ურთიერთობებში, რასაც საქართველოს ხელისუფლება. ასე არ ლაპარაკობს არც რუსეთი, არც ირანი და საერთოდ არავინ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ეუთო-ს თავმჯდომარის ინტერესია მოისმინოს ოპოზიციონერთა აზრი, მივიდეს და შეხედოს თავის თვალით მართლა ექსტრემისტები არიან შეკრებილები, თუ რეალურად სამოქალაქო აქტივისტები",- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი გვეუბნება, რომ ესაა საქართველოს სახელმწიფოს დასჯა, თუმცა, ეს ეუთო-სთვისაა ცუდი, რადგან "ნუ გვაქვს წარმოდგენა, რომ ის მძლავრი ორგანიზაციაა".
"ისევ აგრძელებენ იმ ხაზს, ესაა საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისად, სახელმწიფოს დასჯა იმის გამო, რომ მორჩილი კლიენტი და დაბალი ღობე ეგონათ და ასე არ აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი და მშვიდობა დაიცვა და ასე გრძელდება.
" ეს ეუთო-სთვისაა ცუდი, ნუ გვაქვს წარმოდგენა, რომ ის რაღაცა მძლავრი ორგანიზაციაა. ამაზრზენი ისაა, რომ ყველაფერი ტყუილზეა აგებული. როცა ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად პრესკონფერენცია იყო, გამოვიდა ეს ქალბატონი და ტყუილები ილაპარაკა, რომელიც მთლიანად ეწინააღმდეგება ფაქტებს, რაც მათთვის ცნობილია. ეს ამაზრზენია, მაინც წავიდა, რაც დავალებული ჰქონდა და ანტიეროვნული ძალების გვერდით დადგა რუსთაველზე მიტინგზე",- განაცხადა მამრაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე