სტრასბურგის სასამართლომ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დააკისრა. როდის და როგორ აღსრულდება გადაწყვეტილება უცნობია, თუმცა მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ და სხვა მოგებულ საქმეებში კომპენსაციის მიღებაზე მუშაობა მიდის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან საქართველოს აქტიური ჩართულობით. ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის - ამ ეტაპისთვის რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის, კომპენსაციის სახით, უკვე თითქმის 400 მილიონი ევრო აქვს გადასახდელი.
„თუნდაც ის, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს ქართული მხარისთვის პოლიტიკური გამარჯვებაა, რაც მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ იგივე ოკუპაციასთან დაკავშირებით... ამას მორალური და პოლიტიკური განზომილება მაინც გააჩნია მომავალში რუსეთთან ამ თემაზე საუბრისას", - განაცხადა „რეზონანსთან" თსუ-ს პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ.
საქმე ისაა, რომ 2022 წლის 16 მარტს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესსის გამო, რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს. ამავე წლის 16 სექტემბრიდან ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს. თავად რუსეთის ხელისუფლებაც პერიოდულად აცხადებს, რომ მისი გარიცხვის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ასრულებს, თუმცა, არც მანამდე ასრულებდა. მაგალითად, 2019 წლის 31 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა 2006 წელს ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციისას ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის. თანხის გადახდის ვადად სასამართლომ 2019 წლის 30 აპრილი განსაზღვრა, თუმცა რუსეთი დღემდე არ ასრულებს ამ ვალდებულებას.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპენსაციის თაობაზე სტრასბურგის სასამართლომ („საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", საქმის IV ფაზა) გადაწყვეტილება 2025 წლის 14 ოქტომბერს გამოაცხადა, რომლის მიხედვით, სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები. შედეგად, რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.
სამინისტროსვე ცნობით, ამ საქმეზე 2024 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთს დაეკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობებისა და ამგვარი ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის ფონზე მიმდინარეობს.
„დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეების ლოგიკური გაგრძელებაა.
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)" ე.წ. დეპორტირებულების საქმეში, რომელიც რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშირდებოდა, სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების მასობრივი დეპორტაციისა და მათ მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო რუსეთის ფედერაციას 10 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.
ასევე, საზოგადოებისათვის ცნობილია გადაწყვეტილება „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)" ე.წ. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, რომლითაც აგვისტოს ომისა და შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევებისთვის რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, მას რჩება გადაწყვეტილებების აღსრულების სამართლებრივი ვალდებულება და ყველა გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა ეკისრება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია ამ გადაწყვეტილებას ქართული მხარის პოლიტიკურ გამარჯვებად აფასებს, თუმცა ფიქრობს, რომ კომპენსაციის გადახდას უახლოეს პერსპექტივაში არ უნდა ველოდოთ.
„უცნობია სამართლებრივად ეს როგორ მოხდება, მაგრამ თუნდაც ის, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს ქართული მხარის პოლიტიკური გამარჯვებაა, რაც მნიშვნელოვანია რომ გამოვიყენოთ იგივე ოკუპაციასთან დაკავშირებით.
„მართალია, რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს და არ ასრულებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ მორალური და პოლიტიკური განზომილება (ამ გადაწყვეტილებას) მაინც გააჩნია მომავალში რუსეთთან ამ თემაზე საუბრისას.
„თუ რუსეთი ოდესმე ნორმალური განვითარების გზას დაუბრუნდა და ამ დროს ჩვენც ვიქნებით იმ სიტუაციაში, რომ ეს (კონფლიქტი) მოლაპარაკებებით და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიხედვით გადაიჭრას, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ამ ეტაპზე კომპენსაციის მიღება მოსალოდნელი არაა. მარტო საქართველოსთან მიმართებაში არა, რუსეთს უამრავი სხვადასხვა გადასახდელი თანხები აქვს დაგროვებული", - განაცხადა მან.
კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ ამ კომპენსაციის საკითხში თავად საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთოს აქტიურად, როგორც უკრაინასთან მიმართებაში ეძებენ სხვადასხვა გზებს, კაკაჩიამ გვითხრა:
„ესეც პოლიტიკური ნაწილია, თუ საქართველოს საკითხი რამდენად მნიშვნელოვანია, თვითონ საქართველოს მთავრობა რამდენად გაუწევს პედალირებას და რამდენად აქტიური იქნება და რამდენად მოითხოვს ამას", - განაცხადა კაკაჩიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე