ნატალია ჯვარიძე
(14.10.2025)

ჩაშლილი „მშვიდობიანი რევოლუციის" შემდეგ, ოპოზიციაში ერთმანეთის კრიტიკა არ ცხრება. ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 4 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობეზე თავდასხმაში ოპოზიციის ნაწილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე საუბრობს. ამას ენმ-დან საპასუხო განცხადება მოჰყვა და ყოფილ პრეზიდენტს მოუწოდეს, რომ „პროფესორობას შეეშვას".

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის კომენტართან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ ღობეები თავდასხმისთვის წინასწარ იყო მომზადებული და სცენარი, შესაძლოა, ოპოზიციის ზოგიერთი ნაწილის გამოყენებით ყოფილიყო განხორციელებული.

წითლიძის თქმით, ოპოზიციასთან დაკავშირებით გაკეთებული მსგავსი განცხადებები „უსაფუძვლო პროფესორობაა".

„შეეშვან რაღაც შეთქმულების თეორიებს. ღობესთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვითქვამს. მეც იქ ვიყავი, ათონელზე და არასოდეს არ დამიმალავს ეს. ათონელზე ჩასვლა იყო დაგეგმილი და ჩავედით, მაგრამ რაც იქ მოხდა, ეს არ იყო გეგმის ნაწილი. ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ - სალომე ზურაბიშვილი შეეშვას პროფესორობას ამ ნაწილში-მეთქი. ადამიანები არიან ციხეში რუსული საოკუპაციო რეჟიმის შურისძიების შედეგად, მათ შორის ამ ნაწილში. კონკრეტული განმარტების გაკეთება თუ დასჭირდებათ, როდესაც თავად ჩათვლიან საჭიროდ, დარწმუნებული ვარ, განცხადებას გააკეთებენ. ახლა იქ ვიღაც ოპოზიციის ნაწილის და ოპოზიციის და ა.შ. - მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება არის მხოლოდ რაღაც უიმედო, უსაფუძვლო პროფესორობა", - განაცხადა წითლიძემ.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა პრაღაში „Forum 2000"-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ მმართველ პარტიას სურს საქართველოში არსებული წინააღმდეგობის მოძრაობის დისკრედიტაცია.

ანალიტიკოსი, რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ამგვარი განცხადებები მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.

„პურის საყიდლად კაცი ავეჯის მაღაზიაში რომ შევიდეს, იშოვის? ყველა მიზანს თავისი ადეკვატური ნაბიჯი სჭირდება. თუ არასწორ ნაბიჯს დგამ, მიზნამდე ვერ მიხვალ. „ხელისუფლება მინდაო" - იძახიან და რევულიციის მოხდენას აპირებენ ნაკლები ადამიანებით. ამ დროს, რევოლუციის მცოდნე ისეთი კაცი, როგორიც ლენინი იყო, ამბონდა - რევოლუციის მოსახდენად საჭიროა მასებს ცვლილება უნდოდეთ და ხელისუფლებას არ შეეძლოს თავის დაცვა. ამ ორი ლენინური პრინციპიდან რომელიმე არის ახლა? ჯერ ერთი, ეს პრინციპები არ იციან და იმის იმედზე არიან, უცხოეთი რას ეტყვის. ამ დროს კი უცხოეთი ყველაფერს სათავისოდ ეუბნება, ამათ სასარგებლოდ არაფერს. ასე რომ, ეს არ არის რევოლუციის გზა, რომ უცხოეთს ჰკითხონ, რა ვქნათო. რევოლუციის მოხდენის საფუძვლები არ ჩანს.

„ზოგადად, არაადეკვატურად მოქმედებენ და ახლა ვინ ვის უღალატა, არასწორი რეპლიკებია. თუ ვინმემ უღალატა ოპოზიციას, ესე იგი ოპოზიციაა უვარგისი. კაცს რომ ცოლი უღალატებს, კაცის ბრალია. ქალბატონი სალომე ამ განცხადებით სწორედ რომ ოპოზიციის უვარგისობას უსვამს ხაზს, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ასეთი განცხადებები ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე