17 ნოემბერს უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები ვაშინგტონში შეხვდებიან. ვიზიტის სავარაუდო მთავარი საკითხი საჰაერო თავდაცვა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები იქნება. სავარაუდოდ, სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება საბოლოოდ, მიიღებს თუ არა უკრაინა აშშ-სგან „ტომაჰავკის" ტიპის რაკეტებს, რაც მოსკოვში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, ამის გარდა, კიდევ რამდენიმე შეხვედრა იქნება თავდაცვის კომპანიებთან და შესაძლოა კონგრესმენებთანაც.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ პარასკევს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, უმასპინძლებს თუ არა ზელენსკის თეთრ სახლში, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „ვფიქრობ, რომ დიახ".
ამასთან, მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეუძლია ხელი შეუწყოს რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარებას.
„მას რუსეთი პატივს სცემს. უკრაინაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მას პუტინი პატივს სცემს და ის (ერდოღანი) ჩემი მეგობარია", - განაცხადა ტრამპმა.
ზელენსკის განცხადებით, ვიზიტის მთავარი საკითხი საჰაერო თავდაცვა და შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობები იქნება.
„შესაძლებლობა მექნება ვაშინგტონში ჩავიდე და პარასკევს პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე. ვფიქრობ, განვიხილავთ ნაბიჯებს, რომელთა შეთავაზებასაც ვგეგმავ. ჩვენს შორის დიალოგისა და მხარდაჭერისთვის პრეზიდენტ ტრამპის მადლობელი ვარ.
„კიდევ რამდენიმე შეხვედრა იქნება, მათ შორის, თავდაცვის კომპანიებთან და შესაძლოა კონგრესმენებთანაც. ასევე, შევხვდები ენერგეტიკულ კომპანიებს. ეს პრეზიდენტ ტრამპის წინადადება იყო და ეს აუცილებელია, რადგან ამის გადაუდებელი საჭიროებები არსებობს", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, ეს შეხვედრები ტრამპმა შესთავაზა და უკავშირდება და რუსეთის მხრიდან მასშტაბულ საჰაერო დარტყმებს უკავშირდება:
„ეს აუცილებელია - ეს პრეზიდენტ ტრამპის წინადადება იყო და მე შევხვდები ამ კომპანიებს, ვინაიდან არსებობს მწვავე საჭიროებები, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა ფორმატის თავდასხმებთან, არა ისეთთან, რომლებიც რუსეთმა უკვე განახორციელა. ნებისმიერ შემთხვევაში, მზად უნდა ვიყოთ".
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის დელეგაცია ვაშინგტონში 14 ოქტომბერს უკვე გაემგზავრა.
„უკრაინის დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა: პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და დიპლომატიური სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი. ისინი შეხვედრებს გამართავენ", - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, თუ შეერთებული შტატები უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაში მინსკის როლს დაინახავს, ბელარუსი მზადაა მოლაპარაკებებში ჩაერთოს.
„თუ ამერიკელებს სურთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება და იქ ჩვენს რაიმე მცირე როლს ხედავენ, მზად ვართ მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ განვაცხადეთ ჩვენი პოზიციის შესახებ - მშვიდობა და მხოლოდ მშვიდობა", - განაცხადა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, უკრაინა უნდა არსებობდეს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო.
„ჩვენ ომის ახლავე შეჩერების მომხრე ვართ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო გაქრება", - აღნიშნა ლუკაშენკომ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე