ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 5 ბავშვის მშობლები - ქრისტი და ვიტალი, დაშორდნენ. ამის შესახებ ვიდეომიმართვიდან ხდება ცნობილი, რომელსაც ზანდა ზოიძე ავრცელებს. ვიდეომიმართვაში ქრისტი მისი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ტრაგედიაზე და მეუღლესთან დაკავშირებულ თემაზე საუბარი ძალიან უჭირს.
“როდესაც პატარების ამბავი მოხდა, ძალიან დიდ შოკში ვიყავი. ვტიროდი, ხმები მესმოდა, მაგრამ წამლებით ვიყავი გაბრუებული. ვგრძნობდი, მაგრამ მიჭირდა ხმის ამოღება... ძალიან ძნელია ჩემთვის მათ ადგილას ყოფნა,“ - ამბობს ქრისტი.
“მეგონა, რომ ჩემს მეუღლესთან ერთად გადავლახავდი ამ დიდ ტკივილს, მაგრამ ასე არ მოხდა. ბავშვების შემდეგ დავიწყე ახალ ანგელოზზე ფიქრი, რომ ჩემს შვილებს გააცოცხლებდა ის პატარა ანგელოზი. მერე რომ ვიფიქრე, არც ერთი შვილი და არც ერთი ადამიანი ვერ გამიცოცხლებს იმ ტკივილს, რასაც გულით ვატარებ ჩემი პატარების სახით. ძალიან მიჭირს, მართლა არ შემიძლია ბავშვების გარეშე. ძალიან ძნელია ჩემთვის ბავშვების გარეშე ყოფნა, ძალიან ძნელი...
ჩვენ მოგვივიდა ჩხუბი როცა პატარები გვყავდა და ისე ვიჩხუბეთ, რომ გაშორება გვქონდა გადაწყვეტილი. მერე ისეთ დღეში იყო, რომ გადავიფიქრე, თორემ მინდოდა ბავშვების დედაჩემთან წაყვანა. მე რომ ჩემი ანგელოზები დედაჩემთან წამეყვანა, ახლაც ცოცხლები იქნებოდნენ. ძალიაn გამიჭირდა ამაზე ფიქრი, მაგრამ როცა ვიჩხუბეთ, მარტო იმას ვფიქრობდი რომ ბავშვებთან ერთად წავსულიყავი დედაჩემთან.
ახლა, ამხელა ტკივილის შემდეგ, არ მეგონა ისევ ასე თუ მეტკინებოდა გული და გადავწყვიტე, რომ მეუღლესთან დავასრულო ურთიერთობა. ჩემთვის ძალიან რთულია ამ ორი ტკივილის გადატანა ერთად, მაგრამ ვიცი, რომ ჩემს შვილებს არ გაუხარდებოდათ მე რომ ცუდად ვიყო,“ - აცხადებს ის.
როგორც ქრისტი გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნავს, გადაწყვეტილი აქვს, რომ შეგროვებულ თანხას გადასცემს სხვა მშობლებს.
“მინდა, რომ ჩემი პატარების სახით ანგელოზი დაიბადოს და თანხა გადავცე იმ მშობლებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ,“ - ამბობს ქრისტი.
ტრაგედია სოფელ საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში, მიმდინარე წლის 5 იანვარს მოხდა. სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბებიასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან საახალწლოდ სტუმრად ჩასული ხუთი შვილიშვილი იმყოფებოდა. ბებიამ გასათბობად ღუმელის ანთება გადაწყვიტა, რა დროსაც ნავთი ბენზინში აერია და აღნიშნულმა ხანძარი გამოიწვია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე