მმართველ გუნდში ბოლო რამდენიმე კვირაა აქტიურად საუბრობენ პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაზე. 4 ოქტომბრის, წარუმატებელი მშვიდობიანი რევოლუციის შემდეგ, ამ საკითხმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიიღო. გამოჩნდებიან თუ არა ოპოზიციურ ველზე ახალი პარტიები, რა შეიცვალა 4 ოქტომბრის შემდეგ და რას უნდა ველოდოთ - ამ თემაზე ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ.
ამასობაში, საინტერესოა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილა იურისტმა, ვიქტორ ყიფიანმა შესაძლოა ახალი პოლიტიკური პარტია შექმნას და ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი" პოლიტიკურ პარტიად კონფიგურირდეს, ამის შესახებ ვიქტორ ყიფიანმა თავადვე განაცხადა.
„ჩვენს ანალიტიკურ ცენტრშიც მიდის დუღილი და მსჯელობა იმის თაობაზე, რომ შესაძლოა გარკვეულწილად გავიდეთ ანალიტიკური ცენტრის საქმიანობიდან და ვიფიქროთ და ვიმოძრაოთ, როგორც პოლიტიკურმა სუბიექტმა"-განაცხადა ყიფიანმა.
4 ოქტომბრის შემდეგ- რა შეიცვლება ოპოზიციურ ველზე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, რომ დღევანდელი მოცემულობით შესაძლოა ახალი პოლიტიკური ძალები პოლიტიკურ ველზე გამჩნდნენ, თუმცა, მისივე თქმით, ეს ხანგრძლივი პროცესის ნაწილია.
„ქართული ოცნებაში დიდი ხანია ამაზე ლაპარაკობენ. თუმცა, მათი საქმე არაა, როგორი იქნება ოპოზიცია და შეიქმნება თუ არა ახალი ძალები. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ რაღაც ახალი ძალები გამოჩნდებიან პოლიტიკურ ასპარეზზე. თუმცა, რამდენად წარმატებული იქნება მათი ჩამოყალიბება, ეს კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, და არავინ იცის, რა და როგორ იქნება.
თავის მხრივ, პროცესი წარმოშობს ახალ პოლიტიკურ პარტიებს. 4 ოქტომბერი შეიძლება ითქვას, იყო ერთგვარი წყალგამყოფი „დაანონსებული რევოლუციისა" და ახალი ეტაპის საწყისს შორის. თუმცა ჯერჯერობით არა მგონია, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად განვითარდეს, რადგან მთელი საზოგადოება ჯერ კიდევ 4 ოქტომბრის პროცესების გავლენის ქვეშ არის.
შესაძლოა ხვალვე გამოცხადდეს, რომ რომელიღაც ჯგუფი პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება, მაგრამ, პოლიტიკური ძალად ჩამოყალიბებას გარკვეული დრო სჭირდება. გაზაფხულის ბოლოსთვის შესაძლოა რაღაც ახალი ვიხილოთ, მანამდე კი არა მგონია, პოლიტიკურ ველზე სერიოზული ძალა გამოჩნდეს" - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ კი ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლებიც შესაძლოა ოპოზიციურ სპექტრში განხორციელდეს, არ გამორიცხავს, რომ ახალი პარტიები გამოჩნდნენ, თუმცა, აღნიშნავს, რომ ამ პარტიებს წინ დიდი გამოცდა ელით.
„უწინარესად, ძალიან დიდ ზემოქმედებას რადიკალურ ოპოზიციურ ველზე მოახდენს სამომავლო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „ქართული ოცნება" დარწმუნებით ამბობს, რომ აიკრძალება „ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტები. რასაკვირველია, ქართული პოლიტიკური სპექტრი მდიდარია სხვადასხვა პოლიტიკოსებით და ეს არ სრულდება, არც იწყება ნაცმოძრაობითა და მისი განშტოებებით.
როცა დაინახავენ ეს თუ ის, ამჟამად აქტიურები სოციალურ ქსელებში თუ სხვა პატარ-პატარა გადაცემებში მოლაპარაკე პოლიტიკური აქტორები ან ექსპერტები, რასაკვირველია, ეს ნიშა შეივსება.
ვფიქრობ, გარკვეულწილად, არის ის მოთხოვნა რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს კონსერვატიული მიმართულება ქართულ პოლიტიკურ ველზე, თუმცა რასაკვირველია, არის მემარცხენეობის მოთხოვნაც. ახალმა პარტიებმა, უწინარესად, უნდა იზრუნონ იმაზე, რომ არ იყვნენ აფილირებული ამ ორ მეინსტრიმულ ძალასთან- გასაგებია, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი ყველა ნაწილი ვერ აიკრძალება, და რაღაც დიდი ნაწილი დარჩება, გარდა იმათი ვინც დანაშაულებრივ რეჟიმში თანამდებობებზე იყვნენ. თუმცა ამ ახალ პარტიებს წინ დიდი გამოცდა ელით."-განაცხადა აბაშიძემ.
„მხოლოდ გამოცხადება არ კმარა"
ანალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს ვიქტორ ყიფიანის ანონსზეც, სადაც ანალიტიკური ცენტრის პოლიტიკურ მოძრაობად გარდაქმნაზე საუბრობს, გია აბაშიძეს თქმით, ყიფიანის „მესიჯბოქსი" არაფრით განსხვავდება ნაცმოძრაობის „მესიჯბოქსისგან"
„ვიქტორ ყიფიანი გამოირჩეოდა როგორც აკადემიური პერსონა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მას პირადი კომერციული კონფლიქტი ჰქონდა ივანიშვილთან, გადაწყვიტა რადიკალიზაციის გზაზე დამდგარიყო.
ვიქტორ ყიფიანმა, როგორც აკადემიურმა და რაფინირებულმა პერსონამ, დიდი კრახი განიცადა, როცა დაიწყო რადიკალურ აქციებზე სიარული და მონაწილეობდა გმირთა მოედანზე იმ სამარცხვინო ბლოკირების აქციაზე, როცა რადიკალები უპირისპირდებოდნენ თბილისელ მძღოლებს და გადაადგილებას ავიწროებდნენ.
ამით ყიფიანი თავის სოციალურ ქსელებში ამაყობდა. ყიფიანის მესიჯბოქსი არაფრით არ განსხვავდება ნაციონალური მოძრაობის მესიჯბოქსებისგან. ამიტომ, თუ ის იმ გზას ადგას, რასაც „ლელო" და გახარიას პარტია, შესაძლოა უფრო სავალალო შედეგიც მიიღოს."-განაცხადა აბაშიძემ
ვახტანგ ძაბირაძე კი პროცესების განვითარებას ელოდება, ამბობს, რომ „მხოლოდ სურვილი და გამოცხადება" არ კმარა.
„ვიქტორ ყიფიანის ინტერვიუც ვნახე. მან აღნიშნა, რომ არსებობს ასეთი იდეა, თუმცა თავად ამბობს, რომ ამის განხორციელებას გარკვეული დრო სჭირდება და ჯგუფს ჯერ კიდევ ბევრ რამეზე ჩამოსაყალიბებელი სამუშაო აქვს. ცხადია, წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ მხოლოდ გამოცხადება და სურვილი, რომ კმაროდეს, რავიცი...
ჩვენთან პარტიები ბევრია, თუმცა პოლიტიკური წონა რამდენად აქვთ, ესაა გასარკვევი. ვნახოთ, რა იქნება - თუ გაჩნდება ეს ძალა და ექნება საზოგადოების მხარდაჭერა, კარგია, მაგრამ ჯერ პროცესი დუღს და ამ დუღილის შემდეგ რა შედეგი იქნება, ეს საინტერესოა."-განაცხადა ძაბირაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე