გიორგი შვანგირაძე: "რაიონებში სამშენებლო პროცესის გადატანა არ უღირს ბიზნესს, ამისთვის იქ დამატებით ფულს არავინ გადაიხდის"
ქეთო გოგოხია
(13.10.2025)

რეგიონებში მუშახელის დიდი დეფიციტია. ეს დამატებით კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის ტემპი დაბალია. განსაკუთრებით პრობლემა აქვს მშენებლობის მიმართულებას, რომელიც ძირითადად თბილისსა და -1-2 დიდ ქალაქში ვითარდება და მისი ფართოდ გაშლა სხვადასხვა რეგიონში ვერ ხერხდება. ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტებიდან დიდია მიგრაცია, ამიტომ ადგილზე არ რჩება მეტ-ნაკლებად პროფესიონალი კადრი, რომელიც დამკვეთის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

შესაბამისად, ბიზნესისთვის რეგიონებში მშენებლობა უფრო ძვირია და რიგ შემთხვევაში არც უღირს, რის გამოც მთელი ინტერესი დედაქალაქზეა გადატანილი. აღნიშნულთან დაკავშირებით გაამახვილა ყურადღება  ამ რამდენიმე ღის წინ ,,ინნ ჯგუფის" თანადამფუძნებელმა პაატა კოკაიამ. მისი თქმით, ბაზარზე პროფესიონალი კადრები არ არიან, უფრო მეტი მშენებლობაა, ვიდრე ხელოსანი.

,,ჩვენ წელს დავამთავრეთ 1000 ბინაზე მეტი."`ქუთაისი ინნ"-ში საცურაო აუზიც გავხსენით - ცალკე მდგომი შენობა და ერთი ხელოსანიც კი ვერ ვიშოვეთ ამხელა ქალაქში. ყველა ჩავიყვანეთ თბილისიდან, ამიტომ  დაახლოებით 15-20%-ით მეტის გადახდა მოგვიწია. 

საშუალოდ, კვალიფიკაციის მიხედვით ხელოსნის ხელფასი არის 5000 - 6000 ლარი, მაგრამ პროფესიონალი კადრებია არ არიან. უფრო მეტია მშენებლობა, ვიდრე ხელოსანი“, - აღნიშნა პაატა კოკაიამ „ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას.

სამშენებლო ბიზნესის თვალსაზრისით, რეგიონებში ჩამორჩენას სხვადასხვა ფაქტორით ხსნის ინჟინერ-მშენებელი გიორგი შვანგირაძე. მისი შეფასებით, გაზრდილი მიგრაციის პირობებში შრომისუნარიანი მოსახლეობა საცხოვრებლად თბილისში გადადის ან სხვა ქვეყანაში მიდის სამუშაოდ, რის გამოც რეგიონებში კადრების სიმცირეა და შესაბამისად, უძრავი ქონების მიმართ არც ინტერესი არსებობს.

,,რეგიონებში მოთხოვნა ფაქტობრივად არ არის, უძრავი ქონებით იქ არც ადგილობრივები ინტერესდებიან და მით უმეტეს, არც უცხო ქვეყნების მოქალაქეები ყიდულობენ. ამ კუთხით იქაურობა ნაკლებად მიმზიდველია. მთელი დატვირთვა თბილისზეა, სადაც ასევე არის კადრების დეფიციტი, განსაკუთრებით ეს კვალიფიციურ მუშახელს ეხება და საბოლოოდ მშენებლობის გაძვირებას იწვევს. 

პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაიონებში სამშენებლო პროცესის გადატანა აღარ უღირს ბიზნესს, ამისთვის იქ დამატებით ფულს არავინ გადაიხდის, იაფი მუშახელი ურჩევნიათ. ამიტომ ძალიან ბევრგან მუშაობენ კიდეც უცხოელები -  აზერბაიჯანელები, თურქმენები, უზბეკები, ინდოელები და ა.შ. რეგიონებში ხალხი ცოტაა, უცხოელები იქ არ ჩადიან, ასეთ შემთხვევაში ისმის კითხვა - რა აზრი აქვს ასეთ სიტუაციაში პერიფერიებში ბინათმშენებლობების გააქტიურებას? სამწუხაროდ, ხალხის მიგრაცია თბილისშია, სხვა ქალაქებში კი სახეზეა გამოკვეთილი პრობლემა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გიორგი შვანგირაძემ და დასძინა, რომ შექმნილ სიტუაციაში გამოსავალია, მოხერხდეს კადრების გადამზადება და სამუშაო ადგილები შეიქმნას რეგიონებში, რაც თბილისზე დაწოლას შეამცირებს, ხოლო ადგილობრივებს რეგიონებში დაბრუნების მოტივაციას გაუზრდის.

,,კადრების და სამუშაო ადგილების საკითხის მოგვარებას კერძო ბიზნესი საკუთარ თავზე ვერ აიღებს. ამისთვის სახელმწიფო პროგრამები უნდა იყოს, რაც ხალხს დაასაქმებს, რომ თავიანთ რაიონებს დაუბრუნდნენ და წახალისდნენ. დიდი კომპანიები ჯერ კიდევ ახერხებენ მუშახელის მობილიზებას. გარდა იმისა, რომ ასეთ კომპანიებში საქმიანობა პრესტიჟულია, სტაბილური დასაქმების მეტი შესაძლებლობაცაა, რაც მუშახელს იზიდავს. 

მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც რეგიონებს განავითარებს. ბევრმა შრომისუნარიანმა ახალგაზრდამ დატოვა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, ამ ადამიანების გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ მშენებლობაში, სხვა სფეროებშიც, თუკი დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ, ხალხი რეგიონებს დაუბრუნდება, რაც უკვე უძრავი ქონების ბაზარზეც იქონიებს გავლენას და სხვა დარგების განვითარებასაც  შეუწყობს ხელს", - აღნიშნა გიორგი შვანგირაძემ ჩვენთან საუბრისას.

მთლიანობაში, ბაზარზე ნეგატიური ტენდენცია ჯერ კიდევ არ არის და სფერო ნელა, მაგრამ მაინც ვითარდება, თუმცა მშენებლები აღიარებენ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა კადრების დეფიციტია. 

კომპანია „არსის” გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" დაადასტურა, რომ მუშახელის სიმცირე მასშტაბური პროპექტების განვითარებას ხელს უშლის არა მხოლოდ რეგიონებში, დედაქალაქშიც კი.

,,2026-27 წლებში ჩასაბარებელი ბინების ნაწილი უკვე რეალიზებულია, რაც მიუთითებს, რომ ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ძალიან მყარი და სტაბილური მოთხოვნაა. რაც შეეხება კადრებს, მათი სიმცირე ნამდვილად პრობლემაა, რადგან ამ რესურსით ფიზიკურად შეუძლებელია დიდი ოდენობით პროექტების განხორციელება, რომელზეც ნებართვებია გაცემული. 

მშენებლობების რეგიონებში გადატანა ჯერჯერობით გარკვეულ სიძნელეს უკავშირდება. აქ მხოლოდ კადრების საკითხი არ იჩენს თავს, სხვადასხვა გარემოებებია, რაც  მოთხოვნის კლებას უკავშირდება. დიდ ქალაქებს ეს ნაკლებად ეხება. მაგალითად, თბილისში მომხმარებლების 90%-ზე მეტს ქართველები წარმოადგენენ და  დინამიკაც ჯერჯერობით მზარდია. ასე რომ, არაფერი ტრაგიკული ქვეყანაში უძრავ ქონებას არ სჭირს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ბესო ორთოიძემ.

"გალტ ენდ თაგარტის" მიერ მომზადებული თბილისის უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანახმად, ივლისში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლების შემდეგ, აგვისტოში გაყიდვის მაჩვენებელი შემცირდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე. 2025 წლის აგვისტოში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 2858 ერთეული შეადგინა.

როგორც კვლევაში აღნიშნულია, აგვისტოში რეალიზაციის კლება სეზონურ შენელებას შეესაბამება. ჯამურად, 2025 წლის 8 თვეში გაყიდვის მაჩვენებელი წლიურად 0.5%-ით გაიზარდა.

2025 წლის 8 თვეში თბილისში სულ 25 636 ბინა გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ 2 მლრდ დოლარი შეადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე