თამთა ჩაჩანიძე
(13.10.2025)

ოპოზიცია 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ ძალების აღდგენას ცილობს, "ოცნება" კი ენმ-სა და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვას ისევ ფიქრობს. ამ მოცემულობაში ანალიტიკოსები ახალი პარტიების შემოსვლას არ გამორიცხავენ ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე. მეტიც, ამბობენ, რომ პროცესი დაწყებულიცაა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ დღეს ელექტორატი სამ ნაწილადაა გაყოფილი იდეოლოგიის მხრივ, ერთი ნაწილი ტრადიციულ და კოსერვატიულ ღირებულებებს ეფუძნება და ეს ძირითადად "ოცნების" მხარდამჭერები არიან, ნაწილი მიეკუთვნება ლიბერალურ ფრთას, ძირითადად პროდასავლურ ღირებულებებზე და ნაწილი, რომელიც არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს უცნობია რა იდეოლოგიას ემხრობა, რადგან მსგავს საკითხზე კვლევა არ ყოფილა.

აქვე აღსანიშნავია, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა და ანალიტიკურ ცენტრ "ჯეოქეისის" ექსპერტმა, ვიქტორ ყიფიანმა პოლიტიკაში მოსვლა არ გამორიცხა, "ხალხის ძალაში" კი ამას ე.წ. დიფ სტეიტის გავლენებს უკავშირებენ.

„დიფ სთეითი" ხელწერას არ იცვლის და საკუთარ აგენტებს აქტიურად ექაჩება ქართულ პოლიტიკაში. პრინციპში, მოსალოდნელიც იყო, რომ გაცამტვერებული და გავერანებული ოპოზიციის შემდეგ მათ პატრონებს აქვთ სურვილი, ველი გადაახალისონ. ამ გამოუვალ მდგომარეობაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ვიქტორ ყიფიანი გამოაგორეს.

"ყიფიანის პოლიტიკაში მოსვლა, ცხადია ვერც ოპოზიციას და ვერც მის პატრონებს ვერანაირ ბენეფიტს ვერ მისცემს",- წერს ‘ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ახალი პარტიების შექმნის პერსპექტივა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახალი ოპოზიციური პარტიების შემოსვლა მოსალოდნელია და პროცესი დაწყებულია კიდეც.

"პოლიტიკურ ველზე ახალი ოპოზიციური ძალების შემოსვლა სავსებით მოსალოდნელია. შეიძლება ითქვას, ეს პროცესი უკვე დაწყებულია. "ჯეოქეისის" ხელმძღვანელის ბოლო განცხადება, რომ აპირებს საკუთარი ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიად გადააკეთოს, ამის ერთ-ერთი მადასტურებელი ფაქტია.

"მომავალშიც შეიძლება კიდევ ვიხილოთ გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფების მცდელობები ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად. ჩემი დაკვირვებით, ახალი პოლიტიკური ძალების შემოსვლა, თუ მხედველობაში მივიღებთ მათ ლიდერებს და წევრებს, გარკვეულწილად კოორდინირებულია, ან მართვადია დასავლეთიდან. ხედავენ, რომ იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებსაც ისინი წლების მანძილზე საქართველოში საკუთარ საყრდენად მიიჩნევდნენ, ყველანაირად ეხმარებოდნენ, მხარს უჭერდნენ.

"2012-13 წლებში ენმ ფაქტიურად მათ გადაარჩინეს საბოლოოდ განადგურებას და პოლიტიკური ველიდან გაყვანას, როდესაც "ქართულ ოცნებას" თავს კოჰაბიტაცია მოახვიეს. შემდგომშიც ამ პროდასავლურ პარტიებს ისინი მაქსიმალურად მხარს უჭერდნენ, მაგრამ, დროთა განმავლობაში ისინი დარწმუნდნენ, რომ ამ პარტიებმა საკუთარი თავი ამოწურეს, განსაკუთრებით 4 ოქტომბრის მოვლენები შეიძლება ამის ერთგვარი ტრიგერი გამხდარიყო.

"ბოლო 12 წლის მანძილზე ჩატარებულ არჩევნების შედეგებს რომ შევხედოთ, ამ ოპიზიციურმა პარტიებმა, რომლებიც დასავლეთის საყრდენად მიიჩნეოდნენ, ვერცერთმა ვერ მოახერხეს, რომ ერთ საარჩევნო ციკლში მაინც მოსულიყო ხელისუფლებაში.

ამიტომ ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ დასავლეთი საქართველოში იმ ახალ პოლიტიკურ საყრდენებს ეძებს, რომელიც შეიძლება პოლიტიკურ ველზე შემოიყვანოს და უკვე მათ დაუჭიროს მხარი.

"მაგალითად, "თავისუფლების მოედანი" თავის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად ასახელებს იმას, რომ ჩვენ ხელისუფლებაში არ ვყოფილვართ, ჩვენ სუფთა ბიოგრაფიები გვაქვს და ა.შ. სავარაუდოდ იგივე კოზირი ექნება ხელში ვიქტორ ყიფიანის პარტიასაც, იტყვიან, რომ ჩვენ ვართ ხალხი სუფთა ბიოგრაფიით.

მათ ზურგსუკან კი ყოველთვის დასავლეთის მხარდაჭერა იქნება. იტყვიან, რომ ახალი პროდასავლური ძალაა, შეეცდებიან საკუთარი თავი პოლიტიკურ არენაზე ამ კუთხით დაამკვიდრონ და ნელ-ნელა ამ ძველი პარტიების ჩაჩოჩება დაიწყოს",- განაცხადა მან.

ე.წ. სატელიტების შესაძლო შემოყვანა

კითხვაზე, თავად "ოცნება" თუ გამოიყენებს ამ შანსს და შეეცდება ე.წ. სატელიტების შემოყვანას, ანჯაფარიძემ გვითხრა, რომ გამორიცხული არაა.

"არაა გამორიცხული, რომ ასე მოხდეს და "ქართულმა ოცნებამაც" დაიწყოს პოლიტიკურ ველზე ისეთი პოლიტიკური ძალების შემოყვანა, რომელსაც როგორც თავად აცხადებენ, ჯანსაღ ოპოზიციად მიიჩნევენ. "ქართული ოცნება" ხომ ამ პარტიებს მუდმივად აკრიტიკებს და მათ ცალ ფეხზე მდგომებს უწოდებს, ფაქტიურად აგენტურად მოიხსენიებს, რომლებიც თითქოს მზად არიან შეასრულონ გარედან წამოსული ნებისმიერი დავალება.

"შესაბამისად, თუკი "ქართული ოცნება" შემოიყვანს, ან შეეცდება წაეხმაროს სხვა პოლიტიკურ ძალებს ფეხზე წამოდგნენ და რაღაცნაირად ელექტორალური გავლენა მოიპოვონ, ეს იქნება ძირითადად ტრადიციულ-კონსერვატიულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული და ნაციონალ-პატრიოტული ტიპის ძალები. ფაქტიურად "ოცნება" პოლიტიკურ ველზე ასეთად პოზიციონირებს, როგორც ეროვნულ ინტერესებზე გადაგებული ძალა",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

რა იდეოლოგიის პარტიები სურს გადაუწყვეტელ ამომრჩეველს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კიდევ ერთ კითხვაზე, რა იდეოლოგიის პარტიას ითხოვს ის შუაშისტი ამომრჩეველი, რომელსაც დღეს არც ერთი არსებული პარტია არ მოსწონს და არც ხმას აძლევს, გვპასუხობს, რომ ეს კითხვა არ დასმულა არცერთ სოცილოგიურ კვლევაში, რაც აქამდე ჩატარებულა და უცნობია, თუ ზუსტად რა სურს ამ ამომრჩეველს.

"ზუსტად არ ვიცით ამ ელექტორატის მოთხოვნა რა არის, პრაქტიკულად არცერთი მეტ-ნაკლებად სერიოზულ სოციოლოგიურ გამოკითხვაში, რაც აქამდე ჩატარებულა, ეს კითხვა არ დასმულა და არავის არ უცდია გაეგო, რომ თუნდაც იმ გადაუწყვეტელ, ნეიტრალურ ამომრჩეველს, რომელიც არცერთ პარტიას არ ენდობა და მისთვის სასურველის ძებნაშია, რა ალტერნატივა უნდა რომ დაინახოს - ლიბერალურ ღირებულებებზე და იდეოლოგიაზე დაფუძნებული პარტიები, თუ პირიქით, მისი სიმპატიები უფრო ტრადიციონალურ-კონსერვატულ ღირებულებებზე დაფუძნებულ პარტიებისკენ მიდის.

"მეცნიერული კვლევის გარეშე ვარაუდების გამოთქმა რთულია, მაგრამ თუ ბოლო 3 წლის მოვლენებს დავაკვირდებით, ჩვენს საზოგადოებაში უკვე ჩამოყალიბდა გარკვეული სეგმენტი, რომლისთვისაც ტრადიციულ-ქართული, კონსერვატიული ღირებულებები და ცნობილი ლოზუნგი - ენა, მამული, სარწმუნოება ბევრისთვის მაინცდამაინც არაფერს ნიშნავს და უფრო იხრებიან ულტრალიბერალური იდეოლოგიის მიმართ, ან საერთოდ არანაირი ღირებულებები არ გააჩნიათ.

"თუმცა, არის საზოგადოების სეგმენტი და საკმაოდ მნიშვნელოვანი, რომელიც იმ ტრადიციონალისტურ ღირებულებებზე დარჩა. სწორედ მათ უზრუნველყვეს "ქართული ოცნების" გამარჯვება ჯერ საპარლამენტო და შემდეგ ადგილობრივ არჩევნებზე.

მტკიცებით ვერ ვირტვი, მაგრამ ჩემი ვარაუდით და დაკვირვებით, მაინც მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი ტიპის ამომრჩეველი შეადგენს მოსახლეობის უმრავლესობას და მათი მოთხოვნაც ძირითადად ასეთი ტიპის პარტიებზეა",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე