დღეს მორიგი მნიშვნელოვანი, ძალიან სერიოზული ოპერაცია ჩატარდა ჩვენი სპეცსამსახურების, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ და თავიდან არის აცილებული მორიგი საფრთხე, რომელიც იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად ჩვენი ქვეყანა მდებარეობს გამოწვევებით აღსავსე რეგიონში, ყოველთვის არსებობს გარკვეულ კონტექსტში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა სუს-ის ინფორმაციას, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აჭარაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.
„სწორედაც უსაფრთხოების სამსახურის, შესაბამისი სპეცსამსახურების პრეროგატივა არის ის, რომ მაქსიმალურად ფხიზლად იყვნენ შესაბამის გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის. ჩვენ აუცილებლად ხაზგასმით უნდა გამოვყოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შესაბამისი დანაყოფების ძალიან მაღალეფექტიანი საქმიანობა და დიდი მადლობა გადავუხადოთ მათ ამისათვის, ვინაიდან გასულ პერიოდშიც ვიხილეთ არაერთი საქმის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ე.წ. ჰექსოგენის საქმე, თბილისის მახლობლად აღმოჩენილი შეიარაღების საქმე და ა.შ.
ზოგადად, ჩვენს ქვეყანას შეიძლება სხვადასხვა ძალები უქმნიდნენ საფრთხეს, ამავდროულად სხვადასხვა მოტივები იყოს ამის უკან, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების სადარაჯოზე არის უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში თვალს არ ხუჭავს იმისათვის, რომ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები იყოს გატარებული და ჩვენ საზოგადოებას, სახელმწიფოს ჰქონდეს ამ მშვიდ ვითარებაში განვითარების შესაძლებლობა. შეიძლება ერთ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო იყო ვიღაცის მიერ მოაზრებული როგორც ერთგვარი სატრანზიტო დერეფანი და როგორც ერთგვარი პლაცდარმი გარკვეული ძალების რეკრუტირებისთვის, მეორე მხრივ შეიძლება აქ პირდაპირ სპეცსამსახურები კონკრეტული სახელმწიფოებისა გეგმავდნენ, რომ ძალადობრივი გზით მოეხდინათ ხელისუფლების შეცვლა, სახელმწიფო გადატრიალება, მაგრამ მიუხედავად იმისა, საიდან მომდინარეობს ეს საფრთხე, ჩვენ ვხედავთ ძალიან მაღალი დონით შესრულებულ შესაბამის ოპერაციებს და რა თქმა უნდა ეს ხაზგასასმელია და იმსახურებს ძალიან მაღალ შეფასებას“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე