ნატალია ჯვარიძე
(12.10.2025)

13 ოქტომბერს ეგვიპტეში მაღალი დონის შეხვედრაა ჩანიშნული, სადაც ხელი მოეწერება სამშვიდობო შეთანხმებას ისრაელსა და „ჰამასს" შორის. მხარეებმა პირველ ეტაპზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ზოგიერთ საკითხზე „ჰამასი" თანახმა არ არის. აღსანიშნავია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და „ჰამასის" ლიდერები შეხვედრას არ დაესწრებიან.

ორშაბათის შეხვედრასთან დაკავშირებით ანალიტიკოსებს განსხვავებული პროგნოზები აქვთ. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შეთანხმება მხოლოდ დორებით მოაგვარებს ახლო აღმოსავლეთში არსებულ პრობლემას.სხვები კი უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი.

ღაზის სექტორში ომის დასრულების მიზნით, 13 ოქტომბერს ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ-შეიხში სამშვიდობო სამიტი გაიმართება, რომელშიც 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრას ასევე დაესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, დაადასტურა, რომ ის ასევე სამიტს დაესწრება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან და ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად.

„ჰამასის" ლიდერებმა კი უარი თქვეს ეგვიპტეში ჩასვლასა და ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიალში მონაწილეობაზე. ისინი სამშვიდობო მოლაპარაკებას თავისი ეგვიპტელი და კატარელი შუალავლების მეშვეობით გამართავენ.

აღსანიშნავია, რომ „ჰამასის" წარმომადგენლებმა ასევე უარყვეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული გეგმის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც „ჰამასის" მებრძოლების განიარაღებას გულისხმობს.

ზოგიერთ პუნქტზე მხარეები უკვე შეთანხმდნენ, მაგალითად, მძევლების გათავისუფლებაზე და საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე.

გარდა ამისა, უკვე მიღწეული შეთანხმების თანახმად, „ჰამასმა" სწორედ ორშაბათს უნდა დაიწყოს ებრაელი მძევლების გათავისუფლება. ამისთვის ბოლო ვადად დათქმულია 13 ოქტომბრის შუადღე - ადგილობრივი დროით 12:00.

ექსპერტთა ნაწილი პროცესებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ თუ შეთანხმების პირველი ნაწილი - ცეცხლის შეწყვეტა, ტყვეების გაცვლა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების აღდგენა - წარმატებით შესრულდება, ეს შესაძლოა საფუძველი გახდეს, რომ შეთანხმებას მიაღწიონ.

ზოგი მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმებით ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარება ვერ მოხდება, რადგანაც შეთანხმებაში პოლიტიკური ამოცანები და იურისდიქციის საკითხები არ არის სათანადოდ გადაწყვეტილი.

შეთანხმების რამდენიმე პუნქტი, რომელზეც მხარეებმა კონსენსუსს უკვე მიაღწიეს, 10 ოქტომბრიდან ამოქმედდა. ღაზის სექტორში შეწყდა საბრძოლო მოქმედებები, დაიწყო დევნილების დაბრუნება და ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ათეულობით მანქანა შევიდა.

ზავის მოქმედების ფარგლებში ისრაელმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება გაფართოვდება და ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებს შორის ორ მთავარ გზაზე ადგილობრივებს თავისუფლად გადაადგილების უფლება ექნებათ. ყოველდღიურად ღაზაში ასობით სატვირთო მანქანა შემოვა, რომლებიც საკვებსა და სამედიცინო დახმარებას შეიტანენ.

ქალაქ ღაზაში ათი ათასობით ადამიანის დაბრუნების პარალელურად, ბულდოზერებმა ქალაქში ნანგრევების გაწმენდა დაიწყეს. ისრაელმა „ჰამასთან" ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში პალესტინელი პატიმრების ორ ციხეში გადაყვანა დაიწყო მათ გათავისუფლებამდე.

დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ „ჰამასი" და ისრაელი ბრძოლით დაიღალნენ და იმედოვნებს, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება.

აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ირკვევა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 13 ოქტომბრის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე