4 ოქტომბრის „მშვიდობიანი რევოლუციის" ჩავარდნილ გეგმაზე ახალი დეტალები ჟღერდება. გაჩნდა ინფორმაცია, რომ აქციის ორგანიზატორები თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სახლში იკრიბებოდნენ. გარდა ამისა, გაჩნდა ვერსია, რომ „მშვიდობიანი დამხობის" ორგანიზატორებს სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან ჰქონდათ კავშირი.
ტელეკომპანია „ფორმულამ" თავის წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორების გარემოცვაში გრიგოლ ლილუაშვილს „ორმაგ აგენტად" მოიაზრებენ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერთან, ლევან ხაბეიშვილთან ნდობაში შევიდა, 4 ოქტომბრის გეგმა შესთავაზა, სავარაუდოდ, პარალელურად კი ინფორმაციას ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აწვდიდა. მოულოდნელად კი ლილუაშვილმა ორგანიზატორებთან კომუნიკაცია გაწყვიტა.
ტელეკომპანია თავის წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გრიგოლ ლილუაშვილთან ორი შეხვედრა შედგა, პირველად ლევან ხაბეიშვილის მონაწილეობით, ხოლო შემდეგ ხაბეიშვილი მურთაზ ზოდელავამ ჩაანაცვლა, მათივე მტკიცებით, ორივე შეხვედრას „ნაცმოძრაობის" წევრი, სოფო ჯაფარიძე ესწრებოდა.
სოფო ჯაფარიძე ამ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს. მისი თქმით, ლილუაშვილთან არასდროს ჰქონია კავშირი.
„რადგან არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ და მკაფიოდ მინდა, ვთქვა ის, რაც „ტვ ფორმულას" ჟურნალისტს ვუთხარი: ამბავი იმის შესახებ, რომ მე ვმონაწილეობდი შეხვედრაში, რომელსაც ესწრებოდა სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, არის დიდი ტყუილი! ჩემი მონაწილეობით არ მომხდარა არათუ შეხვედრა, არამედ ჩემი მონაწილეობით არ მომხდარა რაიმე ტიპის შეხვედრის დაგეგმვაც კი.
„გრიგოლ ლილუაშვილთან არასდროს არ მქონია არანაირი კავშირი, საერთოდ არც კი ვიცნობ მას და ამ საკითხზე არსებულ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი „ფორმულას" ჟურნალისტის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას. წყაროს გააჩნია აშკარა განზრახვა, ისრები სხვა მიმართულებით გადაიყვანოს.
„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არ არსებობს ბუნებაში ჩემი ჩართულობით გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრის რაიმე ფაქტი, რადგან ასეთი არ მომხდარა", - წერს სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ამის პარალელურად ენმ-ში აცხადებენ, რომ მურთაზ ზოდელავა მალე გამოაგზავნის ციხიდან წერილს და მოყვება ყველაფერს, თუ რა ხდებოდა აქციის წინ; მათ შორის, სავარაუდოდ, რა მოლაპარაკებები და შეთანხმებები ჰქონდათ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს და ვისთან.
„გიდასტურებთ, რომ მურთაზ ზოდელავა განმარტების გაკეთებას აპირებს. დროს ვერ დაგიდასტურებთ - დღეს იქნება, ხვალ, თუ მომავალ კვირას. იქ (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში) დაცული არ არის ჩვენი მიმოწერა. რასაც ლაპარაკობენ, ისმენს რეჟიმი. თავისუფალი კომინიკაციის შესაძლებლობა არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი გზავნილიც ეს არის და ვიცი მათი განწყობაც, რომ ეს განმარტებები მათი მხრიდან იქნება. რომელ დღეს იქნება ვერ ვიტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათ დასამალი არაფერი აქვთ. დაკავებულები (მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურულაძე) არცერთ კითხვას არ დატოვებენ", - თქვა „ნაცმოძრაობის" წევრმა, ანი წითლიძემ.
პარტია „ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი კი ამბობს, რომ „ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა და ამაზე „ნაცმოძრაობაში" დაპირისპირებაც იყო".
„აბსოლუტურად უტყუარი ინფორმაციაა. რაც მესმოდა შიგნით, რისი გარჩევაც მესმოდა, იმას ვავრცელებ. ანუ, „ნაცმოძრაობაში" პრობლემა, დაპირისპირება იყო ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრებთან დაკავშირებით. ცხადია, მე არ ვიცი, რა დანაშაულს სჩადიოდა და რას სჩადიოდა ბაჩო ახალაია, უბრალოდ, ფიგურირებდა ამ საქმეში, მასთან შეკრებები კეთდებოდა და ეს პრობლემა იყო.
„ბაჩო ახალაიას ხალხი დადიოდა და თინა ბოკუჩავაზე საუბრობდა, რომ ხელფასი აქვს, რა ენაღვლება, ასე აყირავებდნენ. მე ვსაუბრობ იმას, რასაც მისი თანაპარტიელები წუხდნენ. უფრო მეტიც, მიშასთანაც იყო ამ თემაზე კომუნიკაცია", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა „ფორმულას" ეთერში.
რამდენად დამაჯერებელია ახალი ვერსიები
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა ჩიტაძის შეფასებით, ნებისმიერ ვერსიას შესაბამისი მტკიცებულებები სჭრდება.
„კი, ბატონო, რამდენინე საკითხი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ დამტკიცება სჭირდება. თუ ლილუაშვილი ხელს უწყობდა, რომ აქცია დაწყებულიყო და ოპოზიციის ლიდერებს ჩააგონებდა - თქვენ დაიწყეთ და მერე მე ვიცი, კავშირი მაქვს ძალოვანებთან და თქვენს მხარეს გადმოვიყვანო - ხელისუფლების აგენტი გამოდის.
„ხელისუფლებამ იცოდა, რომ ძალოვანები ოპოზიციის მხარეს არ გადავიდოდნენ, რადგან ბოლო პერიოდში მათზე დიდი პრემიები გაიცა. ამიტომაც ასე მგონია, ხელისუფლებას ეს გათვლა ჰქონდათ, რომ ძალოვანები მათ მიმართ ლოიალურები იქნებოდნენ.
„ამ შემთხვევაში ლილუაშვილი ორმაგი აგენტი არ გამოდის, ვინაიდან ერთი მხარის თამაშს თამაშობდა და სპეციალურად იყო შეგზავნილი. რა თქმა უნდა, თუ ეს რეალობაა.
„რაც შეეხება, ბაჩო ახალაიას ამბავს, ზოდელავას წერილს უნდა დაველოდოთ. თუმცა მე ასე მგონია, რომ სიმართლე არ არის, რადგან ახალია როცა ციხიდან გამოვიდა, გახსოვთ საერთოდ, არ ჩანდა და არ აპირებდა პროცესებში ჩაბმას. ამიტომაც ასე მგონია, რომ მას არ ექნებოდა ინტერესი, ხელი შეეწყო რევოლუციური სცენარისთვის. ჩერგოლეიშვილი კი აცხადებს, მაგრამ ვიცით, რომ სააკაშვილთან დაპირისპირებაშია და შეიძლება რაღაც ჭორის დონეზეა.
„სოფო ჯაფარიძეს რაც შეეხება, ამას დამტკიცება უნდა. თვითონ უარყოფს და არ შეგვიძლია მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ლილუაშვილის ფაქტორის რეალურობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს ახალი ვერსიები ნებისმიერ შემთხვევაში წამგებიანია ოპოზიციისთვის.
„ავიღოთ ერთ ვარიანტად, რომ რეალურია. მაშინ გამოდის, რომ ამხელა მობილიზაცია ჰქონდათ, სააკაშვილიდან დაწყებული ყველა ჩართული იყო და მაინც ასეთი დასასრული მიეცა. თუკი თავისი ადამიანი შემოგიგზავნა და ვერ მიხვდი, ესე იგი დასამარცხებელი ხარ. ოპოზიციას უნდა ამით ხელისუფლებას უსაყვედუროს, რატომ შემომიგზავნეო, მაგრამ ბრძოლა ბრძოლაა. თვითონ ამ ინფორმაციის გავრცელებაა ხარვეზი, ვინაიდან ოპოზიცია ვერ ხვდება, რომ ეს მათთვის წამგებიანია. ამის მერე რას უნდა მიხვდნენ? რასაკვირველია, წამგებიანია, როცა ამხელა მობილიზაციის მიუხედავად, გეგმა ჩაუვარდათ, საერთოდ თავი რომ დავანებოთ იმას, რომ სტრატეგიულად წამგებიანი იყო ბოიკოტი.
„თავიდან ბოლომდე გაუგებრობაა - რატომ 4 ოქტომბერს და არა სხვა დღეს? რატომ ლილუაშვილის ფაქტორის შემოტანა? რისთვის ამხელა აგრესია და ძალადობა? რაც უფრო მეტს დაიქადნიან, რომ დიდი მობილიზება გვქონდაო და სახელებს დაასახელებენ, მით უფრო ცხადი იქნება, რომ ესენი მომგები არ არიან. სიმართლეა თუ არა ეს ვერსიები, მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია, რომ ისინი მომავალში არაფრის მომგები არ არიან", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე