რუსეთი და აზერბაიჯანი, რომელთა ურთიერთობაც ბოლო 10 თვის განმავლობაში უკიდურესად გამწვავებული იყო, „ახალი ფურცლის გადაშლაზე“ შეთანხმდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გასულ კვირას დუშანბეში გამართულ დსთ-ს სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევს ბოდიში მოუხადა „აზალ“-ის სამოქალაქო თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტისთვის.
ანალიტიკოსთა უმრავლესობა ამას ოფიციალური ბაქოს ტრიუმფად და მოსკოვის სისუსტედ აფასებს. ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ბოდიში პუტინსთვის ერთგვარი ახალი ინსტრუმენტია ურთიერთობების დალაგებისთვის და თუ ამ სტრატეგიამ გაჭრა, შედეგი იქნება რუსეთის პოზიციების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში.
პუტინი ალიევს ტაჯიკეთში 9 ოქტომბერს შეხვდა დსთ-ს სახელმწიფოების მეთაურთა სამიტის ფარგლებში. კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, დუშანბეს სამიტამდე ორი დღით ადრე პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - სავარაუდოდ, ალიევმა პუტინს დაბადების დღის მისალოცად დაურეკა.
დუშანბეში ალიევთან შეხვედრაზე პუტინმა გასულ წელს ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და აზერბაიჯანელ კოლეგას კონპენსაციის გადახდას და საქმის ძირეულ გამოძიებას დაჰპირდა, რისთვისაც ალიევმა მადლობა გადაუხადა. პუტინმა კი იმედი გამოთქვა, რომ „აზალ“-ის თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების „ახალი ფურცელი გადაიშალა“.
ინციდენტები
რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გამწვავება 2024 წლის 25 დეკემბრის ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ დაიწყო. „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამოქალაქო თვითმრინავმა, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, გროზნოს თავზე ჰაერში დაზიანებები მიიღო. ავარიულ დაშვებაზე მას რუსულმა აეროპორტებმა უარი უთხრეს და თვითმრინავმა ყაზახური აქტაუს მიმართულებით აიღო გეზი. თუმცა დაშვება არც იქ მოხერხდა - თვითმფრინავი აქტაუს აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
იმ მომენტისთვის თვითმფრინავში 67 ადამიანი იმყოფებოდა - 62 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი. აქედან 29 გადარჩა, 38 ადამიანი კი დაიღუპა. თვითმფრინავის კორპუსის გადარჩენილ ნაწილს აშკარად ეტყობოდა ჰაერსაწინააღმდეგი სისტემების მიერ მიყენებული დაზიანებების კვალი.
მოგვიანებით გამოძიებით გაირკვა, რომ რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემებმა „აზალ“-ის სამოქალაქო თვითმფრინავი უკრაინულ დრონად აღიქვეს და გროზნოს თავზე ცეცხლის გაუხსნეს.
ამის შემდეგ აზერბაიჯანი დაჟინებით ითხოვდა რუსეთისგან ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობის აღებას - დანაშაულის აღიარებას, ბოდიშის მოხდას და კომპენსაციის გადახდას, თუმცა ამაოდ.
2025 წლის ზაფხულში ალიევმა განაცხადა, რომ მოსკოვიდან ჯერაც არ მიუღია პასუხი იმის თაობაზე, თუ რეალურად რა მოხდა და რომ საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივრებდა საქმეს.
რუსეთ-აზერბაიჯანს შორის კიდევ ერთი ახალი დიდი სკანდალი მაშინ გაღვივდა, როცა ამა წლის 27 ივნისს ეკატერინბურგში რუსეთის სამართალდამცავების მიერ მოწყობილ სისხლიან რეიდს 50-მდე აზერბაიჯანელის დაკავება და ორი მათგანის - ძმების ზიადინ და ჰუსეინ საფაროვების გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება მოყვა. რუსული მედია სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ გარდაცვალების მიზეზი დაპატიმრების დროს მიღებული სტრესი გახდა. დაღუპულთა ახლობლები კი აცხადებდნენ, რომ ისინი რუს ძალოვნებს ცემისა და წამების დროს შემოაკვდათ.
სამი დღის შემდეგ, 30 ივნისს, აზერბაინანელი სამართალდამცავები რუსული „სპუტნიკის“ აზერბაიჯანული რედაქციის ოფისში შევიდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს, მედიის ცნობით, დააკავეს რუსული „ეფესბეს“ რამდენიმე თანამშრომელი. თავად „სპუტნიკმა“ დაწერა, რომ დააკავეს მათი აზერბაიჯანული რედაქციის ხელმძღვანელი, იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი. მათ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი.
გარდა ამისა, ბაქოში ასევე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს რამდენიმე ათეული რუსეთის მოქალაქე, ძირითადად აი-ტი სპეციალისტები. მათი დაკავება სკმაოდ ბრუტალური და დამამცირებელი ფორმით ჩატარდა და შესაბამისი კადრები აზერბაიჯანული ტელევიზიითაც გადაიცემოდა.
ამას მოყვა უკვე რუსეთში, სხვადასხვა კრიმინალური საფუძვლით, აზერბაიჯანული დიასპორების გავლენიანი წარმომადგენლების დაკავებების სერია.
მას შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბული იყო. დუშანბეში პუტინი-ალიევის შეხვედრის შემდეგ კი მყისიერი განმუხტვა დაიწყო. აზერბაიჯანში ციხიდან გაათავისუფლეს იგორ კარტავიხი, თუმცა ახლა ის შინაპატიმრობაშია. რუსეთის ციხეებიდან კი რამდენიმე აზერბაიჯანელი გაუშვეს.
რას ნიშნავს პუტინის ბოდიში
როგორც საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ აცხადებს, პუტინის ბიდიში ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი რუსეთისთვის მნიშვნელოვანია. როგორც ეკონომიკური, ისე სტრატეგიული კუთხით.
„ტაჯიკეთის შეხვედრა, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით მოხდა. არის ინფორმაციაც, რომ თითქოს ალიევმა 7 ოქტომბერს პუტინს დაბადების დღე მიულოცა და რამდენად მართალია, არ ვიცი.
„პუტინის ბოდიში ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი მოკავშირეა, ბაქოს გარეშე პუტინი ვერ განახორციელებს 5 მილიარდ დოლარიან ჩრდილოეთ-სამხრეთის გეოეკონომიკურ პროექტს. რუსეთი აპირებს, რომ გააკეთოს ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ მსგავსი პროექტი.
„მეორეც, აზერბაიჯანის გარეშე პუტინი ვერ შეძლებს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გეოსტრატეგიული პოზიციის გაძლიერებას. რუსეთი კი ცენტრალურ აზიაში აგრესიულად შესვლას აპირებს, რათა ჩინელებთან კონკურენცია დაიწყოს და ეს დუშანბეს შეხვედრამაც დაამტკიცა. აზერბაიჯანი მისთვის მნიშვნელოვანია გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური კუთხიდან გამომდინარე. პუტინის ბოდიში ჩავთვალოთ, რომ ესაა ერთგვარი გეოპოლიტიკური ხარკი აზერბაიჯანისათვის. თურქეთის ფაქტორიც რა თქმა უნდა არის.
„ადრე რეგიონში „ბოდიშის“ პრეცედენტი იყო - თურქეთმაც მოუხადა ბოდიში პუტინს, როცა რუსული თვითმფრინავი „სუ-24“ ჩამოაგდეს. ბოდიშის მოხდა ახალი გეოპოლიტიკური ერთგვარი ინსტრუმენტია ურთიერთობების განვითარება-დალაგებისათვის.
„თუ ამ ბოდიშმა გაჭრა და რეალურად ურთიერთიბების ნორმალიზება დაიწყო, ეს იქნება რუსეთის პოზიციების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“, - განაცხადა მაისაიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე