თამთა ჩაჩანიძე
(09.10.2025)

ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ კი გალის რაიონში, ქართულის სკოლების პედაგოგებზე შეიძლება „ნადირობა" დაიწყოს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახლახანს გალში „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ერთ-ერთი ადგილობრივი ქართული სკოლის პედაგოგი აღმოჩნდა. ამის შემდეგ სოციალურ მედიაში მასობრივად გამოჩნდა სხვა ქართველი პედაგოგების „მამხილებელი" დოკუმენტები, სადაც კონკრეტული სახელები და გვარებია მითითებული.

სკანდალი იმდენად დიდია, რომ მასწავლებლებს დე ფაქტო განათლების მინისტრიც ემუქრება.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ასეთი შეტევა არახალია, თუმცა ახლა მასიური სახე მიეცა, რადგან არ მოსწონთ სკოლადამთავრებული ახალგაზრდები გალიდან თბილისში რომ მიდიან უმაღლესი განათლების მისაღებად და უნდათ, რომ „გალში ქართული თემა საერთოდ ამოაგდონ".

გასულ კვირას დე ფაქტო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით, სოფელ შაშიკუარაში საქართველოს მოქალაქე შალვა ხიზანიშვილი დააკავეს. ე.წ. უშიშროება ირწმუნება, რომ იგი ოკუპირებულ რეგიონში ერთ-ერთ ბლოკპოსტს ვიდეოს უღებდა და „საქართველოსთან კავშირებიც დაადასტურა". მათივე მტკიცებით, ხიზანიშვილს სახლის ჩხრეკვისას „სამი თოფი ვაზნებით, საქართველოს ბანკების პლასტიკური ბარათები და ასაფეთქებელი მოწყობილობაც" აღმოუჩინეს.

შემდგომში კი ცნობილი ხდება და ე.წ. განათლების მინისტრმა, ხანა გუნბამაც დაადასტურა, რომ ე.წ. ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი გალის რაიონის ერთ-ერთი სკოლის მასწვალებელია.

რას უპირებენ მასწავლებლებს

აფხაზური ტელეგრამ არხი „ამრა ლაიფი" წერს, რომ განათლების სფეროში ქართველ პედაგოგებს შორის „ჯაშუშები არიან".

„კოლეგებმა შენიშნეს, რომ გალის რაიონში რიგი დირექტორებისა და მასწავლებლებისა არა მხოლოდ რეგულარულად იღებს ხელფასს საქართველოდან, არამედ ანგარიშს აბარებს საქართველოს ხელისუფლებას.

„2025 წლის 15 სექტემბერს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის" მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ამ სამუშაოს მნიშვნელობას და მას კრიტიკულად მნიშვნელოვანი უწოდა.

„საქართველოსთვის ანგარიშის წარმდგენ პირებს შორის არიან: ბაგრიაპის (სოფ. ბაღრები) საშუალო სკოლის დირექტორი კობა რიგვავა, გაგიდას საშუალო სკოლის დირექტორი ხვიჩა ჩიტაია და გალის მე-2 საშუალო სკოლის მასწავლებელი მაია შონია. არიან სხვებიც.

„ანგარიშები წარდგენილია არა მხოლოდ ქართულ ენაზე, არამედ აფხაზური ბეჭდებიც აქვს დასმული. აქცენტი კეთდება პერსპექტიული მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე, ასევე ქართული სკოლის პროგრამებში მონაწილოებაზე განაცხადების წარდგენაზე.

„და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?" - წერს „ამრა ლაიფი".

აფხაზური მედია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო განათლების მინისტრის ხანა გუნბას კომენტარს ავრცელებს შესავლით:

„ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი მასწავლებლის (შალვა ხიზანიშვილი) დაკავების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, ასევე გალის რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულებების ზოგიერთი ხელმძღვანელის მტრულ სახელმწიფოსთან შესაძლო კავშირების შესახებ ინფორმაციის საპასუხოდ, აფხაზეთის განათლების მინისტრმა განცხადება გაავრცელა.

„აფხაზეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტრო სრულად უჭერს მხარს სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას. განათლების სამინისტრო საგამოძიებო ორგანოებს ყველა საჭირო მხარდაჭერას გაუწევს სიმართლის დასადგენად. უდაოა, რომ ასეთი ინციდენტები ჩრდილს აყენებს პედაგოგიურ საზოგადოებას. განათლების სისტემა უნდა დაკომპლექტდეს იმ ადამიანებით, რომლებიც ნამდვილად ერთგული არიან თავიანთი ქვეყნის ინტერესების მიმართ. თუ ჩვენს სისტემაში არიან ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზროვნება აქვთ, განათლების სამინისტრო ყველა შესაძლო დახმარებას გაუწევს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასეთი პირები აღარ იყვნენ დასაქმებული განათლების სისტემაში", - განაცხადა ხანა გუნბამ.

დევნის მიზეზი

მამუკა არეშიძე ქართველი მასწავლებლების მასიურ დაპატიმრებას არ ელის.

„შეტევა ახალი არაა, ოღონდ ახლა მასიური სახე იმიტომ მიეცა, რომ სოხუმში ძალიან არ მოსწონთ, რომ სკოლადამთავრებული ქართველი ახალგაზრდები გალიდან სასწავლებლად თბილისისკენ მიდიან, უნდათ ყველანაირად ხელი შეუშალონ. ძალიან ეხმარებიან იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ირჩევენ სოხუმის უმაღლესებს, ან რუსეთში წასვლას.

„ქართული ენის, საქართველოს ისტორიის სწავლება ხომ ყველანაირად შეზღუდეს და ბოლომდე უნდათ გაანადგურონ. სამწუხარო ტენდენციაა საუკუნეების განმავლობაში - ბევრია გააფხაზებული ქართველი, ძირითადად მეგრული გვარის მატარებლები და ეს ტენდენცია უნდათ, რომ გააძლიერონ, რათა გალში ქართული თემა საერთოდ ამოაგდონ.

„თვითონაც ბევრი მათგანი, ვინც ამ რეპრესიულ მანქანაშია ჩართული ყოფილი ქართველია. იქ მყოფ ქართველ მასწავლებლებს და ქართულ მოსახლეობას არ ენდობიან.

„ეს ბრალდება (ხიზანიშვილის დადანაშაულება „ჯაშუშობაში") ისაა, რომ მისი დაპატიმრების მიზეზი ჰქონოდათ. ხომ არ იტყოდნენ - ქართულის მასწავლებელია და ბავშვებს საქართველოზე ელაპარაკებაო?

„არ მგონია ასეთი დაპატიმრებები მასობრივად წავიდეს, რადგან იქ უკვე ბზარი გაჩენიულია. უნდა ნახოთ იქ როგორ იქცევა ზოგიერთი სკოლის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი, მიუხედავად იმისა, რომ ქართველია. არ მიკვირს, ჩვენ მაღალ დონეზე ვერ ვეხმარებით ამ ადამიანებს და ამ გამოწვევის წინაშე მარტო არან დარჩენილი.

„მდგომარეობა ისეთი უნდა იყოს, რომ ქართველ მასწავლებელს ვერავინ გაუბედოს მოსთხოვოს, რომ ქართული არ ასწავლოს, საქართველოზე არ ილაპარაკოს, ან ბავშვებს საქართველოს მიმართ დადებითი განწყობები არ გაუჩინოს. მაგრამ სიტუაცია ისეთია, რომ სამწუხაროდ, ბედავენ და ჩვენ მათ დახმარებას ვერ ვახერხებთ. ეს ჩვენი საერთო მდგომარეობიდან გამომდინარეობს, ასე იყო წინა და იმის წინა ხელისუფლებების პირობებშიც სხვადასხვა ფორმით", - განაცხადა არეშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე