4 ოქტომბრის აქციის კულმინაციური მომენტის - პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმის დროს - აქციის ორგანიზატორებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სპეცრაზე მათ მხარეს აპირებდა გადასვლას. მანამდე ხელისუფლების ოპონენტები აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის სასახლესთან მომხდარი მოვლენები მათთვის დაგებული მახე იყო.
როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აქციის შემდგომ დღეებში განაცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ აქციის ორგანიზატორები თბილისის სრკებულოს შენობის დაკავებას აპირებდნენ, თუმცა შემდეგ გეგმა შეცვალეს და ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა ამოიღეს მიზანში. კობახიძის თქმით, ხელისუფლება ამის შესახებაც შეიტყო და ათონელის სასახლეში აქციის მონაწილეებს „სიურპრიზი" მოუწყვეს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით კი, პრეზიდენტის სასახლის დაკავების შემთხვევაში აქციის ორგანიზატორებს იქ მე-5 პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის შეყვანა სურდათ.
„4 ოქტომბერს, ოთხი საათი დათქვეს, დაორგანიზდნენ და მიზანში ამოიღეს პრეზიდენტის სასახლე, რომლის აღების შემდეგაც ექნებოდათ შესაძლებლობა, შეეყვანათ სალომე ზურაბიშვილი, დაეყენებინათ და ეთქვათ, რომ „ახლა ხელისუფლება ჩვენს ხელშია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი პირადად იმყოფებოდა 4 ოქტომბრის აქციაზე, თუმცა მან თავიდანვე დაგმო ათონელის რეზიდენციის შტურმი და ეს პირადად მის წინააღმდეგ დაგებულ მახედ შეაფასა.
„რაც მოხდა, იყო ის, რომ რუსული სპეცოპერაცია ჩავარდა. უკვე ყველამ გაიგო, რომ ეს იყო ნამდვილი რუსული სპეცოპერაცია, ფსიქოლოგიური სპეცოპერაციაა, რომელიც ეფუძნებოდა ბევრ სხვადასხვა კომპონენტს, იმ რაღაც უიმედობას, რომელიც შეიძლება დაგროვდა. დაღლილობაც არის ამ პროტესტში, ყველაფერი, რაც ძალიან ბუნებრივია და ამაზე ითამაშეს, ამაზე მოაწყვეს ერთგვარი ხაფანგი, რომელიც იყო პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა. მეც მეხებოდა ეს ხაფანგი, რამეთუ პირდაპირ ურტყამს პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, რომელიც არის ის, რაც რეალურად გვრჩება და რაც არის ხალხის თვალში ნამდვილი ლეგიტიმაცია", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ კი მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აქციის ორგანიზატორები პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმის დროს სპეცრაზმის მათ მხარეზე გადასვლას ელოდებოდნენ.
„პაატა საჯაროდაც ამბობდა, რომ მაღალჩინოსნები და რობოკოპები გამოდიან კონტაქტზე ორგანიზატორებთან და უნდათ ხალხის მხარეს გადმოსვლა, რადგან ყველაფრით არიან დაღლილებიო.
„პაატა დარწმუნებული იყო, რომ გდდ-ის თანამშრომლები გადავიდოდნენ ხალხის მხარეს. ეს არ მოხდა და მოხდა უარესი რაღაც - ღობე, რომელიც ორ ბეტონის ბოძს შორის არის ჩამაგრებული რკინით, ხუთმა თუ ათმა ახალგაზრდამ მოაძრო ერთ წამში. ფაქტია, რომ ხალხის მასა არ იყო აგრესიულად განწყობილი, ვინაიდან სასწაული მოხდა და ეს ღობე ჩამოინგრა, რამდენიმე ადამიანის მეშვეობით, მაგრამ თითქმის არცერთი ადამიანი არ შევიდა შიგნით, არც პოლიციელებს თუ დაცვის თანამშრომლებს არ გაუწიეს წინააღმდეგობა. პაატა ერთი წამითაც არ უშვებდა, რომ ძალადობა იქნებოდა აქციაზე", - განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.
იყო თუ არა მახე
პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ აქციის ორგანიზატორებს ხაფანგი მართლაც დაუგო.
„შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო ხაფანგი. განცხადებებს, რომლებსაც თვეების განმავლობაში აკეთებდნენ აქციის ორგანიზატორები, აშკარა და პირდაპირი იყო, რაც გაუთვლელი ნაბიჯი აღმოჩნდა და გამორიცხული არ არის, სახელმწიფო ჩარეული ყოფილიყო, რადგან მათ შესახებ ხელისუფლებამ ყველაფერი იცოდა. სახელმწიფომ იცოდა, რომ ისინი ამისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ აცადეს. ამას იმიტომ ვიძახი, რომ აქციის ორგანიზატორები თვეების განმავლობაში დამხობაზე ლაპარაკობდნენ, თუმცა ხელისუფლებამ ფაქტის წინაშე დააყენა. რაც შეიძლება მეტი ფაქტი მოაგროვეს, რათა საზოგადოება დაერწმუნებინათ. თორე ისედაც შეეძლოთ დაეშალათ ისინი",- აღნიშნა კვესელევამ.
პოლიტოლოგი პეტრე მამრძე ფიქრობს, რომ ოპოზიციამ მახე საკუთარ თავს თავად დაუგო.
„ეს მახე თავის თავებს დაუდეს. წლებია პროცესებს თვალს ვადევნებ და მინდა გითხრათ, რომ ეს პირველი არ არის. ეს ჩვენი ფენომენია - როცა თავი პოლიტიკურ ლიდერებად მიაჩნიათ, თავიანთ გარემომოცვასთან აქვთ კონტაქტები, ეს ჰგონიათ მთელი ხალხი და ფიქრობენ, რომ ბევრი ხალხი გავა. თუ ვინმემ ვინმეს მახე დაუგო, მხოლოდ მათ საკუთარ თავებს აი, ამ ყალბი მრწამსით. არ მინდა სახელი და გვარების დასახელება, მაგრამ მე მომისმენია ზოგიერთებისგან, რომ არჩევნებში 80-90% აიღებდნენ, თუმცა 3%-ც ძლივს აუღიათ", - თქვა მამრაძემ.
რატომ დაიჯერეს, რომ სპეცრაზმი მათ მხარეს გადავიდოდა
იგორ კვესელავასთვის არარეალისტურია ცნობა, რომ აქციის ორგანიზატორები სპეცრაზმის მათ მხარეს გადასვლას ელოდნენ.
„ბურჭულაძის შვილი რომ ამბობს, პაატას ეგონა სპეცრაზმი მათ მხარეს გადმოვიდოდაო, ამის დასადასტურებლად რა მოჰყავს? ხელისუფლებამ ეს ხალხი წინასწარ შეიყვანა და ვინ ფიქრობს, რომ ისინი ისეთ სამართალდამცავებს შეარჩევდნენ, რომლებიც მათ მხარეს გადავიდოდა? ეს ძალიან არასერიოზულად მიმაჩნია. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ ბურჭულაძის გეგმას მხარი დაუჭირა, რომელიც ხაფანგი იყო", - განაცხადა იგორ კვესელავამ „რეზონანსთან".
პეტრე მამრაძეს კი შუქრი ბურჭულაძის განცხადება დამაჯერებლად მიაჩნია:
„სავსებით დამაჯერებელია. იმ გარემოცვაში არიან, რომლებმაც, სავარაუდოდ, თქვეს, რომ „ახლობელი მუშაობს სპეცრაზმში" და აიმედებდნენ - „ბიჭები ამას გააკეთებენ". პაატას ამის ნამდვილად სჯეროდა".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე