თამთა ჩაჩანიძე
(08.10.2025)

ხელისუფლება უახლოეს პერსპექტივაში ქვეყანაში დიდ და მძლავრ პროტესტს აღარ ელოდება, მათი შეფასებით, 4 ოქტომბერს დასრულდა „დამხობისა და რევოლუციის იდეა". როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, დასავლეთშიც ყველა ხედავს, რომ ოპოზიციური სპექტრი ამ მომენტში ხელისუფლების შემცვლელი ვეღარაა, თუმცა, არც იმას ელოდებიან, რომ უახლოეს პერსპექტივაში „ოცნების" მიმართ მათი ტონი შერბილდებას.

საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობის საკითხს 8 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე პრემიერი ირაკლი კობახიძეც შეეხო:

„უკვე მეოთხე დღეა, რაც განხორციელდა ძალადობრივი შტურმი საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, რომლის წინასწარ გაცხადებული მიზანი ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობა იყო. თუმცა, ამ დღეების განმავლობაში, არცერთ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს, რომელსაც საქართველოში განვითარებული შიდაპოლიტიკური მოვლენების მყისიერ შეფასებაზე, ქვეყნის გაკრიტიკებასა და მისთვის მითითებების მიცემაზე აქვს პრეტენზია, მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირს და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს, არ გაუკეთებია განცხადება, რომლითაც დაგმობდა და გაემიჯნებოდა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას და ძალადობრივ შტურმს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე. მეტიც, ევროკავშირმა, ოდირმა და სხვა სუბიექტებმა საპირისპირო სულისკვეთების განცხადებების გაკეთებაც კი იკადრეს. ბუნებრივია, დამხობის მცდელობისა და ძალადობისგან არგამიჯვნა და მათი არდაგმობა იოლად განიმარტება, როგორც დამხობისა და ძალადობის მხარდაჭერის ირიბი, მაგრამ მკაფიო გამოხატულება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეარბილებს თუ არა ტონს დასავლეთი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჯერ ევროკავშირის ტონის შერბილების არაფერი ჩანს, აშშ კი დუმს.

„ჯერჯერობით ტონის შერბილების რა მოგახსენოთ, ევროკავშირიდან წამოსულ განცხადებებში მსგავსი არაფერი იკითხება. ნიშანდობლივია, რომ არ მოგვისმენია განცხადებები აშშ-დან. ადგილობრივი არჩევნები ბაიდენის ადმინისტრაციის დროს რომ ჩატარებულიყო, სახდეპის პრესსპიკერი კბილს აუცილებლად გაკრავდა და დაახლოებით იგივეს იტყოდა, რასაც ევროკომისიის ხელმძღვანელობა.

„აშშ-ს სახელწიფო დეპარტამენტი ამ ამბავს საერთოდ არ ეხმაურება და ესეც თავისთავად ნიშანდობლივია. გაჩუმებით არ გაჩუმდებიან, მაგრამ რომ ილაპარაკო, რაღაც სერიოზული ხელჩასაჭიდი უნდა გქონდეს.

„ბაიდენის ადმინისტრაცია კრიტიკულ განცხადებებს ხშირად უსაფუძვლოდ აკეთებდა. აღმოჩნდებოდა, რომ რეალურ ინფორმაციას არ ეყრდნობოდა და ახლა, როგორც ჩანს, მარკო რუბიოს უწყებას უფრო მოზომილი ურთიერთობა აქვს საქართველოსთან, არც მწვადს წვავს და არც შამფურს. არც გაუმჯობესებისკენ მიდის საქმე, მაგრამ არც ისეთი დამოკდიებულებაა, როგორც წინა ადმინისტრაციის დროს იყო.

„არჩევნებიდან 4 დღე გავიდა და თუ აშშ-ს სახელწიფო დეპარტამენტს რაიმე მოტივაცია, ან ხელჩასაჭიდი საფუძველი ექნებოდა, ვფიქრობ განცხადებას გააკეთებდა. რადგანაც არ გააკეთეს, შესაძლოა ვერბალურად არ აღიარონ, მაგრამ ნიშნავს, რომ გარკვეულწილად ამ არჩევნების შედეგებს შეურიგდნენ.

„ახლა „ოცნება" შეეცდება დასავლეთს აუხსნას, სიგნალი გაუგზავნოს, რომ ხელისუფლების ყველა რგოლი უკვე ჩემს ხელშია, სიტუაციას ვაკონტროლებ და მე ვარ აქ სტაბილურობის გარანტი. მათაც საქართველოში სტაბილურობა სჭირდებათ, ეს მთელ რიგ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ პროექტებს უკავშირდება. ამიტომ ევროკავშირს აქ არეულობა არ უნდა აწყობდეს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების გამოცვლა ძალიან სურთ.

„როცა ეს ვნებათაღელვა და 4 ოქტომბრის განცხადებების კასკადი ჩაივლის, დადგება საღი და ცივი გონებით განსჯის დრო. მგონია, რომ ევროკავშირს ეყოფა საღი აზრი. შესაძლოა საქართველოსთან ისეთი ურთიერთობები არ დაამყაროს, როგორიც მოლდოვასთან აქვთ, მაგრამ ჰქონდეთ ტრანსაქციული ურთიერთობები, ეს იქნება ურთიერთინტერესების მინიმალურ დონეზე გათვალისწინება - მათაც რომ გაითვალისწინონ ჩვენი ინტერესები და „ოცნებამაც" გაითვალისწინოს მათი ისე, რომ საკუთარი პოლიტიკური მდგომარეობა და პოზიცია არ დაიზიანოს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჯერჯერობით ურთიერთობის ნორმალიზება მოსალოდნელი არაა.

„არ მგონია, რომ ჯერჯერობით ნორმალიზება მოხდეს. ეს მთლიანად „ოცნებაზეა" დამოკიდებული. ოპოზიციური სპექტრი რომ ამ მომეტში ხელისუფლების შემცვლელი ვერაა, ამას ყველა ხედავს, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოექცევა (ხელისუფლება) დაპატიმრებულებს, ოპოზიციონერებს. თუ პარტიები აკრძალა და დაპატიმრებები გააგრძელა, დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთობის არანაირი გაუმჯობესება არ იქნება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

„ოცნების" დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ

ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ „ოცნების" დამოკიდებულება მაშინ შეიცვლება, თუ დასავლეთი კომპრომისზე წამოვა, თუმცა ხელისუფლება ცნობილ კანონებს არ გააუქმებს.

„შეიცვლის თუ არა „ოცნება" დამოკიდებულებას დასავლეთის მიმართ და რა ხარისხით შეიცვლის, ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხარისხით შეიცვლის თავად დასავლეთი დამოკიდებულებას „ქართული ოცნებისა" და საქართველოს მიმართ.

„რაღაც კომპრომისებზე უნდა წამოვიდეს დასავლეთი და თავი დაანებოს ოპოზიციის და მისი ენჯეოების მიერ თავსმოხვეული ნარატივის არტიკულირებას. თუ ასე მოხდა, „ოცნებამაც", რომელიც ცნობილია, რომ მანევრირება ეხერხება, შეიძლება რაღაც დათმოს. დღეს „ოცნებას" აინტერესებს, რომ მისი ლეგიტიმაცია აღიარონ, ის იზოლაცია მოიხსნას, რაც მის მიმართ ევროპაშია და აშშ-ევროკავშირი 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს დაელოდონ", -განაცხადა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, როცა ევროპასაც აქვს თავისი კონკრეტული მოთხოვნები და ამის დამთმობი თუ არის „ოცნება" თუნდაც უახლოეს პერსპექტივაში, ანჯაფარიძემ გვითხრა:

„არ მგონია, რომ „ოცნებამ" ეს დათმოს. ეს კანონები ხომ „ოცნებას" არ გამოუგონებია? ეს მოქმედებს ისეთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, როგორიცაა აშშ და ბრიტანეთი. მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირში არ მოსწონთ, რომ ამ კანონის შედეგად, მათი აქაური საყრდენი ენჯეოები რეგულაციების ქვეშ მოექცნენ, ეს ვერ იქნება საფუძველი იმისა, რომ „ოცნებამ" კანონი უკან წაიღოს.

„ოცნების" უკან მისი ამომრჩეველია. თუკი ამ კანონებს უკან წაიღებს, მხარდამჭერებში და საზოგადოებაში მწარე კითხვები გაჩნდება - მაშინ რა საჭირო იყო მათი მიღება და მთელი ორწლიანი დავიდარაბა?" -განაცხადა ანჯაფარიძემ.

დავით ზურაბიშვილი გვეუბნება, რომ დიდად არ ელის „ოცნებამ" დასავლეთის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს.

„დიდად არ ველი. დასავლეთი, განსაკუთრებით ევროპა, „ოცნებას" სჭირდება არა როგორც სამოქალაქო ღირებულებათა სივრცე, სადაც ინტეგრაცია უნდა, არამედ, როგორც სავაჭრო პარტნიორი. მას ევროპისგან ფული სჭირდება და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში კეთილგანწყობა იმისთვის, რომ იგივე არაბულ ქვეყნებთან, ჩინეთთან და რუსეთთან „მარკა" აიწიოს.

„დღეს საქართველო და ივანიშვილი აუტსაიდერია არა მხოლოდ დასავლეთისთვის, არამედ აღმოსაველთისთვისაც. ჩვენ ვართ ევროპასთან დამაკავშირებელი სატრანზიტო გზა და თუ ევროპასთან მტრულ დამოკიდებულებაში ხარ, საქართველოს მეშვეობით ვაჭრობა არ გამოდის და სხვა გზებით სჯობს. ამიტომ საქართველოს მიმართ ინტერესი აღარაა და ტყუილად დახვდნენ ემირატების ხელმძღვანელს დიდი მოწიწებით. თუ ევროპასთან კარგი ურთიერთობა არ გაქვს, არ დაინტერესდება. რუსეთისთვისაც კი არ ხარ დიდად საინტერესო. ამიტომაც სჭირდებათ (ევროპასთან ურთიერთობა).

„რამდენად სჭირდებათ და რაზეა წამსვლელი, ამის თქმა რთულია. ივანიშვილი, გარდა წმინდა პრაგმატული საჭიროებებისა, ხშირად საერთაშორისო ურთიერთობებში კონსპირაციის თეორიებიდან გამოდის. მას „დიფ სტეიტი" მართლა ჰგონია... მთლად ცარიელი პროპაგანდა არაა, გარკვეულწილად მართლა დარწმუნებულია, რომ დასავლეთი მას ჩამოგდებას უპირებს და ახლა ცდილობს დაარწმუნის, რომ ვერ ჩამომაგდებ და სჯობს მევაჭრო", - განაცხადა ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე