ევროპის ცაზე ამოუცნობი დრონების შემოჭრა ისევ განხილვის ეპიცენტრშია. ევროპელები შეშფოთებას გამოხატავენ, თავდაცვის გაძლიერებაზე საუბრობენ - სავარაუდოდ, ორ კვირაში ევროკავშირი თავის გეგმას, რომელიც მიზნად თავდაცვის გაძლიერებას ისახავს, საბოლოოდ დაამტკიცებს. მეორეს მხრივ, რუსეთი ყოველგვარ პასუხისმგებლობას თავს არიდებს და ბრალდებებს „სასაცილოს" უწოდებს.
ორ კვირაში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 27 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს დასამტკიცებლად წარუდგენს გეგმას, რომელიც მიზნად ევროპის თავდაცვის გაძლიერებას ისახავს. ამის შესახებ ბრიტანული „ინდეფენდენტი" წერს.
„რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, მათ შორის საჰაერო სივრცის დარღვევას, დივერსიას და კიბერშეტევებს, რომლებიც მხოლოდ ესკალაციას გამოიწვევს, თუ კრემლს წინააღმდეგობას არ გავუწევთ", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ოთხშაბათს.
მისი თქმით, რუსულმა თვითმფრინავებმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, ხოლო დრონებმა ბელგიაში, დანიაში, გერმანიაში, პოლონეთსა და რუმინეთში სამხედრო ბაზებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს გადაუფრინეს
„ევროპამ უნდა უპასუხოს. ჩვენ უნდა გამოვიძიოთ ყველა ინციდენტი და არ უნდა მოვერიდოთ პასუხისმგებლობის დაკისრებას, რადგან ჩვენი ტერიტორიის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი უნდა იყოს დაცული და უსაფრთხო", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა
ცნობისთვის, გასულ კვირას ამოუცნობი დრონების გამო მიუნხენის აეროპორტში, რომელიც გერმანიის სიდიდით მეორე აეროპორტია, სულ მცირე 17 რეისის განხორციელება შეფერხდა. დრონების გამოჩენას დანიაშიც რამდენიმე აეროპორტის დროებით დახურვა მოჰყვა.
გასულ კვირას, „დრონების დრამა" ბელგიაზეც გავრცელდა - ბრიუსელში, სადაც, ნატო-სა და ევროკავშირის შტაბ-ბინები მდებარეობს, ბელგიის თავდაცვის სამინისტრომ ღამით ელსენბორნის სამხედრო ბაზაზე დრონების დანახვის შესახებ განაცხადა.
მზადდება გეგმა
ევროკავშირის აღმასრულებელი შტო, ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ამზადებს გეგმას, რათა ევროპა 2030 წლისთვის ასეთი გამოწვევების დასაძლევად მზად იყოს. უფრო კონკრეტულად, გეგმა მოიცავს მაღალტექნოლოგიური სისტემებისგან შემდგარი „დრონების კედლის" შექმნას , რომელიც დაკავშირებული იქნება სენსორთან, რომელსაც დრონების აღმოჩენა, თვალყურის დევნება და განადგურება შეუძლია , ასევე მათი ოპერაციული სისტემების ან პილოტების განეიტრალება.
ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნებისთვის უბრალოდ მიუღებელია უახლესი თაობის გამანადგურებლების გაშვება შედარებით იაფი დრონების წინააღმდეგ, როგორც ეს მოხდა ერთი თვის წინ, როცა რამდენიმე დრონი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა.
„ჩვენ გვჭირდება დრონების საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც ხელმისაწვდომი და ამ დანიშნულების შესაფერისია - სწრაფი აღმოჩენისთვის, სწრაფი ჩაჭრისთვის და საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი ნეიტრალიზაციისთვის", - თქვა ფონ დერ ლაიენმა და დაამატა, რომ ევროპას ამ საკითხში უკრაინისგან ბევრი აქვს სასწავლი.
გასულ კვირას კოპენჰაგენში გამართული არაფორმალური სამიტის შემდეგ ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის პოზიცია დრონების ინციდენტებთან, დივერსიულ აქტებთან, კიბერშეტევებთან და სანქციების დარღვევასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, გამკაცრდა. დანიამ ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყნის თავზე დრონების ფრენების სერია პირდაპირ რუსეთს მიაწერა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპამ რუსეთთან მიმართებით უფრო აგრესიული მიდგომა უნდა გამოიჩინოს და ჩამოაგდოს დრონები, რომლებიც ევროპის საჰაერო სივრცეში შედიან; ასევე უნდა აღიკვეთოს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებით ნავთობის უკანონოდ გადაზიდვა, რათა მოსკოვს ომისთვის შემოსავალი არ ჰქონდეს.
რუსეთი პასუხიმგებლობას ირიდებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ამ ბრალდებებს „სასაცილო", „იდიტური" და „არაადეკვატური" უქოდა.
„მაკრონი სასაცილო, იდიოტური და სრულიად არაადეკვატური მცდელობებით, რომ როგორმე რუსეთს დააკისროს პასუხისმგებლობა ყველაფრისთვის, დაწყებული დრონების ფრენებით, ჰაკერებით, ეკონომიკური პრობლემებით და ბოლოს, „ჩრდილოვანი ფლოტით", მაკრონი უბრალოდ ცდილობს ყურადღების გადატანას საკუთარი შიდა პრობლემებიდან, რომელიც გამოწვეულია შიდა ფაქტორებითა", - განაცხადა ზახაროვამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე