4 ოქტომბრის წარუმატებელი „მშვიდობიან რევოლუციის შემდეგ", მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების დამხობის პროექტი დასრულებულია. მმართველ გუნდში მიანიშნებენ, რომ მსგავს პროცესებს ან რაიმე მასშტაბურ ქუჩის გამოსვლებს ახლო მომავალში აღარ ელიან და ამავე დროს აანონსებენ, რომ ყველამ, ვინც ამ პროცესში მოანწილეობდა, შესაბამის სასჯელს მიიღებს.
4 ოქტომბერის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 23 ადამიანი დააკავა. მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციას გეგმები ჩაუვარდა, ხოლო რევოლუცია დასრულებულია.
„პროექტი, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების დამხობას, არის დასრულებული. რაც მთავარია, ახლა ყველამ უნდა მიიღოს ამის შედეგები. იმის სითამამე თუკი ჰქონდათ, რომ წასულიყვნენ სახელმწიფოს და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ახლა იმის სითამამეც უნდა ეყოთ, რომ მიიღონ სასჯელი, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ წამსვლელებს შემდეგ მოსდევს. ასე რომ, ამ სასჯელისთვისაც უნდა იყვნენ მზად", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დღეს „ამ ზრდასრული ადამიანების მხრიდან ნიანგის ცრემლებს ვხედავდით".
„ამბობდნენ, რა იცოდნენ, რომ ასე მოხდებოდა და სხვა რამ მოხდებოდა. ასეთია აგენტის ბედი - მისცემენ დავალებას, გაათამამებენ, აფიქრებინებენ, რომ ყველაფერი წავა პრობლემების გარეშე. შემდეგ ჩავარდება, ამ აგენტსაც ჩასვამენ ციხეში, როგორც მიხეილ სააკაშვილის ზის და კაცის შვილი მაგის გამომშვები ვერ არის გარედან. ხედავს თვითონაც, ასე ჩატოვებენ ციხეში და იქნება საკუთარი სასჯელის მოსახდელად", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მასობრივ დაპატიმრებებს აანონსებს პრემიერი ირაკლი კობახიძეც. მისი თქმით, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში მოძალადეების მხოლოდ 3%-ის იდენტიფიცირება მოხერხდა.
„ახლა ბევრად მაღალია მაჩვენებელი და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ბევრად მეტი მოძალადის იდენტიფიცირება არის განხორციელებული, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს მნიშვნელოვანია პრევენციისთვის. არიან უსინდისო მოძალადეები, რომელთა ადგილიც არის იქ, სადაც უნდა იყოს, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ბოლომდე მივიყვანთ გამოძიებას", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ჩაქრა თუ არა პროტესტი საბოლოოდ
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ პროტესტი არსად გამქრალა და ეს პროცესი ასე მარტივად არ დასრულდება.
„აქ მნიშვნელოვანი ის კი არაა, აქციის ორგანიზატორებმა რა შეცდომა დაუშვეს და როგორ, არამედ ის, რომ ოპოზიციური მუხტი და განწყობა ხელისუფლების მიმართ არსად გამქრალა. ამას შედეგს ვუწოდებდი მაშინ, თუ 4 ოქტომბრის ჩავარდნის შედეგად მოხდებოდა განმუხტვა და საზოგადოებაში იქნებოდა სიმშვიდე.
აქ სხვა რამ მოხდა: ჯერ ერთი - რუსთაველზე ისევ მიმდინარეობს პროტესტი; მერეც - ეს ხალხი, ვინც აქციებში მონაწილეობდა, არსად არც აორთქლებულა და არც გამქრალა. ასე რომ, ბრძოლა გრძელდება. თუ ვინმეს ჰგონია ხელისუფლებიდან, რომ ეს ასე მარტივად და სწრაფად დასრულდება, ძალიან ცდება. შესაძლებელია უფრო მძიმე შედეგებიც კი მივიღოთ, ვიდრე, დავუშვათ, თუნდაც სახელმწიფოს გადატრიალება."
ძაბირაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ახალი ტაქტიკა და სტარტეგია უნდა შეიმუშაოს.
„პოლიტიკურმა ოპოზიციამ უნდა გადახედოს და შეაფასოს ეს 4 ოქტომბერი და ახალი სტარტეგია და ტაქტიკა უნდა შეიმუშავოს. ამის მიხედვით უნდა მოხდეს დიდი აქციების შეკრებაც, დაშლაც და ყველაფერი, სხვაგვარად, ისე ინერციით, როგორც აქმდე მოვდიოდით, ეს პროტესტი იქნება, მაგრამ მისი მართვა ოპოზიციას და სხვათა შორის ხელისუფლებასაც ძალიან გაუჭირდება", - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ მცირე მასშტაბიანი პროტესტები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
„რასაკვირველია, მცირე მასშტაბიანი პროტესტები ჯერ არ დასრულებულა. უფრო გაიზარდა საზოგადოებაში უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან პატარა ჯგუფი პროტესტის გამომხატველებისა კვლავ აგრძელებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას და მძღოლებთან დაპირისპირებას. ამავე დროს, მმართველი პარტიიდან გაისმა საჯარო მოწოდებები: როდემდე არ უნდა სრულდებოდეს კანონი პროტესტის გამოხატვასთან დაკავშირებით, როდესაც მცირე ჯგუფი თავისუფლად ეტევა ტროტუარზე, მაგრამ მაინც კეტავს გზის სავალ ნაწილს. ვფიქრობ, რომ ამ მოწოდებებს, განსაკუთრებით საზოგადოებიდან, გაითვალისწინებენ სამართალდამცავები და ის ქაოსი, რომელიც რამდენიმე საათით ხდება რუსთაველის გამზირზე, დასრულდება ერთხელ და სამუდამოდ."
ანალიტიკოსის აზრით, მკაცრი სასჯელი სხვებისთვის მაგალითი იქნება, რომ „მსგავს ორკესტრირებულ პროცესებში" აღარ ჩაერთონ.
„რაც შეეხება გადატრიალებაში მონაწილეებს და ორგანიზატორებს, როგორც ხედავთ, მათი დაკავებები გრძელდება. სია ჯერ არ დასრულებულა. როცა ნახავენ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ დამხობით ორკესტრირებულად გამოსვლა დასჯადია მრავალწლიანი პატიმრობით, მაშინ აღარავის გაუჩნდება ე.წ. მადა, რომ მოაწყოს მომდევნო ე.წ. მშვიდობიანი გადატრიალება", - განაცხადა აბაშიძემ.
რამდენად მასშტაბური იქნება დაკავებები
კითხვაზე, სადამდე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება, ან რამდენად მასშტაბური შესაძლოა გახდეს მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული დაჭერები, ვახტანგ ძაბირაძე გვპასუხობს, რომ ეს მასშტაბურ სახეს არ მიიღებს.
„ოცნებამ" საკმაოდ დაიჭირა ხალხი, მაგრამ არ მგონია, როგორც იტყვიან, ძალიან გაუტიონ, რადგან ბევრი ხალხის დაჭერა თვითონ „ოცნებასაც" არ აწყობს. ხალხის რეპრესირება და დაჭერა ნიშნავს, რომ უარყოფითი მუხტი უფრო გაიზრდება და სახიფათო გახდება. „ოცნება" საკმაოდ ჭკვიანურად მოქმედებს და ამ შემთხვევაშიც არ მგონია, რომ ძალიან მასშტაბური და მასობრივი იყოს ასეთი დაპატიმრებები. თუმცა შეცდებიან პრეზიდენტის სასახლესთან ბარიკადების მომწყობილები და ა.შ მაქსიმალურად დააპატიმრონ", - განაცხადა ძაბირაძემ.
გია აბაშიძე კი ამ მხრივ წინასწარი პროგნოზებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ამას პროცესი გვაჩვენებს:
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, როცა მიმდინარეობს ინტენსიური დაკითხვები, ოპერატიულ მასალებზე უფრო ფართო წვდომა და ანალიზი, მათ შორის ვიზუალური მასალების, ვერავინ იტყვის, კიდევ რამდენ ეჭვმიტანილს დააკავებენ, როდის და როგორ მოხდება ეს. ამაზე მუშაობს გამოძიება. ასე რომ, წინასწარ საუბარი იმაზე, თუ რამდენად გაიზრდება დაკავებულთა სია, საკმაოდ რთულია."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე