თამთა ჩაჩანიძე
(07.10.2025)

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას, რომლის ძალაში შესვლა წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი, მანამდე, 17 ნოემბერს კი ამ დოკუმენტს ევროპის კავშირის საბჭო უყრის კენჭს. ახალი რეგულაციები, ერთი მხრივ, აიოლებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისა და გაუქმების პროცედურებს, მეორე მხრივ კი საქართველოს მოქალაქეებს დაახლოებით 3-წლიან გარანტიას აძლევს, რომ მათთვის სავიზო რეჟიმი არ ამოქმედდება.

საქმე ისაა, რომ მოქმედი წესით ბრიუსელი ჯერ 9 თვით აჩერებს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს, შემდეგ კი შეუძლია მას 18-თვიანი პროლონგაცია გაუკეთოს. პირველ, შეჩერების სტადიაზე, რეჟიმი უუქმდება კონკრეტულ კატეგორიებს - მაგალითად, პოლიტიკოსებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს და ა.შ. პროლონგაციის სტადიაზე კი ყველას. მართალია, ახალი წესები ორივე სტადიას მნიშვნელოვნად ზრდის (შეჩერება 12 თვემდე, პროლონგაცია - 24 თვემდე), თუმცა ორივე ამ სტადიაზე უბრალო მოქალაქეებისთვის ვიზების შემოღებას გამორიცხავს.

ეს ცვლილებები კი ევროკომისიასა და დაინტერესებულ ქვეყანას დამატებითი დროს - 3 წელს - აძლევს, რათა მესამე ქვეყანასთან ნებისმიერი პრობლემის გამოსასწორებლად ითანამშრომლოს.

„უვიზო მიმოსვლას არაფერი არ აქვს გადასარჩენი, თუკი იქნება სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით",- ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

ოპოზიციაში კი, რომლისთვისაც ბიზალიბერალიზაციის გაუქმება, ლამის პოლიტიკური ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად იქცა, აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ევროკავშირისგან კონკრეტული ჩამონათვალი უკვე აქვს, რა უნდა გამოსწორდეს ქვეყანაში, რომ არ დავექვემდებაროთ ახალ კრიტერიუმს უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის და თუ ისინი ამ მოთხოვნებს არ შეასრულებენ, უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე რეალურია.

რეფორმას 7 ოქტომბერს მხარი 518-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ 96 დეპუტატი წავიდა, ხმის მიცემისგან კი თავი 24-მა შეიკავა. ზომები შეეხება 61 ქვეყანას, ანუ მათ, ვინც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობს, მათ შორის საქართველოს.

მექანიზმი საშუალებას აძლევს ევროკომისიას, აღადგინოს სავიზო მოთხოვნები კონკრეტული ქვეყნისთვის, როდესაც არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები - ჯერ დროებით, გამოძიების და დიალოგის მიმდინარეობის დროს, ხოლო შემდეგ სამუდამოდ, თუ პრობლემები კვლავ გაგრძელდება.

„საფუძვლები მოიცავს შიდა უსაფრთხოების საფრთხეებს (მათ შორის, შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეების მიერ ჩადენილი სერიოზული დანაშაულების ზრდას) და თავშესაფრის წარუმატებელი განაცხადების, შესვლაზე უარის თქმის ან ვიზების ვადის გადაცილებით დარჩენის მაჩვენებლის მნიშვნელოვან ზრდას. რეფორმა შეჩერების დაწყების ახალ საფუძვლებს ამატებს, კერძოდ: ჰიბრიდული საფრთხეები (მაგალითად, მიგრანტების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტალიზაცია); ინვესტორთა მოქალაქეობის სქემები (ე.წ. „ოქროს პასპორტები"), რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას იწვევს; ევროკავშირის ვიზების პოლიტიკასთან შეუსაბამობა; გაეროს წესდების დარღვევა; საერთაშორისო ადამიანის უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევები; და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა", - აღნიშნულია ევროპარლამენტის პრესრელიზში.

დოკუმენტის თანახმად, კანონი, მესამე ქვეყნების მთავრობების მიერ მოკლევადიანი ვიზების გაუქმების შეთანხმებების პირობების დარღვევისგან თავის დასაცავად, ევროკავშირს მეტ მოქნილობას მისცემს, შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა მთავრობის ოფიციალურ პირებს, რომლებიც, შესაძლოა, პასუხისმგებლები იყვნენ მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევაზე ან სხვა სახის დარღვევებზე.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გამარტივებული წესებით უკვე საგარეო ურთიერთობების გამოც გიჩერებენ უვიზო მიმოსვლას.

„ერთი მთავარი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ ადრე თუ უვიზო მიმოსვლის შეჩერება პირველ ეტაპზე 9 თვით იყო და მერე 18 თვით, ახლა შეიძლება 12-დან 24 თვემდე შეჩერდეს. მეორე ის, რომ ადამიანის უფლებებების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიული სტანდარტების დარღვევისთვისაც შეუძლიათ გააჩერონ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ კონკრეტულად თუ შენს ქვეყანაში ირღვევა ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, მაშინ გიჩერებენ.

„უკვე საგარეო ურთიერთობების გამოც გიჩერებენ, თუ მაგალითად შენი საგარეო ურთიერთობები ისეთია, რომელიც ევროკავშირის ინტერესებს აზიანებს, ან თუ თავად ევროკავშირთან გიფუჭდება საგარეო ურთიერთობები, მაშინაც შეუძლიათ შეაჩერონ. ეს კანონი მაინცდამაინც ჩვენთვის არაა და მთლიანად ყველასთვისაა, მაგრამ უფრო მეტი შანსებია, რომ (დეკემბრიდან ) გაგვიჩერონ. მათ შორის ჩვენთან ინვესტორთა წახალისების სქემა რომაა, ანუ ადამიანები თუ ინვესტიციას აკეთებენ, მერე მაგის გამო საქართველოს მოქალაქეობას ძალიან სწრაფად და პრაქტიკულად ყოველგვარი პროცედურების გარეშე იღებენ, ამის გამოც შეიძლება გააჩერონ, თუ ეგ სქემა არ გააუქმეს",- განაცხადა გოგოლაშვილმა.

კითხვაზე, წავა თუ არა ვეროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე დეკემბრიდან, გოგოლაშვილმა გვითხრა:

„რატომაც არ წავა? მგონია, რომ შეაჩერებს, რადგან მოვლენები ისე მიდის, ეს ავტორიტარული რეჟიმი იმდენად გათავხედდა და ევროკავშირზე ათასგვარ რაღაცეებს ავრცელებს, დიფ სტეიტი მართავსო და ა.შ. ეს ხომ დეზინფორმაციაა, რომელსაც პირდაპირ ავრცელეს ევროკავშირზე და რა თქმა უნდა, ალბათ გააუქმებენ."

დამატებით კითხვაზე, მოლოდინია თუ არა, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, ქვეყნის შიგნით მძლავრმა პროტესტმა იფეთქოს, გოგოლაშვილმა განგვიცხადა:

„საქართველოში საზოგადოება საერთოდ არეულია, კარგად რომ იყოს მობილიზებული და პრიორიტეტები ზუსტად ჰქონდეთ დალაგებული და იყოს ერთიანი თუ გნებავთ საპროტესტო საზოგადოება, მაშინ კი, რაღაცას შეიძლება ელოდო, მაგრამ ასეთ ვითარებაში, მე მგონი, უბრალოდ უფრო ავტორიტარიზმის გამყარებას უნდა ველოდოთ და ამ ტყუილებში ცხოვრების გაგრძელებას",- განაცხადა გოგოლაშვილმა.

„უვიზო რეჟიმის შეჩერება შესაძლოა შედარებით მსუბუქი სასჯელი იყოს საქართველოსთვის, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 22% (შეიძლება ნაკლებიც) თუ სარგებლობს ამ პრივილეგიით. ევროკავშირს სხვა სასჯელებიც - ძირითადად ფინანსურ-ეკონომიკური, აქვს გამზადებული იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას, რომლის ხელისუფლებაც საკუთარ დუდუკზე ვერ აცეკვა, პრობლემები შეუქმნას. აი, სწორედ ეს იქნება უფრო მგრძნობიარე და მძიმე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვიდრე უვიზო რეჟიმის დაკარგვა", - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე