4 ოქტომბრის აქციის შემდეგ ჯამში 18 ადამიანია პატიმრობაში. მათგან 13 პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრისთვის დაიჭირეს, 5 კი აქციის ორგანიზატორია, რომლებსაც „ქართული ოცნება" სახელმწიფო გადატრიალებაში სდებს ბრალს.
ძალადობროვი გზით ხელისუფლების ცვლილების მცდელობისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ: პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს.
რაც შეეხება 13 დაკავებულს, უმეტესი მათგანი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. მათ მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დიდი ალბათობით, 8 ოქტომბერს იმსჯელებს.
13 დაკავებულს შორის 4 „ნაციონალური მოძრაობის" წევრია: ალექსანდრე ხაბეიშვილი, სერგო (სერგი) მეგრელიშვილი, აბო ნავერიანი და კახა მჟავანაძე.
სხვები კი არიან: თორნიკე მჭედლიშვილი, დავით ჟღენტი, ბექა მაჭავარიანი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშვიაშვილი, გიორგი რურუა, დავით სტურუა, მანუჩარ მიქელაძე.
4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
აქციის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 30-ზე მეტი პირი გახდებოდა დასაჭერი. როგორც აღნიშნა, ადამიანების იდენტიფიცირების რესურსი იმაზე მეტია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ.
„ვინც მონაწილეობდა ძალადობაში, უკლებლივ ყველა არის დამხობის მცდელობის აღმსრულებელი. ეს ადამიანები უნდა ელოდნენ სიურპრიზებს შემდეგ დღეები. მათი შემართებიდან ჩვენ ვვარაუდობდით, რომ 30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი და ხედავთ, რომ ჩვენი პროგნოზი ასრულდება. მათ შორის, ჩვენ ყველას ვეუბნებოდით, რომ ბევრად მეტი გვაქვს ადამიანების იდენტიფიცირების რესურსი, ვიდრე გვქონდა თუნდაც რამდენიმე თვის წინ", - თქვა კობახიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე