მოძრაობა „რუსთაველის გამზირის" ლიდერებს - პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას, ენმ-ს წევრ ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ისინი ბრალს არ აღიარებენ, ადვოკატები კი საქმის პოლიტიკურ მოტივირებულობაზე საუბრობენ. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
ბრალი წარდგენილია შემდეგ მუხლებზე: „სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად"; „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა" და „მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ". ამაზე მაქსიმალური სასჯელი 9 წელია.
სიტყვა განაჩენამდე
ბრალდებულები სამშაბათს სასამართლოს წინაშე სიტყვით წარდგნენნ და 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ირგვლივ დეტალურად ისაუბრეს.
პაატა ბურჭულაძე: „საქართველო დაღუპვის გზაზეა და ის გადასარჩენია. სულ ცოტა ხანი დაჭირდება, როცა მეცნიერები, ისტორიკოსები დასხდებიან და აღნიშნავენ ამ დღეს, როგორც გამარჯვების დღეს... რომ არ მცოდნოდა მე ვინ ვარ, ვიფიქრებდი, რომ ტერორისტი ვარ. „ქართულ ოცნებას" უნდა წარმოადგინოს, რომ აქ ტერორისტები სხედან - მთელი ცხოვრება ბავშვებს, ახალგაზრდებს ვეხმარებოდი. მე რომ მოვუწოდებდი ვინმეს, დანა დაარტყი, მოკალიო, დაიჯერებთ?!"
მურთაზ ხურცილავა; „მეც ვიყავი ჩინოვნიკი, შეიძლება კაბინეტს მიღმა მეც არ ვიხედებოდი... დღეს სხვა ვითარებაა. მე შინაგანად კანონმორჩილი ვარ, არასდროს არაფერი დამირღვევია და უცებ გავგიჟდი - მე დავკარგე ეს შეგრძნება, ყველაფერი შეიძლება, რომ ქვეყანა მოვარჩინო-მეთქი. მშვიდობიანი რევოლუცია არის მალამო, სხვანაირად ბიძინა არ დანებდება.... როგორც აღმოჩნდა, ყველაზე დიდი შიში დათესა მან მის მომხრეებში."
ლაშა ბერიძე: „მე არ მივიჩნევ თავს რეჟიმის მსხვერპლად, მეომარი ვარ. ტყვე ვარ, კი ბატონო. აქ 1924 წლის აჯანყებაზე ისაუბრეს და პარალელები გაავლეს. ერთ პარალელს გეტყვით, რომ ჩვენ არ გავიზიარებთ იმ ხალხის ბედს, ჩვენ გავიმარჯვებთ."
ადვოკატები მიანიშნებდნენ, რომ მოსამართლეს წარსულში „ოცნებასთან" ჰქონდა კვეთა, აღნიშნავენ, რომ ის მიკერძოებულია.
„მოსამართლე, რომელმაც პოლიტიკური პატიმრების ბედი გადაწყვიტა, არის პირდაპირ „ქართული ოცნების" წარმომადგენელი სასამართლოში," - განაცხადა „რუსთაველის გამზირის" ლიდერ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.
ამას პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი არ დაეთანხმა. „მიგვაჩნია,ის ფაქტობრივი გარემოება, რომ წარსულში ქალბატონი მოსამართლე იკავებდა რაიმე სახის თანამდებობას, არ მიანიშნებს, რომ იგი შესაძლებელია იყოს მიკერძოებული. აღნიშნული მან თავადაც დაადასტურა. ამ საკითხზე ნათელი პოზიცია გააჩნდა ბრალდების მხარესაც",- განაცხადა ბეჟუაშვილმა.
„მოწმეთა ჩვენებებია, რომელთაც ფიზიკური ტკივილი განიცადეს ბრალდებულთა ქმედებებით - ბრალდებულები ფაქტობრივ გარემოებებს არ უარყოფდნენ, თუმცა ამბობდნენ, რომ პატრიოტული მოტივით ჩაიდინეს."
პოლიტიკური შეფასებები
„ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ჯგუფი, ვინც თვეების განმავლობაში პირდაპირი თუ ირიბი მეთოდებით რევოლუციის სამზადისით იყო დაკავებული, დღეს ამბობს, რომ მომხდართან არანაირი შეხება არ ჰქონდა და აქციაზე ინტერესის გამო იდგა.
„ყველა ადამიანმა საკუთარ განცხადებასა და ქმედებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. საზოგადოება თვეების განმავლობაში ისმენდა და უყურებდა როგორ მოუწოდებდნენ ხალხს შეკრებისაკენ, რომ შემდეგ კონსტიტუციური წყობილება დაემხოთ. იმ დღეს მკაფიო განცხადებები გაკეთდა. ამის შემდეგ ხალხს მოუწოდეს, რომ პრეზიდენტის სასახლის ასაღებად დაძრულიყვნენ.
„ბოლომდე შეეცდებიან თავის დაძვრენას, მაგრამ გამოძიება უტყუარი ფაქტებითა და მათ მიერვე გაკეთებული განცხადებებით ხელმძღვანელობს. სასამართლოც გამოძიების არგუმენტებს შესაბამისად გაითვალისწინებს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ენმ-ში კი ბრალდებულები ისევ თავგანწირვის სიმბოლოდ რჩებიან.
„ყველა იმ ადამიანს მინდა ვუთხრა, 4 ოქტომბრის შემდეგ თითის გაშვერა რომ დაიწყეს ამ ადამიანებისკენ: მეგობრებო ჯერ თქვენ გაბედეთ იმის მესამედი, რომელიც ამ ადამიანებმა გაბედეს და შემდეგ გექნებათ უფლება ვინმეს მიმართ ხელი გაიშვიროთ.
„ისინი კი, რომლებიც გარეთ დავრჩით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბრძოლა შედგეს. 4 ოქტომბერი დამარცხების დღე არ ყოფილა, ეს იყო რეჟიმთან ბრძოლის დღე," - განაცხადა ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა ანა წითლიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე