თამთა ჩაჩანიძე
(07.10.2025)

მმართველ პარტიაში ელჩების გაძევება-არგაძევებაზე დაიწყეს საუბარი, განსაკუთრებული აქცენტი ევროკავშირზეა. „ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ ევროპა დიპ სტეიტისგან გათავისუფლდება, მანამდე კი „მოთმინების პოლიტიკას" გაატარებს და „ცალმხრივი მეგობრობის" რეჟიმში დარჩება, რადგან ელჩების გაძევება „კონტრპროდუქტიული იქნება".

„გაძევებაზე ლაპარაკი ზედმეტია და არ მგონია ამ დონემდე მივიდნენ, რადგან ამას უამრავი სხვა რაღაცა მოჰყვება, რომელიც თვითონაც კარგად იციან. უბრალოდ ეს რიტორიკაა იმისთვის, რომ რაღაც ზეწოლა მოახდინონ საელჩოებზე, საერთაშორისო თანამეგობრობაზე, მიზანი, მე მგონი, სწორედ ესაა", - ამბობს „რეზონანსთან" თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია.

ამასთან, 7 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩები დაიბარეს, დიპლომატებს მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა. აუდიენცია დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც ბოჭორიშვილი ამბობს, სამინისტროში შეკრება ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ დიპლომატიური კორპუსისთვის უწყებას მიეწოდებინა „სრული ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდა 4 ოქტომბერს, ასევე ამ დღეს განვითარებულ მოვლენებზე თბილისში". ამტკიცებს, რომ „ელჩები საყვედურისთვის არ დაუბარებიათ".

„მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებაზე კონტრპროდუქტიული იქნება, ვიდრე ელჩების დანიშვნაზე დიპ სტეიტის მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას - ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში", - ამბობს „ოცნების" დეპუტატი ირაკლი კირცხალია.

მისი თქმით, კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობას საქართველო წლების განმავლობაში აშენებდა და ახლა დიპ სტეიტის მიერ მართულ ევრობიუროკრატიას და ელჩების არადიპლომატიური ქმედებებს მიღწეული შედეგების გაფუჭების საშუალებას არ მისცემენ.

„ვროკავშირის სტრუქტურებში დღეს აშკარად იგრძნობა დიპ სტეიტის გავლენა და არაერთი ევრობიუროკრატი სწორედ მათზე მუშაობს. შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, თუ რამდენად უჭირს დღეს ევროპას, რამდენად დიდია იქ დიპ სტეიტის გავლენა, რამდენად რთულ ვითარებაში ჩააყენეს ევროკავშირის არაერთი ქვეყანა და ზოგადად, ევროკავშირის სტრუქტურები - კონკრეტული ელჩების ქცევა ჩვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ევრობიუროკრატია სწორედ იმ ქვეყნების წარმომადგენლებით კომპლექტდება, რომელთა ელჩებიც ასე უხეშად და არადიპლომატიურად მოქმედებენ საქართველოში... მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება მანამ, სანამ ელჩების დანიშვნაზე დიპ სტეიტის მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას.

„ჩვენი სახელმწიფო, ამ ქვეყნებთან ურთიერთობას წლების განმავლობაში აშენებდა და ავითარებდა, შესაბამისად, დიპ სტეიტის მართულ ევრობიუროკრატიას არ მივცემთ საშუალებას, რომ ელჩების არადიპლომატიური ქმედებების გამო, მიღწეული შედეგები, სახელმწიფოებისა და ხალხების ურთიერთობების დონეზე გააფუჭოს. ცხადია, კონკრეტული ქვეყნის ელჩის გაძევება გამოიწვევს მთელ რიგ დიპლომატიურ სვლებს, რაც საქართველოსა და კონკრეტული ქვეყნების ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება", - ამბობს კირცხალია.

ანალიტიკოსი საერთაშორისო საკითხებში კორნელი კაკაჩია გვეუბნება, რომ „ოცნება" დიპლომატებთან მიმართებაში მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკას ატარებს და ეჭვობს, რომ ეს გამოვიდეს.

„ურთიერთსაწინააღმდეგო რიტორიკაა, ერთი მხრივ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს,რომ ელჩები იმიტომ კი არ დავიბარეთ რაიმე საყვედური გამოვუცხადოთო. რაღაც მათრახის და თაფლაკვერის პოლიტიკის ერთად შეზავებას ცდილობენ, რაც, არ მგონია, რომ გამოვიდეს. მით უმეტეს, რომ საქართველოს ის ბერკეტები არ აქვს, რომელზეც შეუძლია ასეთი პოლიტიკა გაატაროს. ის კი არა, იგივე რუსეთი და დიდი სახელმწიფოები არ აკეთებენ ამას იმ საერთაშორისო რეაქციის გამო,რომელიც შეიძლება ამას მოჰყვეს. ასეთი მსგავსი არ მგონია „ოცნებამ" გაბედოს, მით უმეტეს, ამ იზოლაციის პირობებში, რადგან ეს ისედაც რთულ ვითარებას უფრო გაართულებს.

„ანუ გაძევებაზე ლაპარაკი ზედმეტია და არ მგონია ამ დონემდე მივიდნენ, რადგან ამას უამრავი სხვა რაღაცა მოჰყვება, რომელიც თვითონაც კარგად იციან. უბრალოდ ეს რიტორიკაა იმისთვის, რომ რაღაც ზეწოლა მოახდინონ საელჩოებზე, საერთაშორისო თანამეგობრობაზე. მიზანი მე მგონი სწორედ ესაა."

კაკაჩიასვე თქმით, უახლოეს პერიოდში არ არის მოსალოდნელი, რომ ევროკავშირში ისეთი პოლიტიკური ვითარება დადგეს, როგორი მოლოდინიც „ოცნებას" აქვს.

„არ მგონია, რომ უახლოეს ხანში ასეთი რამ მოხდეს, რადგან ესენი მთლიანობაში ევროკავშირის იდეას ეწინააღმდეგებიან. ევროკავშირის იდეა თუ მოკვდა, მაშინ მთლიანად ევროკავშირი მოკვდება და ასე არ მოხდება. მაშინ პირდაპირ უნდა აღიარონ, დღევანდელი ევროკავშირი და მათი ღირებულებები მათთვის მიუღებელია, ამას პირდაპირ ვერ ბედავენ, რადგან იციან, რაც მოჰყვება და, მე მგონი, სჯობს, გულწრფელები იყვნენ, ზუსტად რა უნდათ. მათი მიზანი რა არის, ყველა ხვდება - ხელისუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად და ბიძინა ივანიშვილის დატოვება უპირობო მართველად. ეროვნული ინტერესიც ამაზე აქვს მორგებული, ანუ ქართველი ხალხის კი არა, ერთი კაცის ინტერესებზეა მორგებული და მთელი სახელმწიფო აპარატი ამას ემსახურება - ესაა რაც გარედან ჩანს",- განაცხადა კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე