პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის ძალადობის მონაწილეები უკვე ამოცნობილნი არიან და დაკავების სპეცოპერაციები გრძელდება. ის ყურადღებას ამახვილებს რუსთველის უწყვეტ აქციებზეც და ირწმუნება, რო ეს ადამიანები „ერთწლიან 100-კაციან ძალადობაზე" პასუხს მიიღებენ.
„პატივი უნდა სცე შენს თანამოქალაქეს, რომელსაც უნდა, რომ შეუფერხებლად გაიაროს ამ ქუჩაზე. ელემენტარული პატივისცემის ამბავია და ამას ეფუძნება ადამიანის უფლებების სტანდარტები, მაგრამ არა, 100-მა კაცმა უნდა იძალადოს ათასობით და მილიონობით ადამიანზე. ჩვენი მეთოდური მიდგომით, ეს ადამიანები მიიღებენ პასუხს იმ ერთწლიან 100-კაციან ძალადობაზე, რომელსაც ისინი ჩადიან 4 მილიონი ადამიანის წინააღმდეგ, საქართველო ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენი ეკონომიკის წინააღმდეგ.
პრემიერის თქმით, ძალიან ბევრი პირი ამოცნობილია, ვინც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის რეზიდენციაზე ძალადობდა - „ზოგი ბინებში იმალება, ზოგი რეგიონებში გაიქცა". ამასთან, კობახიძის თქმით, გაცხადებული ორგანიზატორები დაკავებულები არიან, ახლა საუბარია იმათზე, ვინც უშუალოდ „შტურმი მიიტანა" პრეზიდენტის რეზიდენციაზე, რომლებიც ახალგაზრდულ-ექსტრემისტული გაწვრთნილი დაჯგუფების წარმომადგენლები არიან.
„დღესაც ტარდება შესაბამისი სპეცოპერაცია, რამდენიმე დამნაშავე უკვე დღეს იქნება დაკავებული და ეს პროცესი გაგრძელდება. ძალიან ბევრი პირი ამოცნობილია, ვინც ძალადობდა პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მათ შორის, ზოგი ბინებში იმალება, ზოგი რეგიონებში გაიქცა. გაცხადებული ორგანიზატორი ვინც იყო, ყველა დაკავებულია, ახლა საუბარია იმათზე, ვინც უშუალოდ შტურმი მიიტანა პრეზიდენტის რეზიდენციაზე. ესენი არიან ახალგაზრდულ-ექსტრემისტული გაწვრთნილი დაჯგუფების წარმომადგენლები, რომლებსაც ჰქონდათ კონკრეტული დავალება, მიეტანათ შტურმი სახელმწიფოზე, თუმცა ეს შტურმი გამოდგა წარუმატებელი", - თქვა პრემიერმა „რუსთავი 2"-თან.
აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა
პრემიერის თქმით, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, რეალური გახდება ურთიერთობების გადატვირთვა. „როგორც კი ომი დასრულდება, ვფიქრობთ, რომ რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა რეგიონში, კონტინენტზე და ამის შემდეგ რეალური გახდება ურთიერთობების გადატვირთვა. სამი წელი არჩევნები აღარ იქნება. ხედავენ, რომ დამხობის მეხუთე მცდელობა ჩავარდა და შანსი აღარ აქვთ. სამი წელი არავითარი პერსპექტივა არ აქვს არც ადგილობრივ აგენტურას და არც მათ პატრონებს, რომ არიონ ეს ქვეყანა. ერთი ვარიანტია, რომ მიიღონ პრაგმატული გადაწყვეტილება და აქედანვე, ომის დასრულებამდეც იფიქრონ ურთიერთობების გადატვირთვაზე", - განაცხადა პრემიერმა
ახალი პარტიები
აღსანიშნავია, ის რომ მმართველი გუნდი ბოლო დროს ხშირად მაინიშნებს ახალი ოპოზიციური პარტიების გამოჩენასა და პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაზე.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2028 წლის არჩევნებს ჩვენი ქვეყანა შეხვდება გაჯანსაღებული პოლიტიკური სპექტრით. არა ამ სიმახინჯით, „ლელოს", გახარიას ჩათვლით; „ნაცები", „ახალი", სხვა პარტიებზე აღარ ვლაპარაკობ; არამედ ჩვენი ქვეყანა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს უნდა შეხვდეს სწორედ გაჯანსაღებული ფორმით, ახალი პოლიტიკური სპექტრით. ეს არის მნიშვნელოვანი. უცხოელი აგენტები აღარ უნდა დარჩნენ ქართულ პოლიტიკაში. არცერთი უცხოელი აგენტი აღარ უნდა დარჩეს ქართულ პოლიტიკაში, ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ზომას, მათ შორის საკონსტიტუციოსაც. კოლექტიური „ნაცმოძრაობის" აკრძალვას ვითხოვთ."
მილოცვა ჩეხეთს
პრემიერმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში ჩეხეთის არჩვენებში გამარჯვებულ ანდრეი ბაბიშს მიულოცა. „ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას „ანო". წარმატებას ვუსურვებ მას ძლიერი და ეფექტური მთავრობის ჩამოყალიბებაში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩეხი ხალხის წინსვლასა და კეთილდღეობას. საქართველო მოუთმენლად ელის პარტნიორობის განახლებას და ჩვენს ერებს შორის არსებული კავშირების მეტად გაღრმავებას."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე