„ევროპაში, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთში, პოლიტიკური კლიმატი შეიცვლება"
მარიამ ვეკუა
(06.10.2025)

მილიარდელმა ბიზნესმენმა ანდრეი ბაბიშმა და მისმა პარტიამ „ანო" ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნები მოიგო და დიდი ალბათობით მთავრობის ფორმირებას მოახრეხებს. შეცვლის თუ არა გამარჯვებული ლიდერის ევროსკეპტიკური და ნაწილობრივ ანტიუკრაინული რიტორიკა ქვეყნის პოლიტიკურ ლანდშაფტს და ჩადგება თუ არა ჩეხეთი ორბანის უნგრეთისა და ფიცოს სლოვაკეთის რიგებში?

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე, „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროსკეპტიკურმა განწყობებმა ევროპაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ნაწილში, ფეხი განსაკუთრებულად მოიკიდა.

„ეს ევროსკეპტიკური დამოკიდებულების დემონსტრირება ხდება აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში. ის არ არის უნიკალური შემთხვევა; ასეთი ვითარებაა უნგრეთში, სლოვაკეთში, ბალკანეთის ქვეყნებში. საერთოდ, ევროპაში ევროსკეპტიკურმა განწყობებმა ფეხი მოიკიდა - გერმანიაც ამის მაგალითია (ევროსკეპტიკოსებს ვამბობ კრებით ფორმაში, მათ დასახასიათებლად, ვინც ბრიუსელის იდეოლოგიური ნარატივის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი), მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განსაკუთრებით. ამიტომ, რომ გითხრათ, რამე განსაკუთრებული მოხდა ჩეხეთში, ასე ვერ ვიტყვი, რადგან ეს საერთო სიტუაციაში, საერთო ფონში ერთ-ერთია."

კითხვაზე, რა პროცესები განვითარდება ბრიუსელსა და პრაღას შორის, გვპასუხობს:

„დიდ ცვლილებებს პრაღასა და ბრიუსელში არ ველოდები. თუმცა უნდა ითქვას, რომ, რაც დრო გადის, ეს სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკური ძალების და კონსერვატორულად განწყობილი ძალების გამარჯვება (მთლად კონსერვატორი არ არის ბაბიში, მაგრამ მაინც) გვაძლევს იმის ვარაუდს, რომ ევროპაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, პოლიტიკური კლიმატი შეიცვლება. აქედან ძველი დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც ხდება ანალოგიური ძვრები - იტალიაში, გერმანიაში, ნაწილობრივ საფრანგეთში და ა.შ."-განაცხადა არეშიძემ.

შეწყვეტს თუ არა ჩეხეთი უკრიანის დახმარებას, ბაბიშის ანტიუკრაინული როტორიკის ფონზე, არეშიძე ამბობს, „არა", თუმცა არ გამორიცხავს , რომ ამ სკაითხზე ბრიუსელთან ვაჭრობა დაიწყოს.

„ასე მარტივად ჩეხეთი ვერ გააუქმებს არაფერს. ჯერ ერთი, ჩეხეთის პრეზიდენტი მყარ პოზიციაზე დგას, რაც გულისხმობს უკრაინის დახმარებას. შემდეგ, ჩეხეთის პრეზიდენტი არის უაღრესად ავტორიტეტული არა მხოლოდ ევროპულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში, არამედ ჩეხეთშიც. აქედან გამომდინარე, მე არ ვფიქრობ, რომ ჩეხეთმა ამ ტიპს ნაბიჯები გადადგას. შესაძლოა, შეზღუდოს, შეამციროს, შესაძლოა ბრიუსელთან ვაჭრობა დაიწყოს, თუმცა მთლიანად არ გააუქმებას არ ველოდები."

ჩეხეთის ცესკო

ჩეხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების ხმების 100%-იანი დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, არჩევნებში პირველ ადგილზეა ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის პარტია „ანო".

ცესკო-ს მონაცემებით, ანდრეი ბაბიშის პარტიამ არჩევნებში ხმების 34.5% მიიღო და დეპუტატთა პალატაში 200 ადგილიდან 80 ადგილი მოიპოვა.

მეორე ადგილზეა მმართველი პოლიტიკური ალიანსი „სპოლუ", რომელსაც ხმების 23.4% ერგო (52 ადგილი).

სხვა ბარიერგადალახული პარტიები არიან: „მერები და დამოუკიდებლები", რომელმა 11.2% მიიღო, „მეკობრეთა პარტია" - 9%, „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია" - 7.8%, „მოტორისტები" - 6.8%.

„ეს ისტორიული წარმატებაა", - განუცხადა ანდრეი ბაბიშმა პრაღის გარეუბანში „ანოს" შტაბ-ბინაში შეკრებილ მხარდამჭერებს.

„ეს ჩემი პოლიტიკური კარიერის მწვერვალია!" - თქვა მან და დასძინა, რომ გუნდთან ერთდ ახლა იმუშავებს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა „ევროკავშირში საცხოვრებლად საუკეთესო ადგილად" იქცეს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები დიდი სიურპრიზით არ დასრულებულა - ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი, რომ ის პირველ ადგილზე გავიდოდა - ჯერ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს, თუ როგორ განვითარდება პროცესები.

ბაბიშმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ორ მცირე მემარჯვენე ევროსკეპტიკურ პარტიასთან, რომლებმაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოახერხეს: პარლამენტის მონაცემებით, უმრავლესობით მთავრობის ჩამოსაყალიბებლად მას ორივესთან ალიანსი დასჭირდება.

საინტერესოა, რომ ბაბიშმა კატეგორიულად გამორიცხა ევროკავშირში ან ნატოში წევრობაზე რეფერენდუმის ჩატარება, რაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტია.

ანტიუკრაინული როტორიკა

„ანოს" ლიდერმა საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად მიმართა ანტიუკრაინულ რიტორიკას და გააკრიტიკა მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობა იმის გამო, რომ „ჩეხ დედებს არაფერს აძლევენ, უკრაინელებს კი ყველაფერს".

ჩეხეთის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის საომარი ძალისხმევის მიმართ, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეიცვლება. ის უკვე დაჰპირდა ჩეხური საბრძოლო მასალის წარმატებული ინიციატივის გაუქმებას - რომლის ფარგლებშიც 2022 წლიდან უკრაინას 3.5 მილიონი ჭურვი მიაწოდა. უფრო კონკრეტულად, ბაბიში აცხადებს, რომ სქემას, რომელიც უკრიანელებს ჭურვებს აწვდის, გამჭვირვალობა აკლია, მაგრამ ჩეხეთის მთავრობის წარმომადგენლები, რომლებმაც ეს სქემა შექმნეს, ამბობენ, რომ ის ზუსტად იმიტომ მუშაობს, რომ გამჭვირვალე არ არის.

ინიციატივის ფარგლებში, ჩეხი იარაღის დილერები უკრაინისთვის გლობალურ ბაზარზე ჭურვების შესაძენად თავიანთ საერთაშორისო კონტაქტებს იყენებენ, თანხის ძირითადი ნაწილი კი ევროკავშირისა და ნატოს პარტნიორებისგან მოდის. ზოგიერთი მწარმოებელი იმ ქვეყნებშია, რომლებსაც რუსეთთან ურთიერთობა აქვთ, მაგრამ რადგან გარიგება ჩეხ დილერებთან არის მიღწეული, მათი ჩართულობა კონფიდენციალური რჩება.

თუმცა, ასევე აღნიშნა,რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან ამ საკითხზე მოლაპარაკებების დროს მას პრობლემა არ ექნება.

ვინ არის ბაბიში

საინტერესოა ისიც, რომ ბაბიში და ორბანი ერთმანეთის მიმართ მხარდაჭერას ხშირად გამოხატავენ. გამარჯვების შემდეგ კი ბაბიშმა ორბანისგან გულითადი მილოცვაც მიიღო.

ბაბიში ორბანს „მეგობარს" უწოდებს და მის მთავრობას მხარს უჭერს. მათი პოლიტიკური თანამშრომლობა და ურთიერთობები ხშირად განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი ცენტრალურ ევროპაში.

ანდრეი ბაბიში ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პოლიტიკური მოძრაობა „ანო 2011"-ის დამფუძნებელი და ლიდერია.

„ანო 2011" 2012 წელს დაარსდა და თავდაპირველად ანტიკორუფციულ მოძრაობად პოზიციონირებდა, რომელიც მიზნად ისახავდა ჩეხეთის პოლიტიკური სისტემის რეფორმირებას. პარტიის იდეოლოგია ძირითადად ცენტრისტულია, თუმცა ბოლო წლებში უფრო მარჯვნივ გადაიხარა. ბაბიშის პარტიაში გამოხატულია ევროსკეპტიციზმი, თვითონ ბაბიში კრიტიკულად არის განწყობილნი ევროკავშირის მიმართ, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც ეხება სუვერენიტეტსა და ეროვნული ინტერესების დაცვას. გარდა ამისა ბაბიშის რიტორიკა მიგრაციის მიმართ ემთხვევა მემარჯვენეების შეხედულებებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე