ნატალია ჯვარიძე
(06.10.2025)

ჩავარდნილი 4 ოქტომბრის გეგმის შემდეგ, აქციის მონაწილე მცირე ნაწილმა რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტა და ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ „პროტესტი არსად წასულა", თუმცა კონკრეტულ გეგმაზე არაფერს იძახიან. აქციის პერსპექტივასა და მის შედეგებზე ანალიტიკოსების მოსაზრებები განსხვავებულია, თუმცა ყველა თანხმდება, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლების შეცვლაზე საუბარი არარეალისტური იყო.

„ის, რომ ძალაუფლებას 4 ოქტომბერს გადაიბარებდნენ, არარეალისტური აღმოჩნდა, მაგრამ მგონია, აქციები გაგრძელდება",- უთხრა „რეზონანსს" შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, ნიკა ჩიტაძემ.

მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განუცხადა, რომ „პროტესტი არსად წასულა".

„ქართველმა ხალხმა გამოაჩინა გამძლეობა, წინააღმდეგობა. აქ მყოფი სრულიად მშვიდობიანი საზოგადოება, რომელიც გამოდის და თავის სიტყვას ამბობს - „მე არ შევეგუები", ამ ხელისუფლებას, რომელიც არის არალეგიტიმური, გაყალბებული არჩევნებით შედგენილი და შემდგომ, რომელმაც ზურგი აქცია ჩვენ ევროპულ მომავალს... ცდილობენ, რომ უიმედობა გააჩინონ. აქ რომ ზოგჯერ ისმის „ აბა, რა პერსპექტივაა", „რა გეგმებია" - არ შეიძლება, რომ იყოს კონკრეტული გეგმა იმისა, თუ როგორ დამთავრდება დიქტატურული, რუსული რეჟიმი. ჩვენ ერთობლივად ვებრძვით აქაურ დიქტატურულ რეჟიმს და მის ზურგს უკან მდგარ რუსეთს," -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას კოსმეტიკური ცვლილებები აღარ უშველის.

„დრო დადგა, ოპოზიციამ არათუ პოლიტიკა და რაიმე მიმართულება უნდა შეცვალოს, არამედ ბევრი რაღაც არსებითად უნდა შეიცვალოს. რა თქმა უნდა, ოპოზიციას ცალკეული კოსმეტიკური ცვლილებები არ უშველის, რადგან ეს კოსმეტიკური ცვლილებები გასულ წლებში არაერთხელ ვნახეთ, როცა იცვლებოდა სახელები, ფორმები, ფერები. ეს არ შველის, რადგან მოსახლეობა ბევრად მომთხოვნი, მცოდნე და გააზრებულია. მხოლოდ სახელის შეცვლა, ბანერის და პარტიის შეცვლა საკმარისი აღარ არის, ეს აღარ მუშაობს. მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რასაც მოსახლეობას ჰპირდები და რაც გიკეთებია. თუ არსებული სიტუაცია მათი პოლიტიკური დასასრული არ არის, დიდი პრობლემების წინაშე დადგნენ, მათ კოსმეტიკური ცვლილებები აღარ უშველით, თავიანთი დამოკიდებულება და შეხედულებები მკაფიოდ უნდა შეცვალონ, რადგან სხვა შემთხვევაში, 2028 წელი მოვა და იგივე შედეგი დადგება. თუ არა, "ქართული ოცნებისთვის" უფრო გაუმჯობესებული შედეგი",- განაცხადა მახაშვილმა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე პროტესტის გაძლიერებას ვერ ვარაუდობს.

„ჩემი გადასახედიდან, ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულია, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. როცა ასეთი მცირერიცხოვანი ჯგუფები თავს იმის უფლებას აძლევენ, რომ რუსთაველი გადაკეტონ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ლეგიტიმური ხელისუფლება სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს უმსგავსობა, რაც რუსთაველზე ხდება, მხედველობაში მაქვს ის, რომ ხელს უშლიან საზოგადოების გადაადგილებას, უახლოეს მომავალში აღკვეთილი იქნება. ეს არის სახელმწიფო და მაგათ ჭკუაზე ვერ ივლიან. ხელისუფლება გაატარებს იმ ქმედით ზომებს, რომელიც აუცილებელია წესრიგის დასამყარებლად.

„ეს პროტესტი ვერ გაძლიერდება. ამაში ხელს ის უშლის, რომ ესენი არიან ვანდალები, ვინაიდან მათ 4 ოქტომბერს ვანდალიზმის საღამო ჩაატარეს- საკუთარ ქალაქს წვავდნენ. სწორედ იმას აკეთებდნენ, რასაც თავის დროზე ჯალალედინი, აღა მაჰმად ხანი და სხვები შვრებოდნენ. ვსვამ ასეთ კითხვას, რა უნდოდათ პრეზიდენტის სახლში? და რატომ წვავდნენ კერძო საკუთრებას? რუსთაველი არ არის თანამედროვე ჯალალედინების საასპარეზო, ეს არის ქართველი ხალხის და ვერც ერთ შემთხვევაში ქაოსს ვერ ააგორებენ",- უთხრა გვენეტაძემ „რეზონანსს".

ნიკა ჩიტაძე კი პროტესტის გაგრძელებას არ გამორიცხავს.

„ჩემი აზრით, საპროტესტო მუხტის გაძლიერების შანსი არსებობს, რადგან ოპოზიციურად განწყობილმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაინახა, რომ „ქართულ ოცნებას" არ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, ფაქტობრივად საქართველოს ნახევარზე ნაკლები უჭერს მხარს. ამას ადასტურებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები, რომლის მიხედვით, ამომრჩეველთა 41%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. აქედან ხომ ყველამ ხელისუფლებას არ მისცა ხმა?! თან ისიც ვიცით, რომ ადმინისტრაციული რესურსის დახმარებით მიიღეს ხმები. კი, შეიძლება ოპოზიციურად განწყობილ ადამინთა ნაწილს არ ჰქონდეს მოტივაცია, მაგრამ სხვებს ჰქონდეს და ბრძოლა გაგრძელდეს. მითუმეტეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების შემდეგ, ხალხი ქუჩაში მაინც გამოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრძოლა გრძელდება. უბრალოდ, ბუნებრივია, საჭიროა შესაბამისი ტაქტიკა. ის, რომ ძალაუფლებას 4 ოქრომბერს გადაიბარებდნენ არარეალისტური აღმოჩნდა, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს პატივი უნდა ვცეთ, ვინც უკანონოდ ციხეში სხედან", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე