თამთა ჩაჩანიძე
(06.10.2025)

ევროკავშირის ლიდერების განცხადებებს მმართველ პარტიაში უკვე ნაკლებ ყურადღებას უთმობენ, - „ოცნებაში" მარტა კოსისა და კაია კალასის მიმართვა „გაფუჭებულ მაგნიტოფონს" მიამსგავსეს, როცა კასეტა ერთსა და იმავეს იმეორებს. ოპოზიციის ნაწილს კი მიაჩნია, რომ ბოიკოტი იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და ეს განცხადებაში იკითხება.

თუმცაღა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, კახა კალაძის ინფორმაციით, კოსი-კალასის განცხადებაზე „ქართული ოცნებიდან" 7 ოქტომბერს საერთო პასუხი იქნება.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი აცხადებენ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა".

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი, ყველა პოლიტიკური აქტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით. ერთობლივ განცხადებაში მარტა კოსი და კაია კალასი მოუწოდებენ ყველა მხარეს ძალადობისგან თავი შეიკავონ.

განცხადებაში, ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს დეზინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით და ასევე გმობს პირად თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ.

მესამედ არჩეული თბილისის მერისთვის საერთოდ არაა საინტერესო „კალასები და მალასები". კალაძისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია „მისი აღმატებულება ქართველი ხალხი".

„ხვალ გვექნება პასუხი აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით. საერთო მესიჯი გაჟღერდება და დაველოდოთ ამ განცხადებას. ჩემი პოზიცია მარტივია - ვერც კალასი და ვერც კოსი ვერ გიშველით იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ გიჭერთ მხარს. ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. ერთი რამ უნდა გაიგოთ თქვენ - ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არიან რიგითი მოქალაქეები, ვისაც აქ ხედავთ, ქვეყნის მოსახლეობა და არა ვიღაც კალასები, მალასები და ვიღაცები გარედან. გაიგეთ ეს, გაითავისეთ. ამ ქვეყანას მართავს მხოლოდ და მხოლოდ მისი აღმატებულება ქართველი ხალხი, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ იყოს ხელისუფლებაში და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ოპოზიციური სპექტრი როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი", - განაცხადა კახა კალაძემ.

„ოცნების" დეპუტატი ლევან მახაშვილი კი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერებს მარცხის აღიარება უჭირთ და „ფსონები არასწორ ორგანიზაციებსა და არასწორ პარტიებზე დადეს".

„დღეს ვისურვებდი, რომ კომენტარი ევროკავშირის ბოდიშზე გამეკეთებინა. ეს ბრიუსელის მხრიდან პოლიტიკური სიმწიფის ერთადერთი სწორი გამოვლინება იქნებოდა. ამის ნაცვლად, მე მიწევს ამ განცხადებაზე პასუხი, რაც არის ბრიუსელის მხრიდან თავზე ნაცრის წაყრა. თითქოს, ევროკომისიის პრეს-სპიკერი არ იყო, რომელიც სახელმწიფო დამხობის აქციას მხარს უჭერდა. სამწუხაროდ, ბრიუსელის მხრიდან ეს განცხადებები გაფუჭებულ მაგნიტოფონს ჰგავს, როცა კასეტა ჩაიხვევს და მისი ჩართვა რამდენჯერაც არ უნდა სცადო, განსხვავებულ სიტუაციაში, განსხვავებულ კონტექსტში ერთსა და იმავეს იმეორებს. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ თავზე ნაცრის წაყრას და რადიკალურ ოპოზიციაზე თავზე ხელის გადასმას, ქართველ ხალხთან მისასვლელ გზას მით უფრო მეტად დაიგრძელებენ", - განაცხადა მახაშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება „მაინც ვერ გაბედეს".

„რა მარტივად იშიფრება ყველაფერი. აი, რისთვის იყო თურმე არჩევნების ბოიკოტი, რადიკალი ოპოზიციის ლიდერების განზრახ ჩაჯდომა ციხეში, მდიდარი ენჯეობის მიერ არჩვენების დაკვირვებაზე კოლექტიური უარი, და რაც მთავარია რუსთაველზე უწყვეტი პროტესტი. ეს ყველაფერი სწორედ იმიტომ კეთდებოდა, რომ საჩუქრად თუ ჯილდოდ ეს განცხადება მიეღოთ. აბსოლუტურად ყველაფერი დასავლეთის საჩვენებლად კეთდება

და ამის შემდეგ რატომ ჰგონიათ რომ ხალხის ნდობა და მხარდაჭერა ექნებათ?! ვერანაირად ვერ ექნებათ. აგენტურა რომელ ქვეყანაში ყოფილა პატივცემული?!

P.S. ისე, არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება ევროჩინოვნიკებმა მაინც ვერ გაბედეს", - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

როგორც ენმ-ს ლიდერი ანა წითლიძე აცხადებს, ევროკავშირის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ ერთდერთი სწორი გამოსავალი ბოიკოტი და პროტესტი იყო".

„არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობდა, რომ იყო გაყალბებული და რომ 4 ოქტომბერს იყო მხოლოდ რუსული სპეცოპერაცია არჩევნების სახით, რომელსაც არ აკვირდებოდა არცერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ამიტომაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეს გამოხმაურება არის აბსოლუტურად ლოგიკური, 4 ოქტომბრამდე მათ არაერთი განცხადება გაუკეთებიათ, რომ დიქტატორულ პირობებში არ არსებობ არანაირი არჩევნები და ახლაც ეს არჩევნები ყველანაირი დემოკრატიული ნორმის გარეშე ჩატარდა. ეს უნდა იყოს გაკვეთილი, მათ შორის იმ ორი ოპოზიციური პარტიისთვის, რომლებმაც მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რომ შეცდომას უშვებდნენ ამ არჩევნებში შესვლით, რეალურად ამ გაკვეთილისგან ისწავლონ, რომ ის შედეგები, რაც დაუწერა „ოცნებამ" ბევრ რამეზე მეტყველებს ამ პროცესში. რეჟიმის დამარცხების ერთადერთი გზა არის ართანამშრომლობა, ბოიკოტი და წინააღმდეგობა", - განაცხადა ანა წითლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე