4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ - პროკურატურამ პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძესა და პაატა მანჯგალაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, ოპოზიციის ნაწილისთვის ისინი „თავგანწირვის სიმბოლოდ" იქცნენ, ხოლო ნაწილი მათ მიხეილ სააკაშვილის პროექტებად მიიჩნევს. ხელისუფლება აცხადებს, რომ სახელმწიფო შეუვალი იქნება და ყველა, ვინც ქვეყნის წინაშე „დააშავა", შესაბამის პასუხს აგებს.
უფრო კონკრეტულად, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება 317-ე მუხლით არ წარუდგინეს, თუმცა მასაც 9 წლამდე ციხე ელის.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება მხოლოდ 225-ე მუხლი მიუყენეს, მაგრამ მასაც 9 წლამდე ტუსაღობა ელის.
დუმილის უფლება
მოძრაობა „რუსთაველის გამზირის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე დუმილის უფლებით სარგებლობს. აღნიშნულის შესახებ მისმა ადვოკატმა ლევან ყაველაშვილმა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
„უფრო მეტ დეტალს მას შემდეგ გეტყვით, როცა მტკიცებულებები გადმოგვეცემა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ექიმი არ ვარ ზედმიწევნით სწორად შევაფასო მისი მდგომარეობა",- აცხადებს ლევან ყაველაშვილი.
„რუსთაველის გამზირის" წევრი, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძეს ადვოკატიც ამბობს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
„მას ბრალდება ოფიციალურად გააცნეს. ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ მხოლოდ გაეცნო ბრალს, ის ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს. ლაშა ბერიძის პოზიციაა, არანაირი კომენტარი არ გავაკეთო, ვიდრე დეტალურად არ გავერკვევით საქმის ვითარებაში. სასამართლოში მოვა და რასაც საჭიროდ ჩათვლის იტყვის, თუკი, მოუნდება", - განაცხადა ჩინჩალაძემ.
მურთაზ ზოდელავასა და „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, რომ შეუძლებელია არალეგიტიმური ხელისუფლების დამხობა, რაც შეეხება მის ბრალს, ადვოკატის თქმით, ეს ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
„საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს, რომ არჩევნები გაყალბდა და „ქართული ოცნება" გასულია კონსტიტუციური ფარგლებიდან. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში დასაბრუნებლად არის არა სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ თითოეული მოქალაქის ვალდებულება. შესაბამისად, წარდგენილი ბრალდებები იურიდიული შინაარსის მატარებელი არ არის მურთაზ ზოდელავასთვის და პოლიტიკური მანიფესტაციაა," -განაცხადა ბასიალაიამ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი ნადირაძეს ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ კი განაცხადა, საქმეში მოწმე პოლიციელების ჩვენებები და თავად დაკავებულების საჯარო განცხადებებია „მთავარ მტკიცებულებად".
„ჩვენი ვარაუდი გამართლდა, რომ არანაირი განსაკუთრებული სისხლის სამართლის საქმე ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს, მორიგ ჯერზე ხელისუფლების პოლიტიკური მცდელობა გვაქვს აქციის დისკრედიტაციის, მუხტის ჩახშობის."
„თითის გაშვერა მარტივია"
ენმ-ის წევრები აცხადებენ, რომ „თითის გაშვერა" მარტივია, რისკზე წასვლა კი რთული, როგორც პარტიის წევრი ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, დაკავებულები მათთვის პირადი თავგანწირვის მაგალითები არიან.
„ძალიან მარტივია თითის გაშვერა, კრიტიკა, მიმოხილვა, ძალიან რთული გახლავთ წახვიდეთ რისკზე, პირადი თავგანწირვის მაგალითი აჩვენო, როგორიც აჩვენა ოთხი შვილის მამამ, ირაკლი ნადირაძემ, როგორიც აჩვენა ბატონმა პაატა ბურჭულაძემ, ლაშა ბერიძემ, პაატა მანჯგალაძემ. რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლა ამით არ დასრულებულა, ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ იქნება ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში და დასრულდება ივანიშვილის მარცხით. ჩვენ ამ ბრძოლაში იმისთვის ვართ შესული, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ბრძოლა გაგრძელდება," - განაცხადა ფავლენიშვილმა.
განსხვავებულად ფიქრობს „ფედერალისტების" ლიდერი თამარა ჩერგოლეიშვილი, აღნიშნავს, რომ ბურჭულაძე სააკაშვილის პროექტია.
„მიშა სააკაშვილის პროექტად მივიჩნევ ბურჭულაძეს. მას ვერ ექნებოდა ამ მოლოდინის შექმნის ძალა, რომ არა მიშა სააკაშვილი. მართლაც ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი იყო გამოსული, რომელმაც პროტესტი გამოხატა, ნაცვლად იმისა, რეჟიმის ფარსში მიეღო მონაწილეობა. ამიტომ, პრობლემად მივიჩნევ იმას, რომ რეჟიმს შეექმნა საფუძველი, ჩვენი გამარჯვება რაც უნდა ყოფილიყო, ჩვენს მარცხად," - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
„სახელმწიფო იქნება შეუვალი"
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „ადამიანები, რომლებიც ქვეყნის წინაშე აშავებენ, დაკავებული უნდა იქნენ და შესაბამისად, უნდა მოეთხოვოთ პასუხი".
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილის თქმით სახელმიფო იქნება შეუვალი.
„4 ოქტომბრამდე, არჩევნებამდე პირდაპირ, ღიად საუბრობდნენ, ამბობდნენ იმას, თუ როგორ გეგმავენ ხელისუფლების დამხობას. სინამდვილეში ამ ადამიანებმა მოახდინეს თვითდამხობა. საკუთარი მომავალი პრაქტიკულად დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგანაც ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მიმართ სახელმწიფო იქნება შეუვალი და ამის შესახებ ხელისუფლება აფრთხილებდა ყველას. ყველა ის პირი, ვინც ხელი ასწია საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ საზოგადოებაზე სამართალდამცავ ორგანოებზე, შეეცადა ხელისუფლების უკანონოდ, ძალადობრივად ხელში ჩაგდებას, ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს და ხალხის წინაშე პასუხს აგებს", - აღნიშნა მათიკაშვილმა.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი ლევან მახაშვილი კი ამბობს, რომ გემი იძირება და ყველა გარბის, აღნიშნავს, რომ ყველას თავის წილი დანაშაული აქვს.
„ასეა ხოლმე, როდესაც გემი იძირება, მერე ყველა ცდილობს, თავის თავს უშველოს. ახლა გამოდის ისე, რომ თითქოს, მარტო პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები. რა თქმა უნდა, არა. ყველას აქვს თავისი წილი", - განაცხადა მახაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე