დაპირება, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლება 4 ოქტომბერს საღამოს 8 საათზე „დასრულდებოდა", შეცდომა იყო. აქციის ორგანიზატორებს, სავარაუდოდ, დაგეგმილი ჰქონდათ სამთავრობო შენობების ბლოკირება და ელოდნენ, რომ ხალხი მათ აყვებოდა, თუმცა ამან არ იმუშავა. ამის შესახებ „რეზონანსთან" შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე საუბრობს. მისი ვარაუდით, საპროტესტო აქციები გაგრძლედება და ოპოზიცია საკუთარი თავის რეაბილიტაციას ეცდება.
„შეიძლება ითქვას, რომ ყველა მხარე და საბოლოო ჯამში საქართველო დამარცხდა. ხელისუფლება დამარცხდა მიუხედევად იმისა, რომ შეინარჩუნა ძალაუფლება. გახსოვთ, მე ვსაუბრობდი სამ სავარაუდო სცენარზე 4 ოქტომბერთან დაკავშირებით: ერთ-ერთი იყო, როცა ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდოდა, ხელისუფლება დაელოდებოდა და ხალხი დაიშლებოდა. ჯერჯერობით ამ სიტუაციასთან გვაქვს საქმე.
რაც შეეხება ოპოზიციას, რომელიც ცდილობდა, რომ შეცვლილიყო ხელისუფლება, მან ეს ვერ მოახერხა და პოლიტიკური ლიდერები აღმოჩნდნენ ციხეში. ამიტომაც ოპოზიციაც ამ ეტაპზე დამარცხდა. თუმცა მან მოახერხა ერთი რამ - 200 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, იმაზე მეტი, ვიდრე კალაძემ მიიღო არჩევნებში ხმები", - განაცხადა ჩიტაძემ.
მისი შეფასებით, აქციის კრახის მთავარი მიზეზი ორგანიზატორთა არარეალისტური დაპირება იყო, რამაც პროტესტის მონაწილეებში გარკვეული მოლოდინი გააჩინა. თუმცა შემდეგ ამან გაბრაზება და იმედგაცრუება გამოიწვია.
„დაპირებამ, რომ ჩვენ 8 საათზე ვიბარებთ ხელისუფლებას და საქართველო გათავისუფლდება, ბევრს გაუჩინა მოლოდინი. მე ადრეც განვხილე 3 ვარიანტი და ერთ-ერთ ვარიანტად ამასაც განვიხილავდი. ალტერნატივა ოპოზიციამ ვერ წარუდგინა ხალხს - ერთადერთი თქვეს, რომ 8-ზე ვიბარებთ (ხელისუფლებას). აქედან გამომდინარე, ბევრი გაბრაზდა. თუმცა, ემოციები რომ დაცხრება, ბევრი გააცნობიერებს, რომ ბრძოლა ისევ გრძელდება. ოპოზიციის დაპირება შეცდომა იყო.
კითხვაზე, მისი ინფორმაციით, ჰქონდა თუ არა ოპოზიციას მოქმედების კონკრეტული გეგმა და თუ ჰქონდა, რატომ არ იმუშავა, ნიკა ჩიტაძე გვპასუხობს:
„შეიძლება რამდენიმე ვარიანტის განხილვა. მაგალითად ის, რომ გეგმა ჰქონდათ, რომ მოეხდინათ სამთავრობო დაწესებულებების ბლოკირება და ბევრ ხალხს რომ შეკრებდნენ, ხალხიც აყვებოდა. შეიძლება რაღაც არასწორი სტრატეგია და ტაქტიკა ჰქონდათ და ამიტომ არ იმუშავა გეგმამ, რადგან მაინც ხალხთან მუშაობა არის საჭირო.
თუ გეგმა არსებობდა, შესაძლოა იყო არასწორი. როცა აცხადებ, რომ 6 ადამიანი უნდა დავაპატიმროთ, ვინ აპატიმრებს? მაშინ უნდა გქონდეს გეგმა, რომ პოლიცია გადმოდის შენს მხარეს, რომელმაც ეს უნდა აღასრულოს", - განაცხადა ჩიტაძემ.
იგი ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის მხარდამჭერების წინააღმდეგ რეპრესიების დაწყებას პროგნოზირებს და ფიქრობს, რომ ყველაფრის მიუხედავად აქციები გაგრძელდება.
„მემგონი აქციები გაგრძელდება. ოპოზიციამ რეაბილიტაცია უნდა მოახდინოს, ძალები უნდა მოიკრიფოს. ბუნებრივია, შესაძლოა ახალი ძალები გამოჩნდეს ასპარეზზე, მათ შორის ახალგაზრდობა და იყოს მეტი კოორდინაცია.
ველოდები, რომ დაიწყება რეპრესიები. ხელისუფლებას ექნება მცდელობა, რომ სხვა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები დააშინონ, რათა ისინი ქუჩაში არ გამოვიდნენ", - განაცხადა ჩიტაძემ.
რაც შეეხება ადგილობრივი არჩევნების შედეგებს, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ვერ მოიპოვა ბოლომდე ლეგიტიმურობა.
„ხელისუფლების მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მისულიყო. მიუხედავად ხელისუფლების აქტიურობისა, ამომრჩევლის დაახლოებით 41% გამოცხადდა საარჩევნო უბანზე. შეიძლება ვთქვათ, რომ მმართველ პარტიას მხარს უჭერს საქართველოს ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლები. ამიტომაც ბოლომდე ლეგიტიმურობა ხელისუფლებამ ვერ მოიპოვა. კი, ამაყობენ, რომ 64 მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთო, მაგრამ რანაირ გამარჯვებასთან გვაქვს საქმე, როცა ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არჩევნებზე არ გამოცხადდა?", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე