4 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში გარე ჩარევებზე აკეთებს აქცენტს. მისი აზრით, ამ მხრივ საინტერესო ინდიკატორი იქნება, მიულოცავენ თუ არა დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებები „ქართულ ოცნებას" ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებას.
„ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს - ეტიკეტი ხომ ამას ითხოვს. ჯერჯერობით არ ისმის ასეთი მილოცვები, რაც უკვე ნიშნავს, რომ მათი ხელი გუშინდელ არეულობაში იყო და საკუთარ თავს ისინი დამარცხებულად თვლიან", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
მისი აზრით, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს უბრალოდ არ ჰქონდათ კონკრეტული გეგმა, ან თუ ასეთი გეგმა მაინც არსებობდა, ის „უხერხემლო" იყო.
„მეც არ ვარ ჩახედული შიდა სამზარეულოში, თუმცა, რაც ჩანს, 13 წელია იძახიან - როგორ შევცვალოთ ხელისუფლება, გეგმას წარმოვადგენთო. ამ წლების განმავლობაში არაფერი წარუდგენიათ. ამ დროს გეგმა მარტივი რამეა: ადამიანს ოდნავ რომ გაურთულდება საქმე, დღის გეგმას ადგენს. რა გახდა ეს გეგმა? ეს იმას ნიშნავს, რომ არ აქვთ ასეთი გეგმა. ინტელექტუალური პოტენციალი აქვთ დაბალი, ყველამ მაპატიოს, მაგრამ ფაქტი სახეზეა.
„გეგმა უბრალოდ არ არსებობდა, ან არსებობდა და უხერხემლო. ბურჭულაძე იძახდა - „იმდენი ხალხი მოვა და ხელისუფლებაც წავაო". არ ხდება ასე. პოლიტიკური წარმოდგენები ადეკვატური არ ჰქონდათ", - განაცხადა საყვარელიძემ.
მისი შეფასებით, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მურთა ზოდელავას მიერ დაკავების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას „დონორის" ხსენება იმაზე მიანიშნებს, რომ აქცია დაფინანსებული იყო, სავარაუდოდ უცხოეთიდან.
„დონორები ვინ შეიძლება იყოს? უცხოეთი, ხომ? უკვე ზოდელასთვის იმ მომენტში უკვე ცხადი იყო, საით მიდიოდა პროცესი. იქამდე ბურჭულაძესთან მხნედ მიაბიჯებდა, მაგ მომენტში კი უკვე იგრძნო მარცხი. როგორც ჩანს, სცენარიც კი, თუ როგორ მოიქცეოდნენ, გაწერილი იყო პირდაპირ უცხოეთიდან. სიტყვა „დონორი", რადგან ახსენა, ნიშნავს ვიღაცას, ვინც აფინანსებდა. სავარაუდოდ, უცხოეთი იქნებოდა", - განაცხადა საყვარელძემ „რეზონანსთან".
მისი აზრით, შაბათის აქციის ჩავარდნა საპროტესტო გამოსვლების დასრულებას არ ნიშნავს.
„ვვარაუდობ, რომ ხელისუფლება რუსთაველის ღამის პროცესებს ჩააქრობს. მიუხედავად ამისა, მეეჭვება, რომ პროტესტები შეწყდეს, რადგან, როგორც ვთქვი, უცხოეთის საელჩოები ჩუმად არიან და ისინი გააგრძელებენ ძალისხმევას, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. არ მგონია, რომ ეს ძალისხმევა უფრო ჭკვიანური იყოს, ვიდრე წინა", - განაცხადა საყვარელიძემ.
ანალიტიკოსის შეფასებით, 4 ოქტომბრის აქციის კრახი მისი ორგანიზატორი პოლიტიკური ძალების მარგინალიზაციას ნიშნავს. ახლა კი, სავარაუდოდ, წინა პლანზე გამოვლენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ აქციაში არ მონაწილეობდნენ.
„დიდი პროცენტით გუშინდელი ჩავრდნა ოპოზიციის მარგინალიზებას ნიშნავს. თუმცა, ახლა უფრო აქტიურები გახდებიან ოპოზიციის ის ნაწილები, რომლებიც გუშინდელ პროცესებში არ იყვნენ აქტიურები. თუ არ ვცდები, დღესაც არის ჩანიშნული აქცია ქალბატონი ჩერგოლეიშვილის ინიციატივით, რომელიც გუშინდელ აქციის მიმართ კრიტიკული იყო."
ადგილობრივი არჩევნების შედეგების შეფასებისას, საყვარელიძე ამბობს, რომ საზოგადოება უპრეცედენტოდ მობილიზდა, რათა „ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში არ დაბრუნებულიყო.
„გავაცნობიეროთ, რა მოხდა - „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერმა ბურჭულაძემ, ასევე ზოდელავამ, გამოაცხადეს დამხობის მიზანი. ეს დაახლოებით იქნებოდა „ნაცმოძრაობის" დაბრუნება ხელისუფლებაში. ამ დაპირებამ, რომ დავამხოთ ხელისუფლება და მერე მოვიდეს „ნაცმოძრაობა", ფაქტობრივად აღადგინა 2012 წლის სულისკვეთება და მოსახლეობაში შექმნა სწრაფვა იმისკენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება ხელისუფლებაში დაუშვებელია. ამ სულისკვეთებამ ითამაშა დიდი როლი, რომ საზოგადოება უპრეცედენტოდ მობილიზებული აღმოჩენილიყო და „ნაცმოძრაობა" პოლიტიკური არეალიდან განედევნა."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე