მარიამ ვეკუა
(05.10.2025)

4 ოქტომბერს მოვლენები ხელისუფლების ყველაზე სასურველი სცენარით განვითარდა, საპროტესტო აქციის ორგანიზატორები კი „გულუბრყვილობისა და სიბრიყვეს ზღვარზე" მოქმედებდნენ. ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა, რომელის აზრითაც, 4 ოქტომბრის კრახის შემდეგ ოპოზიციის საპროტესტო აქციები შეწყდება, თუმცა, საპროტესტო მუხტი არსად გაქრება და „ქუჩიდან სამზარეულოებში გადავა".

„ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ყველაფერი ეს იყო ხელისუფლების სცენარი. ყოველ შემთხვევაში, ამ სცენარით მიმდინარეობდა და თუ ვინმე დარჩა მოგებული - ეს იქნება 4 ოქტომბრის აქცია თუ არჩევნები - ეს არის ხელისუფლება და არავინ სხვა", - განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე რამ მიიყვანა 4 ოქტომბრის აქცია კრახამდე და რატომ იგრძნობოდა შეუთანხმებლობა ორგანიზატორებში, ძაბირაძე გვპასუხობს:

„ჯერ ერთი ის, რომ ფაქტობრივად არაპროფესიონალებმა დაგეგმეს და განახორციელეს - თუ აქციაზე და ბოიკოტზე ვილაპარაკებთ. მეორე - ძალიან გულუბრყვილო იყო, რბილად რომ ვთქვათ. იყო დეკლარაციის ტექსტი, რაც წაიკითხეს. შემდეგ იყო მოწოდება ძალოვანი სტრუქტურის მიმართ, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომ დაეპატიმრებინათ „ქართული ოცნების" ლიდერები - ეს იყო გულუბრყვილობისა და სიბრიყვეს ზღვარზე. იყო ან უკიდეგანო გულუბრყვილობა, ან პოლიტიკური სიბრიყვე, შესაძლოა ორივე ერთად. მაგრამ რეალობასთან ამას რომ კავშირი არ ჰქონდა, ეს ცხადია. არ მგონია იმ აქციაზე ერთი ადამიანი მაინც ყოფილიყო, ვინც ამ მოწოდებას იმხელა აქციაზე სერიოზულად მიიღებდა. თუ საორგანიზაციო კომიტეტი იყო, რომელიც რაღაცას თვლიდა, ალაგებდა და ა.შ., იმედია, მანდ ყველამ იცოდა დეკლარაციის ტექსტის შინაარსი."

ძაბირაძე აღნიშნავს, რომ პროტესტმა ქუჩიდან სამზარეულოებში გადაინაცვლა და „ტაიმერი ჩაირთო".

„აქცია თავიდანვე განწირული იყო და ასეც მოხდა. მუდმივად ვსაუბრობდი - არ მოხდეს ისე, რომ 2003-ის პროცესები განვითარდეს. მიუხედავად ამისა, მაინც ამ 2003 წლის სცენარის განმეორება მოუხდათ, თუმცა ძალიან ცუდად. შედეგი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მოხდა ისე, რომ ეს შედეგი საბოლოოდ დასრულებული არაა - პროტესტის მუხტი ქუჩიდან სამზარეულოებში გადავიდა. პროტესტი კი არ გაქრა, გადავიდა, როგორც ეს მოხდა 2011 წელს. ტაიმერი ჩაირთო. როდის აფეთქდება ეს დაგროვილი ბრაზი და მუხტი, არავინ იცის. შეიძლება მოხდეს ამის ერთიანად ამოფრქვევა, რაც იქნება ქვეყნისთვის დამანგრეველი. ეს უფრო მაწუხებს, ვიდრე ის, რომ პროტესტი ქუჩიდან სახლში გადავიდა", - განაცხადა ძაბირაძემ.

მისი შეფასებით, როგორც ჩანს, ორგანიზატორებს არც ჰქონდათ მოქმედების კონკრეტულუ გეგმა, აქციის მონაწილეები კი არ იყვნენ მზად რადიკალური ქმედებებისათვის:

„როგორც ჩანს, გეგმა არ არსებობდა და ამის მზაობაც არ იყო. მზაობა ხალხში და საზოგადოებაში რომ არ იყო, ეს ბევრჯერ გვითქვამს. შეიძლება არიან აქტივისტები, რომლებიც წავლენ ციხეში, თუმცა არა იმ რაოდენობით, რომ ამან საზოგადოებაში გადამდები როლი მიიღოს. 15-20 ათასამდე ადამიანი უნდა იყოს მზად, რომ ციხეში წავიდეს, იბრძოლოს, ასეთი რაოდენობის ხალხი კი ჯერ არჩანს და არც საზოგადოებაში არ არის იმის მოლოდინი, რომ რევოლუცია იყოს.. ფაქტობრივად აქციაზე არაფერი იყო ორგანიზებული".

ძაბირაძემ „რეზონანსთან" აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მურთაზ ზოდელავას განცხადებაზეც ისაუბრა, რომელმაც დაკავების წინ ჟურნალისტებთან ასეთი რა თქვა: „სერიოზულ ორგანიზებას ვერ მოახდენთ, იმიტომ, რომ დონორი თქვენთან თუ მოვიდა, ეს ნიშნავს, რომ უნდა გაყიდოთ სამშობლო ან პრინციპები. სხვანაირად არავინ რესურსს არ ჩადებს, რომ უკეთ ორგანიზდეთ".

ძაბირაძე ფიქრობს, რომ პოტენციურ „დონორში" ზოდელავა კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებს გულისხმობდა:

„მე ვუსმინე ზოდელევას კომენტარს. ძალიან გამიჭირდება პერსონალურად ვინმეს დასახელება, თუ ვის გულისხმობდა ის. თუმცა, თუ ზოდელევას ახლო წრეზე ვიფიქრებთ, ასეთი მგონია კეზერაშვილია. შესაძლოა არსებობენ სხვებიც, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ის ადამიანი, (ვისაც ზოდელევა გულისხმობდა), სწორედ კეზერაშვილი იყო".

ძაბირაძე ასევე პროგნოზირებს, რომ საპროტესტო აქციები დედაქალაქში შეწყდება:

„ხელისუფლება აღარ დაუშვებს, რომ რუსთაველი გადაიკეტოს. მითუმეტეს, ჩვენ ყველა ვხედავდით, რომ რუსთაველზე იმ რაოდენობის ხალხი არ იკრიბებოდა, როცა იძულებულები იყვნენ რომ ქუჩა გადაეკეტათ. ახლა ამას არ დაუშვებენ.

„ოცნება" არ ვიცი რამდენად წავა რეპრესიებზე, თუმცა უკვე დააანონსეს კიდეც. რა თქმა უნდა, ვიღაცებს კიდევ დააპატიმრებენ და სასამართლო პროცესები იქნება. რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა პროტესტი, ვფიქრობ, ცოტა ხანს არაფერიც არ იქნება, რადგან ძალიან დიდი იმედგაცრუება მიიღო ხალხმა".

ანალიტიკოსმა ადგილობრივი არჩევნების შედეგებიც შეაფასა. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან არჩევნების ბოიკოტირება მცდარი გადაწყვეტილება იყო და ეს 4 ოქტომბრის აქციამაც აჩვენა.

„არჩევნების შედეგები ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ბუნებრივად, იყო დასმული თემა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი, არა მარტო არ მონაწილეობდა, არამედ აგრესიული ბოიკოტის მომხრე იყო. მთელი ამ დროის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას ნიშნავს. ასეთ ვითარებაში, ხელისუფლება რომ მოიგებდა ამ არჩევნებს, ნათელი და ბუნებრივი იყო. ასეც მოხდა, „ოცნებამ" ყველგან გაიმარჯვა და მიიღო 80%. ასე რომ იმ პარტიების გადაწყვეტილება, რომლებიც არ მონაწილეობდნენ, იყო მცდარი და ეს გუშინდელმა აქციამაც გვაჩვენა", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე