რეზონანსი
(05.10.2025)

დარწმუნებული ვიყავი, გუშინ ბევრი ხალხი იქნებოდა, თუმცა ალბათ არასაკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლებას უკან დაეხია და გადაწყვეტილება მიეღო, გაეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

„არავისგან არავისზე თითის გაშვერის დრო არ არის და ვერც ერთი და ვერც ათი ადამიანი ჩვენს ბედს ვერ გადაწყვეტს. ჩვენ თუ გვინდა, რომ ერთმა ადამიანმა, ან ათმა, ან ხუთმა ადამიანმა გადაწყვიტოს ჩვენი ბედი, ჩვენ გვაქვს ეს გარემოება უკვე ქვეყანაში. ამიტომ ის, რომ გუშინ ბევრი ხალხი იყო იქ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ბევრი ხალხი იქნებოდა, თუმცა ალბათ არასაკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლებას ეს მიეღო იმად, უკან დაეხია და გადაწყვეტილება მიეღო, გაეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები და გაეტარებინა ყველა ის პროცესი, რომელსაც ითხოვდა ხალხი. სოლიდარობა, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურ პატიმარს. მთავარი არის ერთი რამე, რომ ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვკარგავთ ძალიან ძვირფას დროს, ჩვენს სახელმწიფოს ამაზე მეტი, ამაზე უარესი გაუვლია, მაგრამ ახლა ვკარგავთ დროს. კარგავენ ის ადამიანები, ვინც დღეს პატიმრობაშია და ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს შეუძლია საკუთარი ბედი გადაწყვიტოს თვითონ.

მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა, ჩემი მოტივი იქ ყოფნისა იყო ის, რაც იყო 13 წლის განმავლობაში, ვმდგარიყავი იმ აქციებზე, რომელი აქციებიც აპროტესტებდა იმ მმართველობას, რომელიც მმართველობაც დღეს ქვეყანას აქვს. მე ვიდექი ჩემს შვილებთან, ჩემს მეგობრებთან ერთად, ჩემი მეგობრის შვილებთან ერთად და ჩვენი მთავარი იარაღი გუშინ სწორედაც იყო საქართველოს დროშა. 

ვიცავდით საქართველოს დროშას, მაგრამ დღეს ჩვენ სამწუხაროდ გვაქვს ის გარემოება და გვაქვს ის ნიშნები ,რომ ე.წ ხელისუფლებას უნდა, გააუქმოს ქართული დროშაც, ქართული გერბიც და ის ყველაფერი, რაც დღეს პატრიოტ ადამიანს დასაცავი აქვს. არ ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერი დასრულდა. სამწუხაროა ის რაც მოხდა, ადამიანები დღეს პატიმრობაში არიან და თითოეული ქართველის პოზიცია უნდა იყოს, რომ პატრიოტული სული მშვიდობიანად დაიცვას საკუთარი ქვეყანა“,- განაცხადა ბოტკოველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე