თამთა ჩაჩანიძე
(05.10.2025)

4 ოქტომბერს დაანონსებული „მშვიდობიანი დამხობა" არ შედგა, თუმცა აქციის ორგანიზატორები ხალხს პროტესტი გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. კულმინაციური მომენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკავების მცდელობა იყო, როდესაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა ათონელზე გადაინაცვლა და რეზიდენციის ეზოში შეიჭრა. არეულობის შედეგად დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი. განადგურებულია ათონელსა და მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული ღია კაფეების ავეჯი, რომლებიც აქციის ორაგიზატორებმა ბარიკადების ასაგებად გამოიყენეს და მოგვიანებით დაწვეს. პოლიციამ კი „4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტი" სრული შემადგენლობით დააპატიმრა.

ასეთი დასასრულის შემდეგ ოპოზიციის მხარდამჭერებში დიდი იმედგაცრუება და დაბნეულობაა. აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ორგანიზატორების მოქმედებებით უკიდურესად უკმაყოფილოა. მათი შეფასებით, აქცია არ იყო სწორად ორგანიზებული და არ არსებობდა მოქმედების მკაფიო გეგმა. ზოგადად კი აქციის არაორგანიზებულობა და შეუთანხმებლობა იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ ზოგ შემთხვევაში შეკრებილთა თვალწინ, უშალოდ აქციის წამყვანებს შორისაც კი იყო დაპირისპირება.

შსს აცხადებს, რომ თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება ოთხი მუხლით დაიწყეს. უწყების მონაცემებით დაშავებულია სამინისტროს 14 თანამშრომელი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

გარდა ამისა, ექიმებმა კიდევ 30-მდე პირს აქციის მიმდინარეობისას ადგილზევე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.

გვიან ღამით საავადმყოფოში გადაიყვანეს აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი პაატა ბურჭულაძე. ოფიციალური ინფორმაციით, მას მაღალი წნევა და გულთან დაკავშირებული ჩივილები ჰქონდა. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ათონელის რეზიდენციასთან პოლიციასთან დაპირისპირების დროს ბურჭლაძეს სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს.

მოგვიანებით პოლიციამ აქციის ორგანიზატორები დააკავა, მათ შორის საავადმყოფოში მყოფი პაატა ბურჭლაძეც.

მოვლენების ქრონოლოგია

აქცია 4 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა, დაგვიანებით დაიწყო. ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ხალხი რეგიონებიდან მოდიოდნენ და გზაში დაბრკოლება შეექმნათ და მათ გარეშე ე.წ. ეროვნულ კრებას ვერ დაიწყებდნენ.

თბილისის საკრებულოს წინ გამართული სცენიდან ბურჭულაძემ აქციაზე ეროვნული კრების დეკლარაცია წაიკითხა და განაცხადა, რომ ამ დეკლარაციით „ხელისუფლების ძალაუფლება შეწყვეტილია და ის ეკუთვნის ხალხს".

მისი თქმით, ხალხმა უნდა მოითხოვოს „ოცნების" 6 წევრის დატყვევება და მიყვანა საპყრობილეში, რომლებიც დაასახელა: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ანზორ ჩუბინიძე, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი და ბიძინა ივანიშვილი.

ამის შემდეგ აქციის სხვა ორგანიზატორების სიტყვებიც მოვისმინეთ. ირაკლი ნადირაძემ „ოცნებას" ულტიმატუმიც წაუყენა, რომ „ხვალიდან ყველა პატიმარი თავისუფალი უნდა იყოს".

მურთაზ ზოდელავამ კი განაცხადა, რომ „დღეს მამაკაცური ძალა დაიწყებს მოქმედებას - მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს, ეს იქნება პირველი ნაბიჯი".

სიტუაცია სწორედ მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციის მონაწილეებმა ათონელის რეზიდენციის ღობე შეანგრიეს. შენობიდან სპეცდანიშნულების რაზმი გამოვიდა და მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და გაზის კაფსულები გამოიყენეს. პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კი დაცვამ, სავარაუდოდ, შენობის უკანა კარიდან გაიყვანა.

ათონელის ქუჩაზე მალევე შესაბამისი აღჭურვილობით დამატებითი დანაყოფები ავტობუსით მიიყვანეს, ადგილზე წყლის ჭავლის მანქანაც გამოჩნდა. პარალელურად, პროტესტანტებსა და საპოლიციო ძალებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

დაძაბულობა იყო თავისუფლების მოედანზეც. ლეონიძის ქუჩის ასასვლელი საპოლიციო ძალები მას შემდეგ ჩაკეტეს, რაც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს რომ „ქართული ოცნების" ორთაჭალის ოფისის მიმართულებით გადაინაცვლებდნენ. მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუშვეს.

წყლის ჭავლის მანქანა და სპეცდანიშნულების რაზმი ინგოროყვას ქუჩაზეც გამოჩნდნენ. აქ შსს-მ მობილიზაცია მას შემდეგ გააქტიურა, რაც თავისუფლების მოედანზე დარჩენილ პროტესტანტებს მურთაზ ზოდელავამ პარლამენტისკენ გადანაცვლებისკენ მოუწოდა.

ვითარების პარალელურად, აქციის ორგანიზატორების გეგმას გაემიჯნენ მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და „ლელო", რომლებმაც მანამდე მხარდაჭერა გამოუცხადეს შეკრებილებს, ისინი აცხადებენ, რომ პროტესტმა ძალადობრივი ფორმები მიიღო, რაც მათთვის მიუღებელია.

კრიტიკული განცხადებები და ბურჭულაძის პასუხი

სალომე ზურაბიშვილმა ათონელთან მომხდარს საპრეზიდენტო სასახლის აღების „პაროდია" უწოდა, რომელიც, მისი თქმით, „რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული".

„საპრეზიდენტო სასახლის აღების ეს პაროდია მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული ქართველი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის 310 დღის დისკრედიტაციისთვის. როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი, ფორმალურად უარვყოფ ამას და ვაგრძელებ ჩემს ხალხთან მშვიდობიანად დგომას მანამდე, სანამ ახალ არჩევნებს არ მოვიგებთ", - აცხადებს ზურაბიშვილი.

„ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს, თუმცა, პროცესის ესკალაციაზე სრულ პასუხისმგებლობას ივანიშვილს და „ოცნებას" ეკისრება.

„ვგმობთ დღევანდელი პროცესის ორგანიზატორების ყველა მცდელობას, რომლებიც საერთო სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას ახდენენ! ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია - საზოგადოება გახლეჩილი. ერთადერთი სწორი გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნაა!", - განაცხადა ხაზარაძემ.

პაატა ბურჭულაძემ ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ ექსპრეზიდენტი ამ პროცესს მართლა უნდა გამიჯვნოდა.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, თუ ქალბატონი სალომე გაემიჯნა ამას, რადგან მართლა უნდა გამიჯვნოდა. იფიქროს, იფიქროს, იფიქროს. ქართველ ხალხს უნდა თავისუფლება და არა ის, რასაც ფიქრობს ზურაბიშვილი", - განაცხადა ბურჭულაძემ.

საკრებულოს შენობის ნაცვლად პრეზიდენტის სასახლე

კვირას დილით პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ პირველი ინფორმაცია საკრებულოს შენობაზე თავდასხმის შესახებ, რომელიც, კობახიძის თქმით, ორგანიზატორებმა მოგვიანებით პრეზიდენტის სასახლით ჩაანაცვლეს.

ჩვენ გვქონდა დამუშავებული ყველა სცენარი, ყველა შესაბამის შენობასთან მიმართებით. ეს იყო პარლამენტის შენობა, მთავრობის ადმინისტრაცია, თბილისის საკრებულო. თბილისი საკრებულო განიხილებოდა თავიდან მათი მხრიდან შეტევის მთავარ ობიექტად, თუმცა შემდეგ შეცვალეს სცენარი. ამასთან დაკავშირებითაც მივიღეთ დროულად ინფორმაცია და მივიღეთ შესაბამისი ზომები.

აქედან გამომდინარე, როდესაც გადავიდნენ ისინი დამხობის მცდელობაზე, როდესაც სცადეს შეჭრა პრეზიდენტის რეზიდენციაში, იქ აღმოჩნდა სიურპრიზი.

ჩვენ გვქონდა მიღებული ზოგადად ასეთი ტაქტიკური გადაწყვეტილება - სანამ არ გადავიდოდნენ ძალადობაზე, არ ვგეგმავდით ჩარევას და ეს იყო მარტივი ტაქტიკური გადაწყვეტილება. ვიდრე მშვიდობიანი იყო აქცია, მივუშვით პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიამდე ეს ადამიანები. თუმცა, როგორც კი გადავიდნენ ძალადობაზე და გადაანგრიეს დამცავი ღობე, მაშინვე გაჩნდა სპეცრაზმი. ანუ ყველაფერი იყო ძალიან სწორედ დაგეგმილი", - განაცხადა კობახიძემ.

ლიდერების დაკავება

შაბათს გვიან ღამით პოლიციამ აქციის ორგანიზატორების მიერ შექმნილი „4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის" წევრები დააკავა. დაპატიმრებული არიან „რუსთაველის გამზირის" ლიდერები - პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, მათ „ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა".

ეს დანაშაულები 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა, რომელიც განსაკუთრებული აქტოვობით გამოირჩეოდა, პარლამენტის შენობასთან აიყვანეს. უშუალოდ დაკავების წინ ის ჟურნალისტებს ესაუბრებოდა.

„შეიძლება ნაკლებად კრეატიულები ვიყავით, შეიძლება ნაკლებად ორგანიზებულები, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, რომ დიქტატურაში პროცესების დონორს ვერ იპოვით. თუ თქვენთან დონორი მოვიდა, იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გაყიდოთ სამშობლო, სხვანაირად რესურსს არავინ დადებს, რომ უკეთ ორგანიზდეთ. ეს არის რჩევები მათთვის, ვინც გააგრძელებს ბრძოლას. ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ეძებეთ თქვენნაირი გულანთებული ხალხი, ენდეთ მათ, ვის მიმართაც შინაგანი გრძნობა გაქვთ, რომ უნდა ენდოთ, არ დანებდეთ, იბრძოლეთ!

ჩემს პასუხისმგებლობას არავის გადავაკისრებ, ჩემი პირადი ჯანყი იყო, არ ვნანობ", - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ დაკავებამდე რამდენიმე წამით ადრე.

გარდა ამისა, გვიან ღამით ასევე დააკავეს სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდ-ის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რუსლან შამახია. შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე