წინასწარი მონაცემებით, მესამე ვადით თბილისის მერი ხდება კახა კალაძე. შაბათის ღამის მონაცემებით, „ოცნებამ“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმების 80%-ზე მეტი აიღო. ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების აბსოლუტურ უმრავლესობაში მმართველი პარტიის კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ, თან ისე, რომ მეორეს ტურის დანიშვნის საჭიროება არსად არ არის. მეორე ადგილზე „ლელო - ძლიერი საქართველო“ გავიდა, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით 6.72% აიღო და თბილისში 9.94%. მესამეზე კი „გირჩი“ გავიდა. ამომრჩეველთ აქტივობამ 40.95% შეადგინა.
დედაქალაქში მერობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
კახა კალაძე („ქართული ოცნება“) - 71,61% (215 083 ხმა);
ირაკლი კუპრაძე („ლელო“) - 12,27% (36 963 ხმა);
იაგო ხვიჩია („გირჩი“) - 7,64% (22 935 ხმა);
ზურაბ მახარაძე („კონსერვატორები საქართველოსთვის“) - 4,10% (12 311 ხმა);
კახა კუკავა („თავისუფალი საქართველო“) - 1.47% (4 401 ხმა).
დანარჩენი კანდიდატების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია.
ოდნავ განსხვავებულია თბილისში საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე პარტიების მიერ მიღებული ხმების განაწილება:
„ქართული ოცნება“ - 70.5%;
„ლელო - ძლიერი საქართველო“ – 9.94%;
„გირჩი“ - 7.70%;
„კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 4.31%;
„გახარია საქართველოსთვის“ - 3.20%.
დანარჩენმა პარტიებმა დაახლოებით 1%, ან ამაზე ნაკლები მიიღეს. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, მმართველი პარტიის გარდა, თბილისის საკრებულოში ადგილები მიიღეს მხოლოდ „ლელომ“ და „გირჩმა“, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს.
ზოგადად ქვეყნის მასშტაბით კი არჩევნებში მონაწილე პარტიებს შორის ხმების განაწილება ასეთია:
„ქართული ოცნება“ - 81.69% (1 104 545 ხმა);
„ლელო - ძლიერი საქართველო“ - 6.72% (90 790 ხმა);
„გახარია საქართველოსთვის“ - 3,68% (49 615 ხმა);
„გირჩი“ 2.96% (40 037 ხმა);
„კონსერვატორები საქართველოსთვის“ 2,61% (35 312 ხმა);
„გორბის“ ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, სადაც „ოცნება“ იმარჯვებდა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, ოპოზიციამ არჩევნები კატასტროფულად წააგო და პროცესების გადატანას კვლავ ქუჩაში ცდილობს.
„დღეს გარწმუნებთ, ვისაც სამშობლოს სიყვარული შერჩა მსოფლიოში, საქართველოსი ყველაზე დიდი შური აქვთ. ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას. ასე უნდა იყოს, მხოლოდ თქვენზე გადის გზა, მხოლოდ საზოგადოებაზე. აკეთებენ იმას, რომ როგორმე გაგვასულელონ, როგორმე გაგვაგიჟონ, როგორმე გამოვიდეთ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება ვეღარ შევინარჩუნოთ და უკან უკვე დგანან და დღესაც თუ ადევნებთ თვალს, მცდელობა აქვთ. მათ არჩევნები კატასტროფულად წააგეს და მცდელობა აქვთ ქუჩიდან რამე გააკეთონ. მაგრამ, საბედნიეროდ, აქაც ისევ ქართველი ხალხის სიბრძნეა და ნახეთ, რამდენი არიან. როგორ შეიძლება პარტიას 80% მხარს უჭერდეს და 10 ათასმა კაცმა გადატრიალება მოახდინოს? წარმოუდგენელია“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა.
„საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო დღე წარმატებით დაასრულა. ახლა უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, ფართო მასშტაბით პირველად იქნა გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული აპარატები და არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპიც შედგა.
მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ადმინისტრირების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პროცესია, არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ის ფაქტი, რომ პროცესი ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე წარიმართა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დაგეგმვასა და ორგანიზებას მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე