ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით" საქართველოს მოქალაქე შალვა ხიზანიშვილი დააკავეს. მათი მტკიცებით, ხიზანიშვილი ოკუპირებულ რეგიონში ერთ-ერთი ბლოკპოსტის ვიდეოგადაღებას ახორციელებდა. „უშიშროება" ირწმუნება, რომ აღნიშნულმა პირმა „დაადასტურა თავისი კავშირები საქართველოს სპეცსამსახურებთან".
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, რომ ხიზანიშვილს ათქმევინეს, ის, რაც ოკუპირებული რეგიონის უშიშროებას უნდოდა და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას კავშირები აქვს ქართულ სპეცსამსახურებთან, სიმართლეს არ შეესაბამება.
ექსპერტი ამბობს, რომ „სერიზული დაზვერვა ასე არ მუშაობს".
„აფსნიპრესი" წერს, რომ „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ შაშიკუარაში საქართველოს მოქალაქე შალვა (დავითის ძე) ხიზანიშვილი დააკავეს".
ამავე წყაროს ცნობით, ხიზანიშვილის სახლის ჩხრეკვისას აღმოჩენილია „სამი თოფი თავისი ვაზნებით, ზურგჩანთა საკვები პროდუქტებით, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნაღდი ფული და საქართველოს ბანკების პლასტიკური ბარათები". გარდა ამისა, დაკავებულის სახლის ეზოში ძაღლის სადგომში ნაპოვნია ასაფეთქებელი მოწყობილობა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკითხვის დროს ხიზანიშვილმა დაადასტურა მისი კონტაქტები საქართველოს დაზვერვის სამსახურებთან.
„ხიზანიშვილი აფხაზეთში რუსეთის ფსბ-ს ერთ-ერთ სასაზღვრო პოსტს იღებდა, რისთვისაც მან ფულადი ანაზღაურება მიიღო... მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა", - წერს „აფსნიპრესი".
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სერიოზული დაზვერვა ისე არ მუშაობს, რომ ბლოკპოსტები საჯაროდ იქნას გადაღებული.
„ხიზანიშვილს აფხაზეთში რა უნდოდა? რისი ცოდნაც საჭიროა, იმის თაობაზე (ქართული მხრიდან) ისედაც ყველაფერი ცნობილია. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანს ათქმევინეს ის, რაც უნდოდათ. იმიტომ, რომ ასე არ ხდება და მით უმეტეს ბლოკპოსტების საჯაროდ გადაღება არ ხდება - სერიოზული დაზვერვა ასე არ მუშაობს.
„თუ ჩავთვლით, რომ ჩვენ არ გვყავს სპეცსამსახურები და პროფესიონალიზმი არ აქვთ, მაშინ კი, ბატონო, შეიძლება ეს ინფორმაცია დავიჯეროთ, მაგრამ ეს ასე არაა. რაც შეეხება საჯარო გადაღებას, არ მჯერა რომ ეს ასე იყო და დარწმუნებული, ვარ ხიზანიშვილს ათქმევინეს ის, რაც მათ სჭირდებოდათ", - განაცხადა არეშიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე